თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ის ფესტივალია, რომელსაც უკვე 15 წელია, ყოველ შემოდგომაზე ველოდებით, რადგან ყოველთვის ახლავს ნათება, რადგან ველოდებით დღესასწაულის განცდას, და კიდევ იმიტომ ველოდებით, რომ ვნახოთ, რა ხდება დღეს მსოფლიო თეატრის სამყაროში და რომ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა, კულტურა და ჩვენი თეატრალური სიახლეები ვაჩვენოთ.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, ყველაზე თამამი ფანტაზიის მქონე და ოპტიმისტი ადამიანიც კი ვერ დაუშვებდა, რომ კორონავირუსის კოშმარი ოდესმე დასრულდებოდა და რომ სამყარო კვლავ გააგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. მაგრამ ეს დრო მოვიდა და მსოფლიოს დღევანდელობაც, ასე თუ ისე, კალაპოტში ჩადგა. ჩვენი ფესტივალიც ასე თუ ისე გათავისუფლდა მკაცრი რეგულაციების ბარიერებისგან და ტრადიციების შენარჩუნებით, არსებობის ახალ ეტაპზე გადავიდა.
და ყველაფერი, მეტ-ნაკლებად დალაგდებოდა, მსოფლიოსი მეტ-ნაკლებად დამყარდებოდა წესრიგი და ჩვენი ფიქრიცა და საქმიანობაც, მხოლოდ დადებითისა და სიხარულის მოგვრისკენ იქნებოდა მიმართული, იქნებოდა მშვიდობიანი საქმიანობისა და ხელოვნებით სრულფასოვნად დატკბობის დრო. ყველაფერი იქნებოდა, რომ არა რუსეთის (რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი მითვისებული აქვს და აგრძელებს ჩვენი მიწების ოკუპირებას) მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე და წარმოებული ომი. ომი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია გრძელდება, რომლის ჯოჯეხეთურ ბოროტებასა და აგრესიას ათასობით ადამიანი ეწირება, რომელიც ანგრევს სახლებს, ქალაქებს, სოფლებს, მაგრამ, რომელიც, ამავე დროს, ბადებს გმირ უკრაინელ ხალხს, გმირ ერს, რომლის სიმამაცე და თავდადება, ერთ ბედნიერ დღესაც, უახლოეს მომავალში, აუცილებლად უკრაინის უპირობო გამარჯვებით დასრულდება.
ახლა კი, კონკრეტულად. 2023 წელს, ტრადიციული საერთაშორისო პროგრამის პარალელურად, ასევე ყოველწლიური „შოუქეისის“ ქეისით, შესაძლებელია - საქართველოში არსებული, თითქმის ყველა თეატრის (მცირედი გამონაკლისით), სხვადასხვა რეჟისორის, სხვადასხვა ჟანრის, ფორმის, სტილის, 54 სპექტაკლის ნახვა. მონაწილეობის მსურველთა ასეთი, დღემდე არნახული რიცხვი, ერთი მხრივ, თვითონ ფესტივალის პრესტიჟსა და მისი შედეგების გავლენას შეიძლება მივაწეროთ და მეორე მხრივ, ქართულ თეატრში გასულ, პოსტპანდემიურ სეზონში, კარჩაკეტილობიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობის მონატრებითა და დაგროვილი სათქმელით დადგმული სპექტაკლების რაოდენობას.
