მარჯანიშვილის თეატრი
ლელა ოჩიაური
„დაელოდე სიბნელეს“. ანუკი ხიდეშელი
ანუკი ხიდეშელის „დაელოდე სიბნელეს“ (ფრედერიკ ნოტის კინოსცენარის მიხედვით) ფსიქოლოგიური, კრიმინალური, მეტაფორების სისტემაზე აწყობილი დრამა - ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაძაბულობის გარემოში მიმდინარეობს. რეჟისორის შექმნილ, პირობით, ჩაკეტილ სამყაროში რომელსაც თავისი განზომილებები, წესები და მოხაზულობა აქვს. როგორც „ჰორორის“ ჟანრის კანონი მოითხოვს, შიშის გამომწვევი მისტიკური, იდუმალი მოვლენები ეპიზოდიდან ეპიზოდში მატულობს, ატმოსფერო უფრო და უფრო იმუხტება. ცნობიერი, ქვეცნობიერი, ეჭვი, რეალობა, წარმოსახვა ერთმანეთშია შერეული და ზღვარი რთულად იშიფრება. მოვლენები ზუსტ ფსიქოლოგიურ გათვლებზეა აგებული და აქტიური გამოსხივების ძალა აქვთ.
ესაა სპექტაკლი ძალადობის პირისპირ მარტო დარჩენილი დაუცველი და უმწეო ადამიანის ბედის, ცხოვრებისა და იმ შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ, რომლებიც საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო.
„ტერორი“. თემო კუპრავა
თემო კუპრავას „ტერორი“ - ფერდინანდ ფონ შირახის პიესაზე - შემოქმედებით/სოციალური პროექტია, „სასამართლო დრამა“, პიროვნულ არჩევანზე, რომელიც საზოგადოების - ჩართულობასაც გულისხმობს.
მოქმედება დრამატურგიული და სასამართლო პროცესის მსვლელობის „სიუჟეტის“ მიხედვით - ფორმით, მოტივაციითა და წესრიგით ვითარდება. მხოლოდ საქმეა უჩვეულო, არატიპური და ამდენად, რთული წარსამართადაც და გადაწყვეტილების მისაღებადაც. სწორედ ამიტომ, ვერდიქტი ნაფიც მსაჯულებად „დანიშნულმა“ მაყურებელმა უნდა გამოიტანოს, საკუთარი მორალის, გულისა და გონების კარნახით. და უპასუხოს მთავარ კითხვას - ვის აქვს „უფლება“, კრიზისულ და გამოუვალ მდგომარეობაში, საკუთარ თავზე აიღოს ადამიანების ბედი - გაწიროს, რომ გადაარჩინოს.
მაკა (მარინე) ვასაძე
იატაკქვეშეთის ადამიანი (თეატრი სახელოსნო 42)
დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
ციფრული ხელოვნების ავტორი - ლევან გელიაშვილი ერედელი
მონაწილეობენ:
ნიკა კუჭავა, ნინა ლორთქიფანიძე
პრეეგზისტენციალისტი ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედების სცენური ადაპტაციებით, საშუალო თაობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი - ლევან წულაძე, XXI საუკუნეში ინტენსიურად დაინტერესდა და რამდენიმე დადგმა განახორციელა კიდეც. ვფიქრობ, პოლიტიკურ/სოციალური რყევებით, ომებით აღსავსე, ადამიანის რაობისა თუ არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დამყენებელ საუკუნეში, გასაკვირი არ არის. ეს საუკუნე, ალბათ, ყველაზე დაუნდობელი, უსულგულო, პრაგმატული, უვიცობის, პატარა ადამიანების აღზევების ეპოქაა. ყოველ შემთხვევაში მისი პირველი მესამედი მაინც. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში, 2016 წელს, შალომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, კომპოზიტორ ვატო კახიძესთან ერთად, არავერბალური და დრამატული თეატრის ხერხების შერწყმით - „BEGALUT - უცხოობაში“ - დადგა, რომელშიც სხვასთან ერთად, ორი ებრაული ოჯახის ცხოვრების მაგალითზე, ძალადობის, კონკრეტულად კი რუსეთში ებრაელთა გენოციდის თემა წამოსწია. იქ, პირველად გამოიყენა დოსტოევსკის ტექსტი. ერთ-ერთი პერსონაჟი, დოსტოევსკის (რა საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რეალურად არსებული წერილის მონაკვეთს, რომელიც მის ტომებშია გამოქვეყნებული) მიერ ებრაელთა რუსეთის მტრის ხატად წარმოჩინებას და მათი განადგურებისკენ მოწოდებას წაუკითხავს რუს სამხედროებს გაზეთის ფურცლებიდან. აღსანიშნავია, რომ დრამატურგმა და რეჟისორმა არ თარგმნეს დოსტოევსკის წერილის ამონარიდი და მწერლის მშობლიურ ენაზე გააჟღერეს სცენიდან. ეს სპექტაკლის ერთადერთი ვერბალური მონაკვეთი იყო, რასაც მოჰყვებოდა რუსი გენერლისა და მისი ამალის მიერ ებრაელთა ოჯახების სასტიკად დარბევა, ფიზიკური განადგურება.
შემდგომ, რეჟისორმა შექმნა ტრილოგია, რომელშიაც ძალადობის პრობლემას იკვლევდა. რა შობს ძალადობას (მიზეზები), ვინ არიან მოძალადეები, რატომ არიან მოძალადეები, რატომ უჩნდებათ მათ სხვისი ჩაგვრის, დამცირების, მკვლელობის სურვილი. პირადად მე, ეს ტრილოგია, ქალთა მიმართ (თუმცა, რეჟისორის ჩანაფიქრით, არა მარტო, ქალთა) ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ დადგმებად აღვიქვი. ქალთა მიმართ ძალადობა, სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. 2021 წელს ტრილოგიის ერთ-ერთი ნაწილი, დოსტოევსკის „დანაშაულის და სასჯელის“ მიხედვით თემო კუპრავასთან ერთად განახორციელა.
მუდამ დაუდგრომელი შემოქმედებითი ბუნების ადამიანი - რეჟისორი ყოველთვის ახლის ძიებაშია. 3 წლის წინ, მან კიდევ ერთი ახალი თეატრი გახსნა - თეატრი სახელოსნო 42. აქ დადგა შექსპირი, სტრინდბერგი, გოგოლი, ისტორიულ მასალაზე აგებული სპექტაკლი „1921“, რომელიც წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებაა, ცნობილი კინოფილმების მიხედვით ინსცენირებული დადგმები და სხვ.
2026 წლის გაზაფხულის ბოლოს კი დოსტოევსკის მოთხრობის „მიწისქვეშეთის ჩანაწერების“ მიხედვით, 2 კაციანი სპექტაკლი „იატაკქვეშეთის ადამიანი“ განახორციელა. პირველი მოქმედება, ფაქტობრივად მონოსპექტაკლია, რომელშიც მსახიობი ნიკა კუჭავა, რეჟისორის მიერ მიცემული ამოცანის თანახმად, მაღალი პროფესიონალიზმით, ფსიქოლოგიური თეატრის ქართულ გრძნობათა ბუნებასთან შერწყმული, ინტერაქტიური თეატრის პრინციპების გათვალისწინებით (მისი ქმედითი მონოლოგის მთავარი ადრესატი მაყურებელია), ქმნის ნიჰილიზმით აღსავსე ადამიანის ტიპაჟს, რომელსაც ამქვეყნად არაფრის, არავის აღარ სჯერა, შეპყრობილია შიშებით, სამყაროს ნგრევა და ქაოსი, მისი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია. არაადეკვატურია, დაკარგულია აქვს ყველა ადამიანური უნარი, მათ შორის უმთავრესი - სიყვარულის უნარი. ეს არის პატარა, შეშინებული კაცუნა, რომელიც კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს. ინტელექტუალია, მაგრამ არაფერში არგია ეს ინტელექტუალობა, შეშინებული სოროშია შემძვრალი. ამტკიცებს რომ არაფერი სამყაროში კარგი არ არის. მეორე მოქმედებაში ხვდება ახალგაზრდა გოგოს (ნინა ლორთქიფანიძე), მათ შორის თითქოს გრძნობა გაიელვებს, სექსუალურად უუნაროს (თავად ასე ეგონა), ლტოლვაც კი უჩნდება, მაგრამ ნიჰილისტი ინტელექტუალი თავადვე ჩაახშობს ნაპერწკალს, რომელიც უნდა აალდეს. ჩვენს გარშემო არსებულ უიმედო სამყაროში სიყვარულისთვის ადგილი აღარ რჩება. სასტიკად ამცირებს და აგდებს იმას, ვინც მისი ცხოვრებისკენ მობრუნების ბოლო იმედი იყო. მოთხრობაში გოგონა ძირითადად ჩუმადაა, მისი სახე არ არის გამოკვეთილი, სპექტაკლში ახალგაზრდა გოგოს პერსონაჟი, შეიძლება ითქვას მთლიანად რეჟისორის და მსახიობის ფანტაზიის ნაყოფია, მათ ერთად მოუძებნეს ამ პერსონაჟს სასცენო სიცოცხლე.
შეშლილის წერილები (თეატრი სახელოსნოო 42)
დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი - ლევან წულაძე
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე
მონაწილეობენ:
ნიკა ხრიკული / ზუკა პაპუაშვილი, ნიკა კუჭავა, დუტა სხირტლაძე, ნიკა გოგიძე, ანუკა გრიგოლია, ანა ვასაძე / მარიამ ღვინიანიძე, თეონა ქოქრაშვილი
ნიკოლაი გოგოლის, გენიოსი მწერლის ნაწარმოებები არაერთხელ გააცოცხლა სცენაზე ლევან წულაძემ. წლების წინ, თანამოაზრეებთან ერთად დაარსებულ თეატრში „სარდაფი რუსთაველზე“ გოგოლის „ცხვირი“ დადგა, მეორედ თეატრი სახელოსნო 42-ში (პრემიერა, 2025 წლის მარტის ბოლო). 2014 წელს, „შეშლილის წერილების“ მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრისა და ემილია რომანო თეატრო ფონდაზიონე (Teatro Fondazione, იტალია) კოპროდუქცია შექმნა. 2026 წელს კი „შეშლილის წერილების“ პრემიერა თეატრი სახელოსნო 42-ში შედგა.
ვფიქრობ, რეჟისორის მიერ არაერთხელ მიბრუნებას გოგოლის შემოქმედებისადმი, თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. წარმოშობით უკრაინელი ნიკოლაი გოგოლი, რუსულ მწერლობასა თუ ზოგადად კულტურაში, განსაკუთრებულია. მისი ნაწარმოებები არავისას ჰგავს, ორიგინალურია, მისეულია: ფანტასმაგორიული, ფეერიული, რეალისტური, იუმორისტული, ზოგჯერ სარკასტული, ხანდახან აბსურდული, ყოველ დროსა და ეპოქაში თანამედროვე. გოგოლი რუსული ყოფისა თუ რუსული მენტალიტეტის სკრუპულოზური სიზუსტით ამსახველ-აღმწერია, იმავდროულად მის ნაწარმოებებში არსებული მოვლენები, ამბები, ადამიანთა ტიპები - მათი ხასიათი, შინაგანი ბუნება, ქმედებები, ნებისმიერი ქვეყანასა თუ საზოგადოებას შეიძლება მივუსადაგოთ.
ავტოკრატიული მმართველობის პირობებში, მონსტრად ქცეული სახელმწიფო სტრუქტურები, მაღალი თანამდებობის მქონე კორუფციონერი ჩინოვნიკები, მათ ფონზე პატარა წესიერი, მეოცნებე ადამიანები, რომლებიც ამ „მონსტრის ხახაში“ ნელ-ნელა საღ აზრს კარგავენ, მთლიანად ოცნებათა სამყაროში გადაეშვებიან, იქ ცდილობენ, მწარე რეალობიდან გაქცევას.
ლევან წულაძის ინსცენირებულ/ინტერპრეტირებული „შეშლილის წერილების“ პირველი ვარიანტი (2014) უფრო რომანტიკული ელფერით იყო შებურვილი. როგორც, ყოველთვის, რეჟისორის ნამუშევარი იუმორით, დაუშრეტელი ფანტაზიით, კრეატიულობით და სიკეთისკენ დაუცხრომელი სწრაფვით გამოირჩეოდა. იგი მსუბუქი მონასმებით წარმოაჩენდა ადამიანის სულში დატრიალებულ, განცდებით გამოწვეულ ტრაგედიას.
ამჯერად, თეატრ სახელოსნო 42-ში განხორციელებულ დადგმაში, რეჟისორმა სპექტაკლს ყოველგვარი რომანტიკა ჩამოაშორა, თუმცა გოგოლისეული ფანტასმაგორიულობა დატოვა და მკაცრ რეალობას შეგვაჯახა მაყურებელი. პოპრიშჩინის ტრაგიკული დასასრული, მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების ბრალეულობა არაა, დაღუპვამდე იგი საზოგადოებას და გარემოცვას მიჰყავს, რომელთა მსგავსი ორეულები ჩვენს ირგვლივ სამწუხაროდ მრავლად არიან.
როგორც, წინა, ისე, ახალი დადგმაც გამოირჩევა ანსამბლურობით, შემოქმედებითი დასის თუ ტექნიკური პერსონალის, პროფესიონალიზმით, მაღალმხატვრული გემოვნებით. ვფიქრობ, ეს არის სპექტაკლი, რომელიც თავისი პრობლემატიკით (სარეჟისორო კონცეფციით), თუ, გამომსახველობით საშუალებებით (სამსახიობო შესრულება, სცენოგრაფია, აუდიო-ვიზუალური გაფორმება და სხვ.) არასდროს დაგავიწყდება...
მოზარდ მაყურებელთა თეატრი
თამთა ქაჯაია
მაგდანას ლურჯა
ნიკა ჩიკვაიძის “მაგდანას ლურჯა” თანამედროვე ვიზუალური გამომსახველობითი ფორმით (კლასიკურ ტექსტსარ არღვევს) და სემანტიკური ენით სპექტაკლის მთავარ სათქმელს გადმოსცემს. ნაწარმოებში ასახულია ტრაგიკული ქვრივი ქალის ხვედრი, სპექტაკლში კი ვხედავთ განზოგადებულ სოციალურ უსამართლობის კრიტიკას.
წარმოდგენაში ნათლად ჩანს თუ როგორ ანადგურებს უსამართლობა ღარიბსა და უძლურს, მაშინ როცა „კანონი“ თითქოს ყველასათვის ერთნაირია, თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითი და პირობითია. რეჟისორი სპექტაკლში აქცენტს მხოლოდ გაჭირვებული დედისა და შვილების ამბავზე არ აკეთებს - ის უფრო აზოგადებს და ვრცლად შლის თემას. ჩვენ ვხედავთ ინდივიდს სისტემაში, იმ გზაზე, რასაც უსუსურობა და დაუცველობა ქვია. რეჟისორმა მოდერნიზებული ფორმით გადმოცა და დაგვანახა როგორ კარგავს ადამიანური სამართალი სახეს და იქცევა მართვის მექანიზმად.
შემთხვევითი არ არის, რომ ფინალში, მოსამართლის როლში თოჯინა გვევლინება, რაც ცხადყოფს შემდეგს: თოჯინას გრძნობა, ემპათია არ გააჩნია; არ გააჩნია პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური აზრი; შესაბამისად, ვხვდებით რომ სხვისგან მართული ფიგურაა, რომელიც მხოლოდ სისტემის წინასწარ განსაზღვრულ მითითებებს ასრულებს.
თეატრი სახელოსნო 42
ზაზა სოფრომაძე
იატაკქვეშეთის ადამიანი
დოსტოევსკის ცნობილი, ერთგვარად საპროგრამო, მოთხრობის საფუძველზე შექმნილი სპექტაკლი, ლიტერატურული პირველწყაროს კვალდაკვალ, ადამიანის შინაგანი სამყაროს ყველაზე ღრმა და დაფარული შრეების კვლევას ისახავს მიზნად. სპექტაკლი დაცემული და დეგრადირებული სუბიექტის აღსარებაა უპირველესად საკუთარი თავის, შემდგომ კი მაყურებლის წინაშე.
ექსპრესიითა და შინაგანი დინამიკით გამორჩეული წარმოდგენა საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყოველ ადამიანშია სხვათაგან საგულდაგულოდ, ღრმად დაფარული ფენომენი და შესაძლოა, „იატაკქვეშელი“ თითოეული ჩვენგანის სამყაროში იყოს ჩაბუდებული.
ზაფხულის ღამის სიზმარი“ - რეჟისორი დავით დოიაშვილი
„ახალი თეატრიდან“ წასვლისა და კულტურის სამინისტროს მიერ ამ თეატრის ფაქტობრივი გაუქმების შემდეგ, დავით დოიაშვილი ისევ უბრუნდება შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარს“ (პირველი ვერსია დაახლოებით 7-8 წლის წინ დადგა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში) და სამეფო უბნის თეატრში აცოცხლებს კლასიკური კომედიისგან რადიკალურად განსხვავებულ, კოშმარულ-პოეტური სიზმრებისგან მოქსოვილ პოსტმოდერნულ „სიზმარს“. პიესის მასშტაბი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მასში რეჟისორი თანაბრად ათავსებს „აბბა“-ს ჰიტებს, მუსიკალური კომედიისა და ეგზისტენციური დრამის ელემენტებს და ჰიპერაქტიური პერსონაჟების ბნელ ან დამამლულ ფსიქოანალიტიკურ შრეებს. მთავარ როლებში: გივიკო ბარათაშვილი, ნიკუშა ბაქრაძე, სალომე თოფურია, მანუ თავაძე, სანდრო სამხარაძე, ლაშა მებუკე, ტასო ჭანტურაია.
მხატვარი ქეთი ნადიბაიძე და კოსტიუმების ავტორი, სიმონ მაჩაბელი ქმნიან სარკეებისა და ხელოვნური ყვავილებისგან შექმნილ სივრცეს, სადაც ათენის ტყის შემოგარენი ლაღი ირონიითა და შექსპირის მრავალშრიანი პოეზიითაა ნაკარნახევი. თუმცა სცენა ზოგჯერ პერსონაჟთა ქვეცნობიერისა და შიშების შეჯახების ველად იქცევა. სამსაათიან სპექტაკლში პოეზიის, სიშლეგისა და სექსუალურობის მწკრივს რეჟისორი დააბალანსებს ფინალური მშვიდი, ჰისტრიონული შეგრძნებებით. თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი მოსვენებაა, დროებითი სულის მოთქმაა... რადგან მაგალითად, უსამართლოდ დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პატარა როლი ციხეშია ჩაწერილი და მაყურებელი მას მხოლოდ უსმენს, ეკრანზე კი თავად ახალგაზრდა მსახიობის ფოტოს ხედავს. და მართლაც, შექსპირისა არ იყოს, „რაც აქ ვნახეთ, სიზმარი იყო?“
„მარო“ (რეჟისურა და ქორეოგრაფია - თათა თავდიშვილი, ტატო გელიაშვილი)
ფიზიკური თეატრის კომპანიამ სახელწოდებით HOI, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის, სპექტაკლით “მარო” უკვე შეძლო საერთაშორისო აღიარების მოპოვება. ეს პროექტი, რომელიც ვენეციის ბიენალეს (Biennale college) გამარჯვებულია, 2026 წლის ზაფხულში უჩვენეს შვეიცარიაში, ბელინცონას პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე. ახალგაზრდა ავტორებისთვის (თათა თავდიშვილი და ტატო გელიაშვილი) 1921 წელს ტაბახმელასთან გმირულად დაღუპული 19 წლის მარო მაყაშვილის პერსონა არამხოლოდ მაგალითია ხელახლა გაიაზრონ რუსული ოკუპაციის ისტორია, არამედ ეს არის ცოცხალი ინსპირაციაც, ზედმეტი პათეტიკის გარეშე, ფიზიკური თეატრის ენითა და თოჯინური თეატრის ელემენტებით გადმოსცენ დღევანდელი თაობის ტკივილი და სათქმელი.
დრამატული საწყისის სიმძაფრე, პლასტიკურ-გამომსახველობით ფორმათა მრავალფეროვნება და ფიზიკური თეატრის ენა სპექტაკლში გასაგებ ემოციურ ბმას ქმნის სწორედ დღევანდელ მაყურებლთან. ამდენად, „მარო“ წარსულში ჩაღრმავების პარალელურად, ბადებს თავისუფლების გადააზრების მძაფრ სურვილსაც... თანაც, მეოცე საუკუნის მუდმივად „მცოცავი რუსული ოკუპაციის“ ფონზე! აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი განსაკუთრებულ სიმძაფრეს და ინტიმურობას იძენს შედარებით მცირე, კამერულ სცენაზე. თუმცა ბელინცონაში, დიდ საფესტივალო სცენაზე მან სრულიად სხვა მასშტაბი და დატვირთვა შეიძინა. რასაც უცხოელ კრიტიკოსთა გამოხმაურებაც მოწმობს.
„პარასკევი“ - რეჟისორი და ქორეოგრაფი თინათინ წულაძე
არავერბალური, ფიზიკური და ცეკვის თეატრი საქართველოში სულ უფრო იმკვიდრებს ადგილს. ამის კონკრეტულ მაგალითად შეიძლება თინათინ წულაძის „პარასკევი“ დავასახელოთ, რომელიც მან თეატრ სახელოსნო 42-ში დადგა. ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა პარასკევ საღამოს კლუბში მიდის დროის გასატარებლად. ამ თითქოს ბანალურ ისტორიაში და ერთსაათიან წარმოდგენაში ბევრი რამ ნაკარნახევია თანამედროვე ცეკვის თეატრით, საკლუბო ესთეტიკით, ჭარბი და მეტყველი ჟესტებით და თქვენ წარმოიდგენეთ, ეტორე სკოლას 80-იან წლებში გადაღებული ცნობილი ფილმით „მეჯლისი“.
სცენაზე დაახლოებით ოცი პერსონაჟია, რომელთა ვნებები, კონფლიქტები და მოძრაობები რაღაც საერთო ფსიქო-ემოციურ ტალღას ქმნიან. სპექტაკლში მხოლოდ დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეოებენ: რუსკა მაყაშვილი, ანი იმნაძე, ნინა ლორთქიფანიძე, ქეთი გიორგაძე, მარი გიორგობიანი, ანუკი შარია და სხვები…
~
ქორეოგრაფი ქმნის ერთგვარ “სოციალური ნიღაბებს”, რადგან კლუბის ატმოსფერო კონტრასტზეა აგებული. ესაა გარედან ჭრელი და ენერგიით სავსე ადამიანების თავშყრის ადგილი, თუმცა თითქმის ყოველ მათგანში იღვიძებს მარტოობის გრძნობა და თვლემს შინაგანი დაღლილობაც. საკლუბო ქაოსს კვებავს და აცოცხლებს ემოციური მრავალფეროვნება, ქორეოგრაფის ჯანსაღი იუმორიდან მსახიობთა თვითირონიამდე. ირონია ასევე, აშკარად იკითხება ეროტიკული ელემენტებით გაჯერებული კოლექტიური ცეკვების შესრულებისას, სადაც მახვილი თვალი ბობ ფოსის ემანაციას და თანამედროვე საკლუბო ცეკვების პაროდიებსაც ამოიკითხავს. “პარასკევის” მუსიკალური კონცეფცია თავად თინათინ წულაძემ შეადგინა. ამპლიტუდა პროკოფიევიდან თანამედროვე ელექტრონულ მუსიკამდე მერყეობს და სწორედ სპექტაკლის მუსიკა ააშკარავებს პერსონაჟთა შინაგან სიცარიელეს, ან რომანტიზმის მონატრებას, ან სულაც, თავისუფლების გრძნობას.
დავით ბუხრიკიძე