მაღალ ქუსლებზე"მარჯვენა და მარცხენა, მაღალ ქუსლებზე" - პილიგრიმ მაევსკის პიესის სახელწოდებაა, რომელიც ამა წლის 26 სექტემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის `სხვენში~, თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ამავე თეატრის მსახიობებმა სცენაზე გააცოცხლეს. პიესის კითხვაპერფორმანსი თბილისის მე-5 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ვორქშოფი პოლონეთის საელჩოს პროექტია, რომელიც პოლონელმა რეჟისორებმა ვოიცეკ სრეფანიაკიმ და საიმონ ცელიჩიმ წარადგინეს.

პიესაში მთავარ მოქმედ პირებს ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის, პოლ იოზეფ გებელსის მეუღლის, მაგდა გებელსის - კლასიკური სტილის, მაღალქუსლიანი, შავი ფერის, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელები განასახიერებენ, რომლებიც ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს და გადასახლება მიუსაჯეს. ისინი ყვებიან ისტორიებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც გადასახლებაში მოყვნენ და სასჯელს იხდიდნენ. რუსი სვეტა, ექიმის მეუღლე, ტერეზა, მოცეკვავე კრისტიანი - ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც ფეხსაცმელები თანაცხოვრობდნენ. `გებელსის ფეხსაცმელები~ ადამიანის ტყავისგანაა შეკერილი - იმ ებრაელების კანითშექმნილი, რომლებიც ნაცისტური გერმანიის რეპრესიებს შეეწირნენ. მაევსკიმ ეს ტრაგიკული თემა ქალის ფეხსაცმელებში გააერთიანა, აამეტყველა და ამგვარად მოახერხა რეჟიმის მახინჯი სახის ჩვენება. წარმოდგენის დაწყებამდე სცენაზე განთავსებულ ექვს სკამზე მსახიობები სხედან (ერთ-ერთი გიტარაზე გაურკვეველ მელოდიას უკრავს). სცენას ვერტიკალურად დაშვებული თეთრი ქაღალდის მახვილი კუთხე ქმნის. ეს შეუვსებელი სუფთა ფურცლებია, რომლებზეც თითოეულმა ჩვენგანმა წერა უნდა დავიწყოთ. ამ "სასტარტო ნაბიჯის" გადადგმა კი ადამიანს, ყველაზე მეტად უჭირს. ფეხსაცმელები სცენის შუაგულში, სწორედ ამ კუთხეში არიან მომწყვდეულნი. უამრავი სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერის - ქალის ფეხსაცმელი, რომელთაც, წარმოდგენისას მსახიობები ირგებენ ფეხზე. პერფორმანსში მულტიმედიური საშუალებაა გამოყენებული. ეკრანზე მეორე მსოფლიო ომის კადრებს ომის დასასრულის კადრები ენაცვლება, ხოლო ამ უკანასკნელს - ქართველი, უბრალო ადამიანების პირადი ისტორიები. მაგდა გებელსის ადამიანის ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელები ისეთივე მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, როგორიც ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან ეკრანიდან. წარმოდგენის დასასრულს სცენიდან განგაშის ზარივით მუსიკა ისმის, WAKE UP – "გამოფხიზლდით ხალხნო და დაინახეთ უსამართლობა" -  სწორედ ესაა პერფორმანსის მთავარი სათქმელი.

ნინო დარახველიძე

თეატრმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი

© 2024 All Rights Reserved