1 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა “New”-ს ბოლო წარმოდგენა - „სასოწარკვეთილების ზღვარზე“ (On the desperate edge of now), კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრში“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა, წლევანდელი პროგრამა „New”-სთვის, სათეატრო ენითა და ფორმით შექმნილი, 4 განსხვავებული სპექტაკლი შეარჩიეს. ამჯერად,  ნორვეგიელმა ხელოვანებმა - ცეკვისა და მოძრაობის თეატრის სინთეზური სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს.

 ნორვეგიელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის  კარი ჰოასის მიერ,  2004 წ. დაარსებულ, „კარი ჰოასის პროდაქშენი“ მუდმივმოქმედი დასი არ არის. ყოველი ახალი პროექტისათვის, მას  აჰყავს მოცეკვავეები არა მარტო ნორვეგიიდან, არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დაფინანსებაც მსოფლიოს სხვადასხვა ფონდიდან აქვს. ყოველ ახალი სპექტაკლი ლაბორატორიული ტიპის - ძიებების, კვლევის, ახლის მიგნებების გზით - მუშაობით იქმნება. „კარი ჰოასის პროდაქშენი“ სხვადასხვა სახის სოლო თუ ჯგუფურ სანახაობას ქმნის და ამ წარმოდგენებით მოგზაურობს მსოფლიოში.

სპექტაკლის „სასოწარკვეთილების ზღვარზე“ პრემიერა 2013 წ. შედგა და მას შემდეგ არაერთი ფესტივალი მოიარა. კარი ჰოასის (დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი) თანამედროვე ცეკვის, აკრობატული და მოძრაობის თეატრის ელემენტებით შექმნილ სპექტაკლში, მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ. მოცეკვავეები: კენეთ ფლაკი, ანტერო ჰეინი, ერიკ რულინი, ოსკარ სანესანი, ენტონ რეთლინგი - სხეულის ენით მოგვითხრობენ მამაკაცის ცხოვრების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში ვერბალური მხარეც არის გამოყენებული: „სიზმარზე“, „ზმანებებზე“, „სიკვდილზე“ - გვიყვება სპექტაკლის 5 მონაწილე. მათი მოძრაობები, ხან დეპრესიაში მყოფი ადამიანის კონვულსიურ განცდებს, ხან მეგობრობას, ხან ჩხუბს, ხან ნგრევას, ხან შენებას, ხან უფროსისა და ქვეშევრდომის, ხან დედა-შვილის ურთიერთობებს გადმოსცემს. ფინალში კი ცხოვრებისაგან დაღლილი შვილი თვითმკვლელობაზე ესაუბრება დედას.

სპექტაკლი რამდენიმე ეპიზოდად არის დაყოფილი, მაგრამ მათ საერთო სიუჟეტური ქარგა აერთიანებს - ადამიანის, ამ შემთხვევაში მამაკაცის, პერიპეტიებით აღსავსე ცხოვრება. თითო ეპიზოდი ან გუნდურად, ან სოლოდ, ან დუეტად, ან ტრიოდ, ან კვარტეტად სრულდება. წარმოსადეგი გაერეგნობის მოცეკვავეები, ძირითადად სხეულის ენით გადმოსცემენ მაყურებელს - ტკივილს, განცდას, გრძნობას, ფიქრს... მოკლედ სათქმელს.

მაკა ვასაძე

© 2024 All Rights Reserved