გუშინ, ფესტივალის მომდევნო და მნიშვნელოვანი ეტაპის „ქართული სპექტაკლების პროგრამა 2015“- ის  ახალი ცხოვრება დაიწყო. პროგრამა, რომელსაც 80-მდე უცხოელი ექსპერტი, პროდიუსერი, ფესტივალის კოორდინატორი და თეატრმცოდნე დაესწრება, შერჩეულია საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირისა (პრეხზედენტი ნიკოლოზ წულუკიძე) და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს სექციის (ხელმძღვანელი ირინა ღოღობერიძე) მიერ. ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია თეატრები როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამას წელს დაემატა კიდევ ერთი ქვეპროგრამა OFF, რომელშიც არარეკომენდირებულ სპექტაკლებთან ერთად, რამდენიმე თეატრის საპრემიერო ჩვენაბაც არის დაგეგმილი. 

გარდა გასული სეზონის სპექტაკლებისა, ქართული სპექტაკლების პროგრამა მოიცავს პრემიერებს, რომელსაც არა მხოლოდ უცხოელი ექსპერტები, არამედ ქართველი მაყურებელიც პირველად ნახავს. განსაკუთრებით დიდი მოლოდინია კოტე ფურცელაძის ქორეოდრამის „სამი და“ (ჩეხოვის მიხედვით) და მიშა ჩარკვიანის „მედეა“ (ორივე მუსიკისა და დრამის თეატრის პროდუქციაა) მიმართ. 
ქართული სპექტაკლების პროგრამა საზეიმოდ „დილის შეხვედრებზე“ ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიხსნა. სტუმრებს მიესალმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის გენერალური მენეჯერი ეკატერინე მაზმიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის მნიშვნელობაზე და იმაზეც, რომ წელს სტუმრების რაოდენობამ უპრეცედენტო ციფრს მიაღწია. 

ქართული სპექტაკლების პროგრამა უცხოელ სტუმრებს პრეზენტაციის სახით თეატრმცოდნე მაკა ვასაძემ წარუდგინა, რომელიც ამავდროულად არის ფესტივალის ქართული პროგრამის შესარჩევი კომისიის წევრი. (კატალოგშიც ქართულ პროგრამას მაკა ვასაძე წარადგენს) მან სათითაოდ ისაუბრა კრიტიკოსების მიერ რეკომენდირებულ სპექტაკლებზე და აღნიშნა, თუ რატომ არის მხოლოდ 12 სპექტაკლი რეკომენდირებულები. 

ქართული სპექტაკლების პროგრამის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი გამოდგა თეატრის მოყვარულთათვის. მწერალთა სახლში ახალგაზრდა მსახიობები, რეჟისორები, ჟურნალისტები და თეატრმცოდნეები ლონდონის „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელს დომინიკ დრუმგულის შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რეჟისორმა გულწრფელად უპასუხა ახალგაზრდებს ყველა დასმულ შეკითხვაზე და ისიც დასძინა, რომ მას განსაკუთრებულად უყვარს საქართველო და ქართული თეატრი. დომინიკ დრომგული უკვე მესამედ იმყოფება საქართველოში. პირველად იგი თბილისს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ეწვია. როგორც თავად აღნიშნა, იმის შემდეგ თბილისი რადიკალურად შეცვლილია, მაშინ კი თბილისი გაუგებარი, რთული და მშფოთვარე ქალაქი იყო. პირველი ვიზიტის დროს დომინიკმა გაიცნო მიხეილ თუმანიშვილი, სამი კვირის განმავლობაში ის კინომსახიობთა თეატრში ესწრებოდა რეპეტიციებს. ასევე აქ ყოფნისას გაიცნო გიზო ჟორდანია, რომელიც რუსთაველის თეატრის ახლაგაზრდა დასთან ერთად, იმხანად, შექსპირის „ჰამლეტზე“ მუშაობდა (ამ სპექტაკლში მაშინ ქართული თეატრის ახალგაზრდა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ). არაერთგზის შეხვდა რობერტ სტურუასაც და მის რეპეტიციებსაც დაესწრო. დომინიკ დრომგულიმ ევროპულ თეატრზე ქართული თეატრის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის თეატრალურ რუკაზე მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. „გაოცებული ვარ, რამდენად კარგ, განსაკუთრებულ და საინტერესო თეატრს ქმნის ასეთი პატარა ქვეყანა... “ - აღნიშნა მან. მეორედ, საქართველოში დომინიკ დრომგული პროექტის „სამყარო გლობუსში“ ფარგლებში დაბრუნდა, როცა ფესტივალისთვის შექსპირის საუკეთესო დადგმებს არჩევდა სხვადასხვა ქვეყნებში. მაშინ შეხვდა ლევან წულაძესა და დაუმეგობრდა მარჯანიშვილის თეატრს. საქართველო ამ ფესტივალში ლევან წულაძის სპექტაკლით „როგორც გენებოთ“ წარსდგა და „გარდიანის“ ხუთ ვარსკვლავთან ერთად კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 

