ისე როგორც თეატრის მოყვარულ საზოგადოებას არ წარმოუდგენია შემოდგომის თბილისი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გარეშე, ისე ვერ წარმოუდგენია ეს ფესტივალი მის მაყურებელს ოსკარას კორშუნოვასის გარეშე. 7 წლის განმავლობაში ლიტველი რეჟისორის 4 სპექტაკლი ვნახეთ, ფესტივალის ასაკობრივ და შინაარსობრივ ზრდასთან ერთად, ჩვენც, ამ ფესტივალის ერთგული მაყურებელი, ვეცნობით კორშუნოვასის შემოქმედებას და ვრწმუნდებით, რომ დიდ რეჟისორებსაც აქვთ იაღლიშები, ისინიც იცვლიან განწყობებს, მსოფლმეხდველობას და სხვგავარად აკვირდებიან სამყაროს, რაც პირველ ყოვლისა, მათ შემოქმედებაში აისახება, რომელიც სპექტაკლში ვლინდება.

კორშუნოვასის სპექტაკლის დასრულების შემდეგ, იმაზეც ვფიქრობდი, რომ ხშირად მეტისმეტად ბევრს ვითხოვთ ჩვენი სათეატრო რეჟისორებისგან. ეს მოთხოვნა კარგიც კი არის ზოგჯერ, რადგან მეტი წარმატების მოლოდინითა და მოთხოვნით, რეჟისორსაც ვაფხიზლებთ. მეორე მხრივ, ფესტივალი ხელს გვიწყობს შევადაროთ ჩვენი და უცხოური თეატრი ერთმანეთს და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ.

ჩვენთვის საყვარელმა ვილნიუსის თეატრმა ОКТ, ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად, მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ გვიჩვენა. ბუნებრივია, სპექტაკლის დასრულებისთანავე გვერდი ვერ ავუარე თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში დავით დოიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს ამავე ნაწარმოების მხიედვით და მივხვდი, რომ ზოგჯერ ჩვენი რეჟისორები უფრო უნდა დავაფასოთ და მათ შემოქმედებით პროდუქტს მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ შეფასებების დროს. დავით დოიაშვილის მიერ გორკის პიესის ორიგინალური და მასშტაბური სცენური ინტერპრეტაციის გარდა, სპექტაკლში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მხატვრული სახე შეიქმნა, რასაც ვერ ვიტყვი კორშუნოვასის ორიგინალურ და არანაკელბ საინტერესო გადაწყვეტაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ სპექტაკლში მისი თეატრის წამყვანი არტისტები რასა  სამუოლტვე და დარიუს მეშკაუსკასი მონაწილეობდნენ, რომელსაც ჩვენ მისი სპექტაკლ-შედევრებიდან ვიცნობთ.

გამორჩეული რეჟისორია ოსკარას კორშუნოვასი და მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რომელიც განასხვავებს სხვებისგან, რის გამოც ის მუდამ საინტერესოა და მიმზიდველი. მისი სპექტაკლების ფორმა, ატმოსფერო მუდამ განსხვავებულია და ის არასდროს მეორდება. ყოველ სპექტაკლში ცვლის არა მხოლოდ ამბის თხრობის ფორმას, არამედ სივრცესაც. ამჯერად, მან (თუ არ ვცდები პირველად) გამოიყენა უშუალო ინტერაქტივის მეთოდი, რომელიც ვერ გათამაშდა. ამჯერად, ჩვენი მაყურებელი არაფერ შუაშია, პირიქით, მაყურებელი მზად აღმოჩნდა და საკმაოდ აქტიური, არამედ მომეჩვენა, რომ რეჟისორმა ამით მაყურებელი გაართო და იძულებით ჩართო იმ ამბავში, რაც სცენაზე მიმდინარეობდა კამერულ სივრცეში და ინტიმურ გარემოში. კორშუნოვასი ოსტატი რეჟისორია და მას არ გასჭირვებია ატმოსფეროს შექმნა, თან ეს სპექტაკლი, როგორც თავად ამბობს, ერთგვარი ექსპერიმენტია და ლაბორატორიული მუშაობის მაგალითია (ამ სპექტაკლმა პიტერ ბრუკის ბოლო „ჰამლეტიც“ გამახსენა), როცა რეჟისორი შედეგზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ პროცესზე, როცა მსახიობმა გმირის გარდა საკუთარი თავიც უნდა განასახიეროს, ანუ შეინარჩუნოს ის რეალობა, როგორებიც ისინი ცხოვრებაში არიან. რთული ამოცანის წინაშე იდგნენ მსახიობები, რომლებმაც მეტ-ნაკლებად გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას.

სივრცე, სადაც მოქმედება მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდის საწყობს ჰგავს. ერთ კუთხეში ცარიელი, სხვადასხვა სასმელების ყუთების „მთა“ დგას, ცენტრში კი გრძელი თეთრი სუფრა. მიზანსცენის განლაგებას პირდაპირ მივყავართ ბიბლიურ სიუჟეტთან, რაც კონკრეტულად საიდუმლო სერობის სცენის ასოციაციას აღძღავს მაყურებელში. ბიბლიური სიუჟეტების ციტირება გორკის „ფსკერის“ სცენური ინტერპრეტაციისას ლოგიკური მოვლენაა.

კორშუნოვასი თეთრ ელექტრონულ განათებას იყენებს, რომელიც გახუმებულის ეფექტს ახდენს. ამით რეჟსიორი ხაზს უსმევს იმ სამყაროს ერთფეროვნებას, რომელშიც მისი სპექტაკლის გმირები ცხოვრობენ, რომლებიც დღემდე ჩვენი თანამედროვეები არიან. 


ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved