თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გამოირჩევა - სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სტილისტიკით, სხვადასხვა ჟანრში შექმნილი, განსხვავებული სათეატრო ენით მოთხრობილი, სხვადასხვა სათეატრო სივრცისათვის განკუთვნილი სპექტაკლების ჩვენებით. მარჯანიშვილის თეატრის ვასო ყუშიტაშვილის სახელობის სარეპეტიციოში გათამაშებული წარმოდგენა - „ღმერთები დაეცნენ, ვინღა დაგვიცავს“ (“Gods are fallen and all safety gone”) - წლევანდელი ფესტივალის ყველაზე უფრო ინტიმური ხასიათის წარმოდგენაა. რეჟისორების, მწერლების, მსახიობების, მხატვრების მიერ დაარსებული ნიუქასლის საერთაშორისო თეატრალური კომპანიის - “Greyscale”-ს მიზანია თანამედროვე სათეატრო ფორმების ძიება და მაყურებლისთვის ისეთი სპექტაკლების ჩვენება, რომლებიც არა მარტო აქტუალურია,  არამედ არ იქნება მოსაწყენი.

ტექსტის ავტორი და რეჟისორი სელმა დიმიტრიევიჩი მსახიობებთან - შაან კემპიონთან და სკოტ თარნბულთან ერთად, მინიმალური თეატრალური ხერხების გამოყენებით, დედისა და ქალიშვილის ურთიერთობის პრიზმაში, ადამიანთა შორის გაჩენილ ნაპრალზე მოგვითხრობენ - ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმით, ახლობელ ადამინთა ურთიერთობაშიც კი დაკარგულია - სითბო, სიყვარული, თანაგანცდა, ურთიერთგაგება. რეჟისორი და მსახიობები, დედისა და ქალიშვილის ცხოვრების ერთ ეპიზოდს ოთხჯერ გაითამაშებენ.  სამჯერ მათ ქმედებასა და ტექსტში, ცვლილებები თითქმის არ არის, მაგრამ მსახიობები, დედისა და ქალიშვილის ცხოვრებიდან აღებულ ერთ სიტუაციას, სხვადასხვა გრძნობად კონტექსტში თამაშობენ. თავიდან ისინი - უემოციობას, გულგრილობას, მერე გაღიზიანებას, მესამეჯერ ბრაზს განასახიერებენ. ხოლო, მეოთხედ კი, მათი ურთიერთობა სიყვარულით და თანაგრძნობით არის სავსე. ბედის ირონია კი ის არის, რომ ეს, უკვე აღარ ხდება რეალურ ცხოვრებაში - ქალიშვილი დედას თავის ფიქრებში, მისი გარდაცვალების შემდეგ ესაუბრება. და, სწორედ, ამ გამოგონილ სამყაროში არიან ისინი მოსიყვარულე დედა-შვილი, მეგობრები. 50 წუთიან სპექტაკლში, შაან კემპიონი და სკოტ თარნბული, ემოციურად, გრძნობითად, ტექსტში აქცენტების და ინტონაციების გადაადგილებით, ოსტატურად ქმნიან დედისა და ქალიშვილის სახეებს. სელმა დიმიტრიევჩმა,  ჩემი აზრით გამიზნუალად, დედისა და ქალიშვილის სახეები, მამაკაც მსახიობებს განასახიერებინა. სპექტაკლის ავტორები გვეუბნებიან, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სქესს, აქ მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. სპექტაკლის პერსონაჟთა ცხოვრება წრეზე ბრუნავს, მათ ცხოვრებაში სულ ერთი და იგივე მეორდება, ამიტომაც რეჟისორის კონცეფციით, პირველი სამი ეპიზოდის თამაშისას, მსახიობთა მოძრაობა ერთგვარ წრეს ქმნის. მხოლოდ, მეოთხე ეპიზოდში სხედან და მშვიდად საუბრობენ. მსახიობები პროფესიონალურად გადმოსცემენ: მოლოდინს, იმედგაცრუებას, საყვედურს, ბრაზს  და საბოლოოდ კი სიყვარულს.

 

მაკა ვასაძე

© 2024 All Rights Reserved