ბევრი მიზეზის გამო აუცილებელი და თეორიული შეხსენებით დავიწყებ: „ცოცხალი თეატრი“ და „თეატრი პირში მოხლილი ამბებით“ მეოცე სუკუნის დასავლური მიმდინარეობებია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თეატრი ყველა დროში სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებითა თუ მიზეზებით მოტივირებული ხელოვნებაა. ძველი ბერძნული ტრაგედიებით დაწყებული, მოლიერის მოხეტიალე დასით გაგრძელებული და შექსპირის “გლობუსითა“ თუ ფრანგული კლასიკური დრამებით გამყარებული... 

 

სინამდვილეში ყველაზე გაუცნობიერებელი მაყურებელიც კი ინტუიციით გრძნობს, რომ თეატრის არსებობა მხოლოდ „აქ და ახლა“ განცდითაა შესაძლებელი; როცა იბადება ცოცხალი სიტყვის, ამბისა და ქმედების მაგია; როცა ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის დღევანდელობის და მომავლის კავშირის იდეასაც და როცა ხელოვნება დამოუკიდებელიცაა, მართალიც და პოლიტიკურიც! 

 

„ჩვენ ვართ მსახიობთა გუნდი, რომელსაც სურს მოახდინოს არაძალადობრივი და ულამაზესი ანარქისტული რევოლუცია! მაყურებელი ამბობს - დიახ, სამყარო საშინელ მდგომარეობაშია! ირგვლივ ომებია; პოლიტიკური, სოციალური კონფლიქტები და კატასტროფები. მაგრამ ვინ ვარ მე და სად ვართ ჩვენ; ან რა შევიძლია გავაკეთოთ, რომ სამყარო შევცვალოთ? ზუსტად იმისთვის, რომ ხალხს ამის გაგება და ძალა მივცეთ, ჩვენ ვაარსებთ „ცოცხალ თეატრს“...

 

ეს არის ფრაგმენტი მეოცე საუკუნის ომის შემდგომ გერმანიაში მცხოვრები მსახიობის, მწერლისა და რეჟისორის, ჯუდიტ მალინას მანიფესტიდან. მან მეუღლესთან, ამერიკელ მხატვართან და პერფორმერთან, ჯულიან ბეკთან ერთად, 50-იანი წლების დასაწყისში, ნიუ-იორკში რადიკალური პოლიტიკური თეატრალური მიმართულების დასი - The Living Theatre, ანუ „ცოცხალი თეატრი“ დააარსა. 

 

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში, ახალი თეატრალური მიმართულება სწორედ „ცოცხალ თეატრს“ უკავშირდება, რომელმაც ტრადიციული თეატრებიდან სხვადასხვა სივრცეებში გადაინაცვლა - მიტოვებულ შენობებში, დანგრეულ ქარხნებში, ქალაქების ურბანისტულ გარემოში, ავტობუსების მოსაცდელებსა თუ ზღვის მიყრუებულ სანაპიროზე. ჯულიან ბეკი და ჯუდიტ მალინა პოლიტიკური და სოციალური რეალობის შესატყვის ტექსტებს თავად თხზავდნენ და ამგვარი ფორმით, საზოგადოებრივი ცნობიერების გამოღვიძებას და პროვოცირებას ცდილობდნენ.

 

თეატრალურ სამყაროში, ისევე როგორც ყველგან, დიდი ცვლილებები უცებ არ ხდება. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, საზოგადოების ტრანსფორმაციას წინ უძღვის დიდი თუ მცირე „კულტურული აფეთქებები“. მაგალითად, ბრიტანელი დრამატურგის, სარა კეინის პიესა „აფეთქებული“ (1995), სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ მეოცე საუკუნის მიწურულის ერთ-ერთ გაბედულ სოციალურ აფეთქებად. სარა კეინის ამ პიესამ თავის დროზე ბიძგი მისცა ბრიტანეთში და ევროპაშიც დრამის ახალი მიმდინარეობის წარმოშობას პირობითი სახელწოდებით In-yer-face-theatre („პირში მოხლილი თეატრი“).

