„ეს არ არის ომი, ეს რაღაც სხვაა...მკვდრების ხმა; მშრალ ნაპირებზე ზღვის მიერ გადმოსროლილი, რომელიც ომში უსამართლოდ დაღუპული ადამიანების ამბებს გვიყვება და რომელიც ქაოტურად გროვდება ჩვენს სხეულსა და გონებაში“…

ეს არის პატარა ფრაგმენტი დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ მიერ დადგმული 40 წუთიანი მონოსპექტაკლიდან „ჰა“, რომელშიც ახალგაზრდა ქალის შიშველი სხეული და სიშიშვლეზე უფრო მგრძნობიარე ფსიქიკური სამყარო (მსახიობი ანანო მახარაძე, ტექსტი მარიამ მეგვინიტე) ფხიზელ განწირულობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე გადარჩენაზე. თუმცა მალევე ხვდებით, რომ სწორედ ეს შეძახილი - „ჰა“ არის ყველაზე ძლიერ და მტკიცე ჟესტი, რადგან ვინც ბოლომდე იბრძვის, ვინც საკუთარ თავს ფსკერიდან ამოათრევს, სწორედ ის გადარჩება და ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე გაგრძელდება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის  პროგრამაში მაყურებელი  სანდრო კალანდაძის ამ სპექტაკლის გარდა, „ჰარაკიკიდევ ორი ნამუშევარს ნახავს - ილია ქორქაშვილის „პათეტიკურ მონოლოგებს“ და გიორგი ჯამბურიას „ბერსერკები, შინ“, რომლებმაც ახალგაზარდა თაობის არტისტულ თუ პოლიტიკურ პროტესტსა და ჯანსაღ თვითირონიას უფრო მეტი მიმზიდველობა შესძინეს. გასულ წელს კომპანია „ჰარაკის“ გარჯა ამაო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან რეჟისორ გიორგი ჯამბურიას სპექტაკლი „ბერსერკები I: მისია“ დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „თავისუფალით“ აღინიშნა. ეს ერთგვარი თეატრალური „სიგიჟის“  წამახალისებელიც გახდა და ამის დასადასტურებლად საკმარისია მათივე „პათეტიკური მონოლოგები“ ნახოთ.

სამი საათის  მიუხედავად, ალბათ, ხუთი წუთიც არ მოგწყინდებათ, იმდენად ზუსტია მსახიობთა არტისტული ირონია დრომოჭმული თეატრის ფორმებისა და ესთეტიკის მიმართ. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაუნდობელი თვითირონიაც, რომელსაც მსახიობები „ძველი“ და „ახალი“ თეატრების მანერული დაპირისპირებისას წარმოაჩენენ.

ბოლო დროს მომრავლებული დამოუკიდებელი თეატრალური დასებისა და კომპანიებისთვის მთავარი პრობლემა გადარჩენის გარდა, არტისტული თვითდამკვიდრებაც გახდა. ამისათვის საკმარისია მაგალითად, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაარსებულ „ქალაქის თეატრში“ დავით თარბას მიერ დადგმული მარტინ მაკდონას ცნობილი შავი კომედია - „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ ნახოთ. თუმცა პიესას ნამდვილი დრამატული შლეიფიც მოყვება. ქეთი ცხაკაია (მეგი ფოლანი) და ანი იმნაძე (მორინ ფოლანი) უდავოდ მსუყე და დრამატული ირონიით აღჭურვილი არტისტები არიან, რომლებიც უკვე გაცვეთილ თეატრალურ მითებს ერთგვარი „ფიზიოლოგიური რეალიზმით“ უსწორდებიან. იმდენად, რომ სპექტაკლში ახლად მოხარშული ფაფისა და შარდის სურნელს ლამის ერთდროულად იგრძნობთ.