„შოუქეისზე“ წარმოდგენილი ეს 54 სპექტაკლი, მათგან რეკომენდებული - 16 და დანარჩენი „არარეკომენდებულებიც“ (ასევე სრულუფლებიანი, თავისუფალი ჩვენებისა და მაყურებლის არჩევანის პრინციპით) - მსოფლიო და ქართული კლასიკური და თანამედროვე, ზოგიერთ შემთხვევაში, ულტრათანამედროვე, აპრობირებული, პირველად, ცნობილი, ნაკლებცნობილი, სპეციალურად დაწერილი და საგანგებოდ გასცენურებული პიესებისა და პროზაული ნაწარმოებების მიხედვითაა დადგმული. უმეტესობის მზერისა და ინტერესის არეში მოქცეულია - XXI საუკუნის ადამიანის, უფრო ჭარბად, ახალგაზრდა თაობის პრობლემები, დღეს მიმდინარე პროცესების მეტყველი ანარეკლი, იმის, რაც საზოგადოებას აღელვებს და აფიქრებს - შექმნილი სხვადასხვა ხარისხით, ხედვითა და დამოკიდებულებით.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ტრადიციით (როდესაც შერჩევითობას სხვადასხვა ამოცანა განსაზღვრავს), წელს, რეკომენდაციის საფუძვლად აირჩა და ყურადღება ძირითადად გამახვილდა, შედარებით ახალ, ან ახალშექმნილ და დამოუკიდებელი თეატრების პროდუქციაზე, ახალი თაობის რეჟისორებზე, ახალი თეატრალური ფორმის, ახალი მხატვრული ხერხებით დადგმულ სპექტაკლებზე, ალტერნატიულ სივრცეებსა და პლატფორმებზე გათამაშებულ წარმოდგენებზე. აქცენტი (გამონაკლისის გარდა და ამასაც საგანგებო მიზეზი და საფუძველი აქვს) პრაქტიკულად გაკეთდა რეჟისორებსა და დასებზე, რომლებიც ან პირველად მონაწილეობენ ჩვენს ან ჩვენი ტიპის ფესტივალებში, მაგრამ ხარისხიან, არაგაცვეთილ პროდუქტს ქმნიან, ან/და, რომლებსაც დიდ აუდიტორიებთან შეხვედრა, საკუთარი პატარა სივრცეებიდან გამოსვლა თუ საერთოდ, ასეთის არქონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სჭირდებათ.
ჩვენი ტრადიციული მოლოდინისა და პროგრამის კიდევ ერთი მიმართულება - პრემიერებია, რისთვისაც თეატრები, ასევე ტრადიციულად, საგანგებოდ ემზადებიან. გამოცდილი, სახელმწიფო და ეკონომიკურად შედარებით თავისუფალი დასების უმეტესობა - თბილისიდან და საქართველოს სხვ ქალაქებიდან, ასევე გამოცდილ თუ ახალბედა დამოუკიდებელ კომპანიებთან ერთად - სულ ახალი სპექტაკლებით სწორედ ფესტივალზე წარსდგებიან.
„თბილისის საერთაშორისოს“ კიდევ ერთი უცვლელი სეგმენტი აქვს. როგორც ეროვნული მონაპოვარი, პროგრამაში ყოველთვისაა რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის ესა თუ ის სპექტაკლი. წელს ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან თეატრის დამაარსებელი და საქართველოში მარიონეტული კულტურის ტრადიციის დამფუძნებელი რეზო გაბრიაძე შარშან გარდაიცვალა. სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ აღადგინა და ახალი ვერსიით წარმოადგინა მისმა შვილმა და მარიონეტების თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ - „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ - ქართული თეატრალური ხელოვნების ნამდვილი ბრილიანტი.
ასევე, სპეციალური ჩვენებით, წარმოდგენილი იქნება - ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მიწვეულ უკრაინელ რეჟისორ ვლად ტროიცკის მუსიკალური დრამა, „დაკარგულის ძიებაში“, ბასა ჯანიკაშვილის პიესაზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე და აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომებსა და ზოგადად, ომს, როგორც ბოროტებას, მისგან გამოწვეულ განსაცდელს, დანაკარგებსა და გაუნელებელ ტკივილებს ეძღვნება.
უკრაინაში რუსეთის დამპყრობლური ომი კვლავ გრძელდება, მასშტაბური და გამანადგურებელი, რომელიც გვაფორიაქებს, გვამძიმებს და სიმშვიდეს გვირღვევს. ომი, რომელიც ისევე მოქმედებს საზოგადოებაზე, მისი არსებობის წესზე, ფსიქიკაზე, იმედსა და უიმედობაზე, სიცოცხლეზე, როგორც პანდემიით გამოწვეული მსხვერპლი და სასოწარკვეთა.
საქართველოსაც რთული და წინააღმდეგობრივი აწმყო აქვს და მაინც, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, იმედით შევხედოთ მომავალს და დღევანდელ დღეზე ვიზრუნოთ, რადგან ცხოვრება გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. გრძელდება და ხელახალ ძალებს იკრებს ჩვენი ფესტივალიც. რადგან, როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, გვჯერა, რომ სამყაროსთან ურთიერთობისა და სულიერი გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად და ურყევ პირობად კვლავ ხელოვნება რჩება. ამიტომაც მუდამ ვატარებთ და ყოველთვის ჩავატარებთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს.
ლელა ოჩიაური
2023 წელი