 

ტერმინი „პირში მოხლილი თეატრი“, პირველად კრიტიკოსებმა წიგნის ქვესათაურად გამოიყენეს, როცა 2001 წელს გამოიცა კრებული „ბრიტანული დრამა დღეს“. თავიანთ ახალ პიესებში ახალგაზრდა დრამატურგები შოკისმომგვრელ და კონტრავერსიულ ამბებს აღწერდნენ, რათა ასეთივე შოკისმომგვრელი გავლენა მოეხდინათ აუდიტორიაზე. „პირში მოხლილი თეატრის“ ძირითადი დრამატურგიული სამეული ასე გამოიყურებდოდა: სარა კეინი, მარკ რავენჰილი და ენტონი ნეილსონი. ეს უცნაური და კრეატიული გამოთქმა მალე ტერმინად დამკვიდრდა და დროსაც გაუძლო. თუმცა იმდროინდელ ბრიტანულ პრესაში და ჟურნალებში სხვა სახელწოდებებსა თუ გამოთქმებსაც შეხვდებოდით - „სისხლის და სპერმის“ პიესები, „ახალი ბრუტალიზმი“ და ა.შ.

 

ახალი ბრიტანული დრამა ეხმიანებოდა და პასუხობდა მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს: გლობალიზაციის გავლენა საზოგადოებაზე, მომხმარებლური ფსიქოლოგიის გამოვლინებას, ახალი დროის კულტურული ღირებულებებს, გენდერული როლების გააზრებას და ა.შ. მოკლედ, „პირში მოხლილი თეატრი“ დროის მოთხოვნებს ზუსტად და მწვავედ პასუხობდა.

 

...თუნდაც ორიოდე წლის წინ, ეს ვრცელი შესავალი ალბათ, მოსაწყენ და აუცილებელ აღწერილობად მომეჩვენებოდა. თუმცა დღეს, როცა საზოგადოებამ ერთდროულად შეაბიჯა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეურ კრიზისში; როცა ქუჩის სცენოგრაფიამ სცენას პირველობა წაართვა, ხოლო ჰამლეტის მონოლოგებს ყოფნა-არყოფნაზე ლამის სასამართლო დარბაზებიდან ვუსმენთ (აღარაფერს ვამბობ დაპატიმრებულ ხელოვანებზე), გაბედული ხელოვანის გაბედულმა სიტყვამ სულ სხვა ძალა და მნიშვნელობა შეიძინა. 

ამდენად, როდესაც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თავის ესთეტიკურ ლოზუნგად ირჩევს ეროვნული ჰიმნის ფრაზას -„თავისუფლება დღეს ჩვენი, ეს შესაძლოა კიდევ ერთ ახალ გამოცდას, ან გამოცდილების შეძენის აუცილებლობას ნიშნავდეს. 

იქნებ, ეპიკურად მრავალჯერ მოთელილ, დახვეწილი სარაკაზმით დადგმულ, ლამის ტრაგიფარსულობამდე გაფართოებულ და ტკივილამდე ნაცნობ „ჰამლეტს“ (დამოუკიდებელი კომპანია „ჰარაკი“, რეჟისორი  სანდრო კალანდაძე) თავისი ღია, პოლიტიკური და ქუჩური ფინალით  (აი, სად დაგვჭირდა „ცოცხალი თეატრი“!) გაცილებით მეტის თქმა შეეძლო და სურდა, ვიდრე ოფელიასა და ჰამლეტის მოდარაჯე „ას ძმას ერთად?“  

იქნებ, ლევან წულაძის „თეატრი სახელოსნო 42“ -ის სცენაზე დადგმული „ცხვირი“, სცენაზე მდგარი გიგანტური ზომის სანაგვეთი, სარკასტული ბულგაკოვისეული ჩანართებით და არანაკლებ ირონიული ქორეოგრაფიით, ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობის სატირულ-ჩინოვნიკურ მოტივებს საკმარისზე მეტად აფართოებს?! ან იქნებ, გოგოლზე მეტად ბეკეტისა და მროჟეკის აფსურდთან დამეგობრებული ეს წარმოდგენა გაცილებით მეტს გვეუბნება საზოგადოების წარეცხილ თვითკრიტიკასა და ემპათიაზე, ვიდრე ცხვირდაკარგულ ჩინოვნიკ კოვალევს (ნიკა ჯუჭავა) კოშმარულ განცდებში წარმოუდგენია?!

