ლელა ოჩიაური

რომ შეიძლებოდეს, დავწერდი ბევრ ძახილის ნიშანს, ბევრ გულს, ბევრ „ბრავოს“, აღტაცების, ემოციის გამომხატველ ბევრ აღმატებულ ეპითეტს, რადგან ვერ ვპოულობ სიტყვებსა და აზრის  ფორმულირებებს იმ შთაბეჭდილების,  გრძნობებისა და შეგრძნებების გადმოსაცემად, რომელიც, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, რეჟისორ მილო რაოს „მისანმა“ (ტომას ოსტერმაიერის შაუბიუნეს თეატრიდან),  გამოიწვია და სიტყვები რომ მართლა უძლურია, მოწმობდა სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებლის რეაქციაც, რომელიც თავჩაღუნული, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილი და საკუთარ ფიქრებში ჩაკეტილი, უხმოდ ტოვებდა დარბაზს.

ტექსტი, როგორც ანოტაციაში ვეცნობით, „შთაგონებულია სოფოკლეს ტრაგედიით „ფილოქტეტეტესი“, რაც გამოყენებულია ურსინა ლარდისა და მილო რაუს დოკუმენტური მასალის კვლევაში, ტექსტში მათ ჩართულობაში, ბეტინა ერლიხისა და კარმენ ჰორნბოსტელის დრამატურგიის საფუძველზე. ტექსტში ბევრი ნაცნობი, რეალურად არსებული - წარსულსა და აწმყოში, მითოსსა თუ ისტორიულ ქრონიკებში, ლიტერატურასა თუ სატელევიზიო/სოციალურ ქსელებსი არსებული ამბავი, გმირი, სიტუაცია, ინფორმაციაა ჩართული და გამთლიანებული, როგორც ცხოვრების უსასრულობისა და განმეორებადობის ნიშანი, ადამიანის არსებობის, სიკვდილის, ყოფნისა და არყოფნის, ომისა და მშვიდობის, ძალადობისა და სიყვარულის, თანაგრძნობის - დიდებული და ბოროტების - უსასტიკესი - გამხატულების შესახებ.

„მისანი“ ორი სამყაროს, ორი მოცემულობის, ორი განზომილების და დროში უსასრულობის გაერთიანებითაა შექმნილი - სცენური და ეკრანული, რომელიც სწორედ ამ ორ განზომილებას აკავშირებს და აიგივებს. შლის დიტანციასა და მანძილს. ქვეყნებსა და ჰორიზონტებს შორის. ზუსტად იქ, სადაც ოდესღაც, მითურ და უდროო დროში - ტროა, ლემნოსი, ნინევია, ასურეთი არსებობდა...

მოქმედებაც ამ ორ სივრცეში ხდება, რომლებშიც ორი ადამიანია მოქცეული, თავიანთი ცხოვრების მონათხრობითა და აღწერით, შუალო ჩართულობითა სამყაროში მიმდინარე პროცესების მიმართ დამოკიდებულებების მეტყველი გამომსახველობით. მსახიობი - ურსინა ლარდი, რომლის სრულიად „არაადამიანური“ ოსტატობა და ორგანულობა გავიწყებს, რომ იგი მხოლოდ ასრულებს ომის ჟურნალისტის როლს და არა საკუთარ გამცდილებას იხსენებს და  აზად ჰასანი - მოსულელი პედაგოგი, რომელიც ასევე გავიწყებს, რომ რეალური ადამიანია, საკუთარი და დრამატული ნამდვილი ბიოგრაფიით და არა მილო რაუს სპექტაკლის „შექმნილი“ პერსონაჟი. (ქვეცნობიერად, შეიძლება, უბრალოდ გინდა, რომ ასე იყოს). თუმცა, ყველა მოცემულობაში - ანტიკური ტრაგედიის გმირი თანამედროვე ეპოქაში.

უდაბნოს ქვიშასა თუ დანგრეული ქალაქების ნაშალში ჩაფლული ნივთები (ანტონ ლუკასის სცენოგრაფია და კოსტუმები), სივრცე, სადაც ურსინა ლარდი მოქმედებს, ეკრანზე გამოსახული ასეთივე გაუდაბურებული ტრამალის, სადღაც შორს არსებული ქალაქის (მოსული) ფონზე (ვიდეო მორიც ფონ დუნგერნი) ვითარდება, საიდანაც  აზად ჰასანი, მოქმედებაში დროდადრო ერთვება და შემდეგ, სადაც - თანამედროვე, ომის შემდგომი მოსულის ქუჩებში - ის და ურსინა ლარდი ერთად გადაადგილდებიან და მოქმედებენ.

სცენაზე - ცენტრალურ ობიექტზე მიმდინარე ეპიზოდების ვიზუალური გამომსახველობა,  და ვიდეო და აუდიო ჩანაწერები - უშუალოდ სპექტაკლისთვის შექმნილი თუ ქრონიკა - კინო თუ ფოტოკადრები (არმინ სმაილოვიჩის ფოტოები), სასცენო სივრცის აგებულება და უკანა კედელზე გადაჭიმულ დიდფორმატიან ეკრანთან კავშირი, ქვეყნებს შორის სიახლოვის ილუზია და დისტანცია, განზომილებები მუდმივად იცვლება - მიზანსცენების გადაადგილებით, განათებით (შტეფან ებელსბერგერის დიზაინი), ცხოვრებისეული თუ წარმოსახვითი, სროლის, აფეთქებების, ადამიანების ნამდვილი და ირეალური ხმებით, ხმაურებით, მუსიკის, „საიდანღაც“ შემოჭრილი, „კათარზისული“ თუ აგრესიული ფრაგმენტებით (ხმის დიზაინი ელია რედიგერი).

ურთულესი ტექნიკური გადაწყვეტა, თითოეულ ელემენტის უზუსტესი და ქმედითი სინქრონი - ხედვითი და ხმოვანი, არა მხოლოდ ტექნიკურად, მხატვრულად და ფსიქოლოგიურად გათვლილი ყოველი დეტალი - ქმნიან აბსოლუტურად მომაჯადოებელ, მედიტაციურ სამყაროს, რომელიც ხელოვნების რეალურ შესაძლებლობებს სცდება.

შეიძლება ურსინა ლარდის პერსონაჟის, როგორც ძალადობისა და ომის მსხვერპლი ათეულობით ქალის სახედაა ქცეული; შეიძლება აზად ჰასანის, მისი ძმის, მოძალადეების ხელით მიყენებულ სულიერ თუ ფიზიკურ იარებს ასკლეპიოსი ვერ განკურნავს, მაგრამ თითოეულმა მათგანმა, ვინც გადარჩა, გადაურჩა ძალადობას, ომს, დევნას, უსამშოობლოობას, ცხოვრება უნდა გააგრძელონ.

„მისანი“ ორი ადამიანის ბედის ჩვენებით  - თამამედროვე  სამყაროს მითს, თანამედროვე ტრაგედიას ქმნის, რომელიც კიდევ ერთხელ, საუკუნეების შემდეგაც ამტკიცებს, რომ ტრაგედიის კანონების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ომი, ძალადობა, დევნა, სისასტიკე გრძელდება და დასასრული არ უჩანს, ცხოვრება გრძელდება. გრძელდება თავისი დაუმარცხებელი გმირების წყალობით, რომლების არსებობაც სამყაროს არსებობისა და სიცოცხლის უწყვეტობის აუცილებელი პირობაა.

 

 

© 2026 All Rights Reserved