დომინიკი დრომგულმა შექსპირის „გლობუსის“ სფეციფიკურობასა და განსაკუთრებულობაზეც ისაუბრა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თეატრი, რომელიც ტრადიციების პატივსაცემად შეიქმნა და იმისათვის, რომ ეცხოვრა წარსულით, ახლა მხოლოდ მომავალზეა ორიენტირებული, მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. თეატრი „გლობუსი“ ცდილობს მუდმივად იყოს განახლების პროცესში. რეჟისორმა ისაუბრა მაყურებელზე, შექსპირის სცენურ ინტერპრეტაციებზე თანამედროვე თეატრში და აღნიშნა, რომ ახალი თაობის რეჟისორები ძველების კალკირებას და ციტირებას ახდენენ, იმ გზას ხელახლა გადიან, რაც უფროსმა თაობამ შექსპირის ახლებური ინტერპრეტაციის გზაზე გაიარა. მან ისაუბრა მის სპექტაკლზეც „ჰამლეტი“, რომელიც „გლობუსმა“ წვიმის გამო მოძრაობის თეატრში წარმოადგინა. (სპექტაკლის ჩვენება ღია ცის ქვეშ იყო დადგეგმილი, როგორც თავად „გლობუსში“). 

საღამოს, მარჯანიშვილის თეატრში ტომას ოსტერმაიერის „ხალხის მტერმა“ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა და ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა ყველაზე „გემრიელი ლუკმით“ დაიხურა. სპექტაკლის შემდეგ გაიმართა შეხვედრა რეჟისორთან, რომელშიც მაყურებელი მონაწილეობდა. შეხვედრა ტრადიციულად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ძირითადად, საუბარი სპექტაკლის ირგვლივ წარიმართა. რეჟისორმა სცენოგრაფიის ირგვლივ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეკორაცია, რომელიც სპექტაკლშია „ხალხის მტერი“, წარმოადგენს გაგრძელებას მის მიერ იბსენის დადგმების ციკლისა, სადაც ყველა დეკორაცია ერთმანეთს ჰგავს. შავი ყუთი, რომელიც ცარცით იხატება, წარმოადგენს ხელოვნების დამოუკიდებელ ნიმუშებს. შავ კედლებზე არასიზუსტით, საოჯახო ტექნიკაა დახატული, რომელიც არ ქმნის ნამდვილობის ილუზიას, როგორც თავად სპექტაკლი. რეჟისორის აზრით, სპექტაკლი ლოკალურ ჭრილშია დადგმული და პირად პრობლემებზე, თუმცა სპექტაკლში დასმული პრობლენები აქტუალურია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის საზოგადოებისთვის, რაც საგასტროლო ტურნეებმაც დაადასტურა სხვადასხვა კონტინენტებზე. 

დარბაზში დამსწრე დრამატურგების (არადა ძალიან ცოტანი იყვნენ ისინი) კითხვას გულწრფელი პასუხი გასცა ტომას ოსტერმაიერმა: „ცუდი მკითხველი ვარ, რომ არ მიყვარს კითხვა იმიტომაც ვდგამ, მოდით ვიყოთ გულწრფელები, შექსპირს პირველად რომ ვკითხულობთ, ვერაფერს ვიგებთ, მხოლოდ დადგმის დროს ვწვდებით სიღრმეებს. ჩვენ პიესაზე მუშაობის დროს ვივიწყებთ პოლიტიკას და ვმუშაობთ მსახიობთან. მსახიობისგან კი ის ემოციები მოდის, რომელიც ნადვილია და ხელშესახები.“
მსახიობ კატო კალატოზიშვილის კითხვას, დადგამს თუ არა ტომას ოსტერმაიერი სპექტაკლს საქართველოში, რეჟისორმა უპასუხა, რომ 2018 წლის ჩათვლით ის მთლიანად დაჯავშნულია, რასაც ფესტივალის დირექტორის დამაიმედებელი რეპლიკა მოჰყვა. 

გუშინვე Show Case - ის  სტუმრები დაესწრენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს „1945“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლს „ბეჩავი“ (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი) და ბათუმის თეატრის წარმოდგენას „ბონდოს ღამე“ (რეჟისორი ანდრო ენუქიძე). სპექტაკლების დასრულების შემდეგ ფესტივალის სტუმრებმა და მაყურებელმა მოძრაობის თეატრში მოიყარა თავი ქართული ტკბილეულისა და ღვინის დასაგემოვნებლად. ერთ სივრცეში, სასიამოვნო მუსიკისა და ქართული ღვინის დაგემოვნების ფონზე ტკბილად საუბრობდა მსოფლიო სათეატრო კრიტიკა და ევროპული თეატრი. (რა თქმა უნდა, ქართულ თეატრს ევროპულში მოვიაზრებ)


ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved