თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა წელს ისე აეწყო, რომ ჯერ-ჯერობით, სცენაზე საზეიმო სვლა მუსიკასა და ვოკალს მიჰყავს. გუშინ მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი რონალდ რაბას საკონცერტო თეატრალურ წარმოდგენას „მარია დიდი ქალაქიდან“ დაეთმო. კომპანია, რომელიც უნგრეთიდან გვეწვია, წარმოდგენას ასტორ პიაცოლას ტანგოს მოტივებსა და მის ერთადერთ საოპერო ნაწარმოებზე „მარია ბუენოს აირესიდან“ აგებს და ამ მუსიკაზე დაყრდნობით რეჟისორი მისეულ, ახალ ისტორიას გვაცნობს. წარმოდგენის ავტორს კი მცდელობა ჰქონდა, შეექმნა ოპერეტა პიაცოლას მუსიკის გამოყენებით. სწორედ მუსიკოსთა ჯგუფმა სახელწოდებით „ფეხშიშველი მუსიკოსები“ მოიპოვეს უფლება პიაცოლას სიმღერების უნგრულ ენაზე შესრულების. წარმოდგენაში მიუხედავად იმისა, რომ არის ქმედება, არტისტის პერსონაჟად გარდასხვის მცდელობა და ტექსტი, ის მაინც მუსიკის სფეროს განეკუთვნება, რადგან წარმართველი ძალა აქ მუსიკის ახლებური ინტერპრეტაციაა, რომელიც თანამედროვეა და მელოდიური.

სცენაზე მუსიკოსებთან ერთად ერთი მსახიობი, მარიას როლის შემსრულებელი ანა მარია ლანგი დგას. 70 წუთის განმავლობაში მას და ასტორ პიაცოლას ჰანგებს უწევს მაყურებლის მოგზაურობის ორგანიზება ბუენოს აირესელი მარიას თავგადასავლებით სავსე სამყაროში. ვერ ვიტვვი, რომ ქარმოდგენის მთავარი და ფაქტობრივად ერთადერთი გმირი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, მაგრამ მარია მომხიბვლელი, ეფექტური და ეშხიანი ქალია, რომელიც ანდამატივით იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, რომლის გამოც მას დაუსრულებელი კონფლიქტი აქვს თანაქალაქელ მეძავებთან.

ანა მარია ლანდი გამორჩეული პლასტიკისა და ხმის ტემბრის არტისტია. მას მაყურებლის პირისპირ გამკლავება უწევს იმ დატვირთვასთან, რომელიც მას 70 წუთის განმავლობაში აკისრია. ის მღერის, თამაშობს, ასრულებს და მონოლოგის რეჟიმში გაუჩერებლად ლაპარაკობს. სიმღერების შესრულების სფეციფიკური ხერხი და გამორჩეული ხმის ტემბრი მის არტისტულობას მეტ ღირსებას მატებს.

2006 წელს დაარსებული ჯგუფი „ფეხშიშველი მუსიკოსები“ ცდილობს წარმოადგინოს თანამედროვე კომპოზიტორები, თუმცა ასრულებენ ძველ ნაწარმოებებსაც თანამედროვე მუსიკისთან კომბინაციით. „მარია დიდი ქალაქიდან“ სწორედ ამ ექსპერიმენტის პროდუქტია.  


ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved