დღეს მისი დაბადების დღე ყოფილა და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ - დიდი ვარსკვლავი დღეს 75 წლის გახდება !
No Russian press and media at any time - ეწერა მის კონტრაქტში . კონტრაქტი გრძელი იყო და უამრავი საკითხი მოყვებოდა. მათგან მკაცრად მხოლოდ ეს საკითხი დაიცვა.
თბილისში რომ ჩამოფრინდა, გვიანი საღამო იყო. კაფე ლიტერამ და მწერალთა სახლმა გვიმასპინძლა. ჩუმად ლაპარაკობდა. წყნარად. ცოტას. მერე - არა არ დავღლილვარო - და წავიდეთ სცენა ვნახოთო. მეორე დილას თბილისი შემოგვატარა. ხაშზე შევიდეთო. არაყიც მიაყოლა. უამრავი კითხვა დაგვისვა. თვითონ მოყვა ყველაფერი თავისი ცენტრის შესახებ, თბილისის შესახებ, რომელიც ახსოვდა. რაზეც ის არ ლაპარაკობს, ეს წარსული ცხოვრებაა. უკვე ყველაფერი მოვყევი რამდენჯერმეო. ნელ-ნელა მეგობრად გადაიქცა. პრეტენზიების გარეშე კულისებში და თეატრს გარეთ, მომთხოვნი და მკაცრი სცენაზე და მუშაობის დროს.
ჩვენთვის ის თავისუფლების და სიმამაცის სიმბოლოა. ის ასევე სიმბოლოა არტისტის, რომელიც არასდროს დაემორჩილება საზღვრებს, კონიუნქტურას, ნაცრისფერ უმიზნო და უაზრო რუტინას და შემოქმედებითი თავისუფლების გამო რისკს ბოლომდე გასწევს. რისკს, როცა არც კი იცი, ვის შეიძლება ენდო...
მას მილიონებს სთავაზობენ მოსკოვში ჩასვლისათვის დღემდე. მაგრამ - მე იქ უკვე ვიყავი. და გამოვიქეცი - პასუხებს ის. ფული კი არ მჭირდება მეტი;
თბილისში ბედნიერი იყო - მაყურებლით, ქალაქით, ძველი და ახალი მეგობრებით; აქ სახლიც უნდა ვიყიდოო; ნინო ანანიაშვილთან იყო, ლევან წულაძეს დაუმეგობრდა, ოლეგ ტიმჩენკო გაიცნო, ზურა შევარდნაძე, თენგიზ არჩვაძეს გადაეხვია და ჩაეხუტა! ბედნიერი იყო.
ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვენებში ის პირველად მხოლოდ რიგაში ჩავიდა, საკუთარ ქალაქში, დედის საფლავზე; და მერე მხოლოდ საქართველოში - მაშინაც და ეხლაც თავისუფლების სიმბოლოა თბილისი, ამბობს.
მას ბრწყინვალე კარიერა აქვს. მაგრამ ის ჩვეულებრივად ცხოვრობს, კარგ ადამიანებთან მეგობრობს და კარგ საქმეებსაც აკეთებს. დღემდე ბრწყინვალე ფორმაშია , თუმცა ჭამაც უყვარს და ცოტა ცოტა დალევაც. მუდმივად ვარჯიშობს, არასდროს წუწუნებს და ბევრს კითხულობს. მუდმივად მომავალზეა ორიენტურებული, უკან არ იხედება.
დიდ ხანს სიცოცხლე მიხეილ ბარიშნიკოვს! ჯანმრთელობა და დატვირთული, რეალიზებული მომავალი!