განსხვავებული სიგიჟე თვლემს დავით თარბას კიდევ ერთ სპექტაკლში „შვეიცარია“, რომელიც მან ავსტრალიელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, ჯოანა მიურეი-სმიტის პიესის მიხედვით დადგა ათონელზე. სხვათა შორის, „თეატრი ათონელზე“ სწორედ ის დამოუკიდებელი სივრცეა, სადაც თანამედროვე დასავლური დრამატურგის მოშინაურება-ათვისების პროცესი უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს.

ამერიკელი მწერლის, „ტრილერის დედოფლის“ - პატრიცია ჰაისმიტის კარადაში გადამალულ „ჩონჩხებს“ (უფრო სწორად, პიესის მიხედვით კარადაში გადამალულ დანებს) რეჟისორმა შავი, უფრო კი მწკლკარტე ირონია და მწერლის საყვარელი ჯაზური იმპროვიზაციები დაუმატა. ფილტვის კიბოთი დაავადებულ ცნობილ მწერალს, რომელიც შვეიცარიის ალპებში, საკუთარ სახლშია გამოკეტილი, ნინო ბურდული შთამბეჭდავი და ხაზგაზმული ირონიით თამაშობს, ხოლო ნიუ-იორკის გამომცემლობიდან მოვლენილ ჟურნალისტს - ახალგაზრდა და უკვე ბევრ სპექტაკლში შემჩნეული, ზუკა პაპუაშვილი.

იქვე, ათონელზე მდებარე თეატრში კიდევ ერთი გამორჩეული სპექტაკლის ნახვა შეგიძლიათ. უკვე  სავარსკვლავედ გამზადებულმა ახალგაზრდა  მსახიობმა, თაკი მუმლაძემ და რუსთაველის თეატრის ნამდვილმა ვარსკვლავმა, ია სუხიტაშვილმა პიესაც და სპექტაკლიც - „ნინო, ჩემი აფროდიტე“ ერთობლივად შექმნეს. ეს არის ახალი დროის ქართული დრამატურგიის მოულოდნელი, მაგრამ მაინც კარგად შემზადებული კულბიტი; ერთდროულად ახალი, ფაქიზი და მრავალმნიშვნელოვანი ნახტომი აუთვისებელ ტექსტუალურ სიცარიელეში. „ნინო, ჩემი აფროდიტე“, ალბათ უფრო ახლოა მიქელანჯელო ანტონიონის 80-იან წლებში გადაღებული ფილმის - „ქალთა იდენტიფიკაციის“ ფაქიზი სექსუალური კონტექსტით გაჯერებულ ატმოსფეროსთან, ვიდრე პიესაში აქცენტირებული გენდერული ნორმების გამოკვლევა-გამორკვევასთან.

სადაც „ქალთა იდენტიფიკაციას“ ვიხსენენებთ, იქვე რაინერ ვერნერ ფასბინდერიც უნდა ვახსენოთ, რომლის ცნობილი პიესა „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“ (70-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჰანა შიგულა ასრულებდა) რეჟისორმა დავით მღებრიშვილმა „ახალ თეატრში“ დადგა. ალბათ, უკეთესია ბუბა გოგორიშვილისა და ნანკა კალატოზიშვილის დუეტი თეატრალებმა ფესტივალის დღეებშიც ნახონ, რადგან ქართულმა პარლამენტმა უკვე მიიღო კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ“ და მისი დამტკიცების შემთხვევაში, მორალურად „მდგრადი“ ხელისუფლება მსგავს რამეს სცენაზე ალბათ აღარ დაუშვებს. მერე რა, რომ სპექტაკლში გაცილებით მნიშვნელოვანია მარტოობის, მორჩილების, ემპათია-უგრძნობლობის და სექსუალური თავისუფლების თემები.

ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის, „თეატრი სახელოსნო 42”-ის დაარსებიდან სულ რაღაც 6-7 თვეში, რეჟისორმა ლევან წულაძემ უკვე რამდენიმე სპექტაკლის დადგმა მოასწრო. შექსპირი, მოლიერი, სტრინდბერგი და ჰარვუდი ერთი შეხედვით, კლასიკური ამფილადებითა და თაღებით გაწყობილ შენობას უფრო უხდება (დაახლოებით ისეთი თეატრი, საიდანაც რეჟისორი უკვე წამოვიდა), ვიდრე „კოკა-კოლას“ ყოფილი ქარხნის ტერიტორიას. თუმცა ლევან წულაძემ თავისი ახალი სპექტაკლებით კლასიკური პიესების ვექტორი აშკარად შეცვალა და თანამედროვე, აქტუალური, პოლიტიკური და სოციალური ქვეტექსტებით ჩაანაცვლა.

მაგალითად, შექსპირის „ოტელოში“ სრულიად ახლებურად გაიჟღერა ომგამოვლილი ოტელოსა და იაგოს განადგურებული მეგობრობისა და პოლიტიკური კარიერიზმის თემამ. „დონ ჟუანი“ (ამ როლს პაატა პაპუაშვილი თამაშობს, სგანარელს - ნიკა კუჭავა) რეჟისორმა სასიყვარულო თავგადასავლიდან ეგზისტენციურ კრიზისში მყოფი ადამიანის განცდებად „თარგმნა“, ხოლო ჰარვუდის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმული „დირიჟორი“ (ბერლინის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის, ვილჰელმ ფურტვენგლერის გასამართლების ისტორია), ხელოვანისა და პოლიტკის მუდმივად აქტუალური ანტინომიის მაგალითად აქცია.

რაც შეეხება მეოცე საუკუნის დრამატურგიის გამორჩეულ და ლამის მანიფესტად გამოცხადებულ პიესას „ფრეკენ ჟული“,  ლევან წულაძემ მოქმედება თანამედროვე საცხობსა და ჰაიტ-ტეკის გარემოში გადმოიტანა. ფრეკენ ჟული (ანკა ვასაძე) ელექტრონულ მუსიკას უსმენს, ხოლო ჟანი (პაატა პაპუაშვილი) დენდივით გამოიყურება და სრულებით არ არის სოციალური უთანასწოროების მსხვერპლი. ის უბრალოდ, ელოდება მომენტს, როცა ფრეკენ ჟულის სიამაყეს გაანადგურებს.

საქართველოს ისტორიის ხელახალ და დრამატულ გააზრებას გვთავაზობს რეჟისორი სპექტაკლში „1921-1924“, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სამ წელს ორ მოქმედებად და გაშლილ სცენურ სივრცეში წარმოგვიდგენს. ფაქტობრივად, ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვის დრამატიზმითა და ამავე დროს, პოეტური თრობითა და თხრობით გარითმული ამბავი, რომელიც ახალგაზრდა თაობისათვის კარგი მაგალითია, როგორც უნდა გავუფრთხილდეს დღეს ქვეყნის სუვერენიტეტს.

არავერბალური და ფიზიკური თეატრის მოყვარულებს შეუძლიათ „მოძრაობის თეატრში“ იოსებ ბაკურაძის „ვოიცეკს“ (ბიუხნერის პიესის მიხედვით) არც ისე მტანჯველად ჩაუღრმავდნენ. „ახალ თეატრში“ კოტე ფურცელაძის ნეოკლასიკისადმი მიდრეკილ ქორეოგრაფიას „მედეაში“ ოდნავ მსუბუქად შეხედონ (ქერუბინისა და მოცარტის ფონზე), ხოლო  დაახლოებით ერთსაათიან ინკლუზიურ-ქორეოგრაფიულ სპექტაკლში - „კონტაქტის ზონა“, რომელიც სამი ნოველისაგან შედგება (ვალერია ხრიპაჩი, ვერონიკა ტიხონოვა, ნათია ჩიკვაიძე) სპექტაკლის მონაწილეების შესაძლებლობები სათანადოდ დააფასონ.

თუ ვინმეზე ითქმის, რომ საქართველოში ლუიჯი პირანდელოს პიესების პოპულარიზატორია, პირველ რიგში, ცხადია რეჟისორ გიორგი მარგველაშვილზე. წლების წინ, თუმანიშვილის თეატრში დადგმული „ექვსი პერსონაჟი ავტორის ძიებაში“, დღეს თეატრალური მითოლოგიის ნაწილია, არადა ეს იოლი სულაც არაა თეატრში, რომელიც სწორედ თუმანიშვილის სახელს ატარებს. გიორგი მარგველშვილმა ამჯერად პირანდელოს შედარებით უცნობი და ადრეული პიესა აირჩია („ეს ასეა, თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა“), როდესაც „პირანდელოს თეატრის“ თეატრის ენა ჯერ კიდევ არ არსებობდა და დრამატურგი ჩეხოვის კონსტანტინ ტრეპლევივით, ახალ ფორმებს ეძებდა...

 არსებითი ისაა, რომ ამ სპექტაკლით რეჟისორი  ცდილობს შეინარჩუნოს თამაშის, ილუზიის, განცდის ის ფორმები, რომელიც თუმანიშვილის თეატრისთვის ორგანული იყო და რაც დღეს უკვე სამუზეუმო და ნოსტალგიურ ნოტებს შეიცავს.

ქართული შოუქეისის პროგრამა-პეიზჟს ომისა და მშვიდობის გასაყარზე, ერთგვარად შეაჯამებს დათა თავაძე სპექტაკლით, „შიმშილი“. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ის უბრუნდება სამეფო უბნის თეატრს ახლად ამოქარგული სოციალური მეტაფორებით, მრავალსარულიანი ტექსტით, რომელიც ხან ექსტრემალურია და ზოგჯერ მოუხელთებელი... ხშირად რეკლამასავით პირდაპირი და ხანაც მარტოობით დაღდასმული. ვინ არიან ეს ადამიანები სამეჯლისო კოსტუმებსა და ზურგზე ნომრებით? ეს ოთხი ქალი და სამი კაცი... იქნებ, აკრძალული ფსიქოდელიის იატაკქვეშა კონკურსს ვესწრებით? იქნებ საიდუმლოდ მროკავები იკრიბებიან, ან ქოლცენტრები ახალგაზრდებს პენსიონერების ელეგანტურად გატყავების ფორმებს ასწავლიან?..,

„შიმშილში“ სხეული გაცილებით მეტყველია, ვიდრე თავად მეტყველება. ხანდახან იან ფაბრის, ან ალან პლატელის ქორეოგრაფიულ აჩრდილებსაც გადააწყდებით, ხან სარეკლამო სლოგანები მოგჭრით თვალს, ხანაც სოციალური ტვ-რეპორტაჟები. „სისასტიკე იაფფასიანია, როგორც ქველმოქმედება“ - გვაუწყებს ეკრანზე წარწერა და ჩვენც დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში ამ ბრჭყვიალა, დეპრესიულ, მტაცებლურ, მანათობელ და შეუძლებელ გარემოში გვიწევს „იაფფასიანი“ სისასტიკე ავიტანოთ. რადგან საჭმელისა და სასმელის შესახებ ამდენი სარეკლამო განცხადების ფონზე, მართლა გვშივდება და მართლა ძალიან ვიღლებით ამ დაუნდობელი „შიმშილის თამაშებით“.

 ...ან იქნებ, სწორედ იაფფასიანი სისასტიკე უფრო მეტია და უფრო მართალია, ვიდრე შიმშილი და ომისა და მშვიდობის პეიჟაზი,  ერთად აღებული?! ამის შესამოწმებლად კი ნამდვილად უნდა ნახოთ ქართული შოუქეისის პროგრამა.

დავით ბუხრიკიძე
22.08.2024 

 

 

© 2024 All Rights Reserved