იქნებ, ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში დადგმული, გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი „იოსები“ (ფრანც კაფკას „პროცესის“ მოტივების მიხედვით), კაიზერ ფრანც-იოსეფის დაგლეჯილი ავსტრიის იმპერიის ადგილობრივი და მკაფიოდ პოლიციური ანარეკლია?!  ვერდის კვარტეტი კი „რიგოლეტოდან“, არამხოლოდ შავი იუმორის კაფკიანური  გამოვლინებაა, არამედ დისტოპიური ფინალის ანტირითმაც?!

იქნებ, ქვიარების მოუშუშებელი იარები დამოუკიდებელი ფემინისტური არტ-კოლექტივის მიერ შექმნილ მულტიმედიურ პერფორმანსში - „ვინ მოგვიშუშებს იარებს“ (ექვსი ქალ-არტისტი), გაცილებით თამამად, სოციალურად, სექსუალურად და გაბედულად ჟღერს „ქალაქის თეატრის“ სცენაზე, ვიდრე უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებში წერია?! სხვათა შორის, უამრავი ქალი დღემდე სწორედ რეპრესირებული მტრული პოლიტიკის, ძალადობისა და სიძულვილის მსხვერპლია.

იქნებ, ფესტივალის სტუმრებს, ქართული შოუ-ქეისის პროგრამის განსხვავებულ მექანიზმს ნიკა კოხრეიძის ავტორობითა და რეჟისურით შექმნილი, „ფიზიკური თეატრის“ ჟანრის წარმოდგენა სახელწოდებით „მექანიზმი“, ყველაზე უცნაური ფორმით აუხსნის?! მითუმეტეს, რომ წარმოდგენა თითქმის ცარიელ სივრცეში თამაშდება, სადაც მსახიობთა სხეულების შესაძლებლობა, მრავალფეროვნება და სიზუსტე, ლამის ხელის გულზე დევს; ახალგაზრდა არტისტებს კი პლასტიკური შესაძლებლობის გამოვლენის კარგი შესაძლებლობა ეძლევათ.

იქნებ, ქორეოგრაფისა და რეჟისორის, მაკა ჩხაიძის ძალისხმევითა და ავტორობით შექმნილი თანამედროვე ცეკვის ინკლუზიური სპექტაკლი - FOLKS, რომელიც InForm პლატფორმისა და გერმანული SZENE 2WEI-ის თანამშრომლობით განხორციელდა, საზოგადოებასაც და ფესტივალის სტუმრებსაც შეახსნებს, რომ ხელოვნება თანაბარ ხელმისაწვდომობას, თანაგაცდას, საერთო სცენურ სივრცეში განსხვავებული აქცენტების შეერთებას გულისხმობს... 

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დაგვიანებით გამოღვიძებული „ცოცხალი თეატრის“ იმპულსები საქართველოში, ბევრად უფრო უფრო შთამბეჭდავად, ზუსტად აირეკლავს მოვლენებს, ვიდრე დისიდენტურად შერაცხული  ბრეხტი და შექსპირი სამუზეუმო სივრცედ ქცეულ თეატრებში. შესაძლოა, იმიტომ, რომ გარდასული თაობების რეფლექსიად ქცეული შიში დღეს უკვე უცნაურად და რეაქციულადაც გამოიყურება. ახალი თაობის საპროტესტო არტ-მანიფესტები და გამოსვლები კი აღარ ცნობს შიშს, რადგან წარსულში დაბრუნება გამორიცხულია და დაუშვებელიც. „ცოცხალი თეატრი“ პირში მოხლილი ამბებით, არამხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში არღვევს კონფორმიზმის საზღვრებს,  არამედ ცხადად, კონკრეტულად მიუთითებს სისტემის კრიზისსა და გარდაუვალ ცვლილებებზე.

 

დავით ბუხრიკიძე

01.07.2025

 

© 2025 All Rights Reserved