თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა მარჯანიშვილის თეატრში შაუბიუნეს წარმოდგენით „ხალხის მტერ“ დასრულდა, რომელიც ფესტივალის პროგრამის ყველაზე ტკბილი, მწვავე, გემრიელი ლუკმა აღმოჩნდა. ტომას ოსტერმაიერის სპექტაკლი სპექტაკლი დიდხანს ემახსოვრება ქართველ მაყურებელს, რომელიც ჩვეულებრივად იწყება, არაჩვეულებრივად ვითარდება და პრობლემის გადაუჭრელად სრულდება. ოსტერმაიერი იბსენის პიესას დგამს ჩვენზე და არა მათზე, ვინც სცენაზე დგას. ამიტომაც, ის ეხმიანება რეალობას, რომელიც თითქოს კონკრეტულია, ლოკალურიც, მაგრამ საყოველთაო და ყველასთვის აქტუალური.

მე-19 საუკუნის ბოლოს დაწერილ პიესას ის დგამს, როგორც გუშინ დაწერილ პიესას ჩვენზე, ადამიანებზე, საზოგადოებაზე, პოლიტიკოსებზე, მათ ურთიერთობებზე ერთმანეთთან. როცა სცენაზე წარმოთქმულ ტექსტებს ვისმენდი, წარმოვიდგენდი მათ პროტოტიპებს და ვხედავდი დარბაზშიც, ვაკვირდებოდი მათ რეაქციებს, რომლებიც არ იმჩნევდნენ იმ გარემოებას, რაც სცენაზე თამაშდებოდა ჩვენს თვალწინ. გამოთქმა: - თეატრი ჩვენი ცხოვრების სარკე - სწორედ უპირველეს ყოვლისა, ტომას ოსტერმაიერის სპექტაკლზე „ხალხის მტერი“ ითქმის, რომელიც პირდაპირ გეხება და უშუალოდ გითრევს პრობლემის გადასაჭრელად.

ამბავი, რომელიც ახლა და ამ წუთას ხდება, ჩვენი უახლოესი ცხოვრების ფრაგმენტებია. სცენოგრაფი კატარინა ზიემკე მიმდინარე დროს ეფექტურად ქმნის სცენოგრაფიითა და კოსტიუმებით, ჩვენი დროის ატმოსფერო ზედმიწევნით კარგად გამოიკვეთა სპექტაკლში.

წარმოდგენის დასაწყისში მაყურებელთა დარბაზს და სცენას გამჭირვალე ბადე ჰყოფს. ეს არა მხოლოდ რეალური გამყოფია ამ ორ სიბრტყეს შორის, არამედ მან დააშორა კიდეც მაყურებელი იქეთ, ოდნავ შორს, სცენაზე გათამაშებულ ამბავს, მაგრამ მალევე დარბაზი და სცენა გაერთიანდა და ერთმანეთშიც კი აირია. რეჟისორმა ჯერ არაპირდაპირი ინტერაქტივი შემოგვთავაზა, ხოლო შემდეგ მსახიობები პარტერში ჩამოიყვანა და უნებლიეთ სპექტაკლის მონაწილეებიც გაგვხადა. პერსონაჟებსა და მაყურებელს შორის პოლემიკაც კი წარიმართა საზოგადოებისთვის მტკივნეულ და მწვავე საკითხებზე. მსახიობებმა ამ ფორმიდან გამოსვლაც ისე ოსტატურად მოახერხეს, რომ მაყურებელი გაოცებული დარჩა.

სპექტაკლში ყველაფერი ბუნებრივია, რეალური და ხელმისაწვდომი. შორს ყოველგვარი პათეტიკურობისაგან, მუსიკალურ ხმოვანი რიგიც კი იმდენად ბუნებრივია, რომ ყველა ხმა დინამიკებიდან კი არ ისმის, არამედ იმ ადგილიდან, საიდანაც უნდა ისმოდეს. გარდა ამისა, ოსტერმაიერი უკიდურეს პირობითობასაც გვთავაზობს. სურათების დასრულების შემდეგ მსახიობები სცენის დეკორატორ-მემონტაჟეებად გვევლინებიან და დეკორაციას მომდევნო სურათისთვის ამზადებენ.

ტომას ოსტერმაიერის „ხალხის მტერი“ ის სპექტაკლია, რომელიც კლევას, დაფიქრებას და ღრმა ანალიზს საჭიროებს. სპექტაკლი საუკეთესო არტისტული ანსამბლით, თანმიმდევრული რეჟისურითა და ზუსტი სცენოგრაფიული გადაწყვეტით ნებისმიერი სათეატრო კრიტიკოსისთვის ყველაზე აზარტული და მრავალი შემოქმედებითი იმპლუსის აღმძვრელი სპექტაკლია. რეჟისორი მრავალ მნიშვნელოვან აქცენტთაგან, ხაზს იბსენის შემდეგ მოსაზრებებს უსმევს, რომელიც ჩვენში დღეს, განსაკუთრებით თანამედროვედ, აქტუალურად და პრობლემატურად ჟღერს:  

„კრიტიკული პრესის შიში რომ არ გქონდეთ არ გაინძრეოდით...“

„ადამიანი ცვალებადია და ის სულ რაღაცას სწავლობს...“

„სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურად დამპალ ნიადაგზე დგას...“

„ჩვენ დეპრესიაში ეკონომიკური კრიზისი კი არა, განვითარება გვაგდებს...“

რეჟისორი ორ სიმართლეს შორის იჭყლიტება, იგი ბოლომდე არ ხდის ცხადს მის პოზიციას, ობიექტურადაც, ორივე სტოკმანს თავისი სიმართლე აქვს და ისინი ამ პოზიციას ბოლომდე იცავენ. მაყურებელი კი ექიმი სტოკმანის მსგავსად საგონებელში ვარდება. ის ურთულესი არჩევანის წინაშე დგება. საკუთარ არჩევანს თითოეული მათგანი, ჩუმად, მის გულში და ფიქრებში აკეთებს, როცა ისინი საკუთარ თავთან მარტო რჩებიან.  

ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved