იდუმალი და ხილული ვარიაციები (ქართული შოუქეისის პროგრამა)

თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა გლობალური პანდემიის გამო დადუმებული დარბაზები როგორც იქნა გამოაცოცხლა და მაყურებელს ისევ მოუხმო თეატრალური ხელოვნების ლაბირინთებში გზების გასაკვლევად. ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, 2022 წელი მაინც ტრავმებით დაღდასმული აღმოჩნდა: ივნისში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე. 

ის ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია, რომელმაც თითქმის 50-წლიანი კარიერის განმავლობაში 80-ზე მეტი დრამატული თუ საოპერო სპექტაკლი დადგა თბილისში, სანკტ-პეტერბურგში, მილანში, პარიზსა თუ მოსკოვში. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო თეატრალური ჯილდო და პრიზი, რომელთა ჩამოთვლაც  კი შორს წაგვიყვანს... 2014 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძვანელობდა თეატრალური ხელოვნების განვითარების ცეტრს, რომელიც ახალგაზრდა დრამატურგებსა და რეჟისორებს პროფესიული განვითარების შესანიშნავ საშუალებას აძლევდა.

ქართული შოუს-ქეისის პროგრამაში რეჟისორის ბოლო ნამუშევარს - ცნობილი ფრანგი დრამატურგის, ერიკ-ემანუელ შმიტის „იდუმალ ვარიაციებს“  ვიხილავთ, რომელიც მან მარჯანიშვილის თეატრში დადგა. რეჟისორი კამერული, დახვეწილი და ლამის „ხელით ნაქსოვი“ ატმოსფერული თეატრის ერთგული რჩება და გვაზიარებს მსახიობთა შესანიშნავი ნამუშევრებით გამდიდრებულ, ცოცხალ, ფსიქოლოგიური დინებით გამორჩეულ თხრობას, რომელიც დიდი ხანია  დეფიციტია (ან როგორც ამბობენ, „მოდაში აღარ არის)...თუმცა რასაც თემურ ჩეიძე ამ ორკაციან, კამერულ სპექტაკლში ქმნის, უბრალოებაში მოქცეული თუ ჩატეული პერფექციონიზმის მაგალითია. ასე რომ, გირჩევთ დიდი რეჟისორის ბოლო „ვარიაცია“ არ გამოტოვოთ.

კლასიკოსებს მიანდო თავისი კონცეფცია რეჟისორმა ლევან წულაძემ, თემო კუპრავასთან ერთად. ესაა ტრილოგია ძალადობის თემაზე: ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“, ფიოდორ დოსტოევსკის  „დანაშაული და სასჯელი“ და ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“. ამ ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილები ერთგვარად ერითმება ერთმანეთს და ოჯახური ძალადობისა და ქალის მიმართ ძალადობის თემებს თანამედროვე ენით ასახავს.  კლასიკოსის, რეზო გაბრიაძის წლების წინ შესრულებული  რეჟისორული ნამუშევარი - „ალფრედი და ვიოლეტა“, ირონიისა და სევდიანი პასაჟების განახლებული შრეებით აავსო რეჟისორის გარდაცვლების შემდეგ, მისმა  შვილმა, მარიონეტების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლეო გაბრიაძემ. ამ სპექტაკლით ასევე ვიგრძნობთ ჯადოსნური მარიონეტების განახლებულ სუნთქვას.

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჩეხოვის „თოლიაში“  („ახალი თეატრის“ პრემიერა, 2022 წლის ივნისი) მოულოდნელი ირონიის, თანამედროვე ენის, გროტესკგამოვლილი ფსიქოლოგიზმის მიღმ, თანამედროვე თეატრის ჭირვეული და სწრაფწარმავალი ფორმები დაინახა... რასაც ასე დრამატულად ეძებდა კონსტანტინ ტრეპლევი (ამ როლს ახალგაზრდა და უკვე ძალიან პოპულარული, გივიკო ბარათაშვილი ასრულებს).

საბა ასლამაზიშვილი „ავადმყოფობის სიმულაციაში“ ( მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“ ჭიათურის თეატრში) ცდილობს ადამიანის გამონაგონ, ილუზორულ ცხოვრებას რეალური და მტკივნეული რეალობა დაუპირისპიროს. სოფო ქელბაქიანი სტრინდბერგის ცნობილ  პიესაში „ფრეკენ ჟული“ ცდილობს რეალობა კიდევ უფრო მტკივნეული გახადოს,  ვიდრე ილუზორული ცხოვრებაა (უნდა აღვნიშნოთ ორი ახალგაზრდა მსახიობის, ანასტასია ჭანტურაიას და თაკი მუმლაძის კარგი ნამუშევარი). 

კლასიკოსების „დასავლური ფრონტი“ ასე თუ ისე, ცნობილია და დრამატურგიაც ათვისებული. რაც შეეხება თანამედროვე ქართულ დრამატურგიას და პიესების დადგმების ტენდენციებს: უნდა აღვნიშნოთ რეჟისორ გოჩა ხვიჩიას  „მარინა რევია“ (ალექს ჩიღვინაძის პიესა), რომელიც   მარნეულის კულტურის ცენტრში დაიდგა და რომელმაც გასულ წელს კრისტიკოსთა ყურადღება რეჟისორული ნამუშვრით, სცენოგრაფიითა და მსახიობთა თამაშით მიიპყრო.

პაატა ციკოლია მედეას მითის სრულიად მოულოდნელ გააზრებას გვთავაზობს და თავისსავე დაწერილ და დადგმულ პიესაში მითს მტკივნეული და პროვოკაციული ფორმითა და შინაარსით ავსებს. ახალგაზრდა მაყურებლის ყურადღებას მიიპყრობს  ეკატერინე დემეტრაძის და სანდრო სამხარაძის სამსახიობო ნამუშევარი. 

გასული სეზონის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გერმანიაში მცხოვრები, აღიარებული დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის პიესა „მსახურთა შემოდგომა“, რომელიც მან სამეფო უბნის თეატრში დადგა. სამოქალაქო ომის გამო მიტოვებული სასახლე, და მსახურები ამ სასახლის ატმოსფეროში, ერთგვარ პარალელს აღძრავს ჟენესა და მროჟეკის პიესებთან. თუმცა ნინო ხარატიშვილის სურვილი, გააფართოვის და გაამდიდროს ეს ჟანრი და მას დაძაბულობის და სოციალურობის მასშტაბი შესძინოს, უდავოდ დასაფასებელია.

„სამს პლიუს სამი“ მანანა დოიაშვილის პიესაა, რომელიც რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა ოზურგეთის განახლებულ თეატრში დადგა. საპექტაკლი გასული საუკუნის 90-იანი წლების სისასტიკის, სიყვარულისა  და ადამიანური კონტაქტების დაკარგვის ატმოსფეროს ასახავს. რეჟისორმა თითქოს „ტრავმირებული დროის“ აჩრდილები გამოაღიძა, რომელთა ხელახლა ჩვენება ჩვენს გამოსაფხიზლებლად ასევე აუცილებელია... 

2022 წლის საერთაშორისო ფესტივალი (სულ 36 სპექტაკლი, პრემიერა და სპეციალური ჩვენება) გარკვეულწილად, პოსტპანდემიური ტკვილების თუ ტრავმების შესახებ შეხსენება და რეფლექსიაა. ფესტივალი პირველ რიგში თემურ ჩხეიძის ხსოვნას ეძვნება, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება, მომავალში არაერთი ქართველი რეჟისორის, დრამატურგის თუ სცენოგრაფის შთაგონების წყარო გახდება. 

 

დავით ბუხრიკიძე

© 2022 All Rights Reserved