თბილისის საერთშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც გასულ კვირას ზედმეტი ცერემონიალის და პომპეზურობის გარეშე დაიხურა, დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოში გამართულმა წინასაარჩევნო დისკუსიებმა და მანამდე შემზარავი ძალადობის გახმაურებულმა არა ერთმა ფაქტმა საზოგადოების ყველა სფერო მოიცვა, მით უმეტეს, თეატრი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ცხოვრების რეალობის ასახვითა და ემოციური მუხტით (თუმცა ახლა რას გაიგებ მსახიობების პროფესიული თვისებები და ფუნქცია პოლიტიკოსებმა მშვენივრად შეითავსეს და მოირგეს).
ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის ნამდვილი (თეატრალურ-პოლიტიკური) მოვლენა მაია კლეჩევსკას გახმაურებული სპექტაკლი „ღმერთების დაცემა“ იყო, რაც ამავე სახელწოდების ლუკინო ვისკონტის ცნობილი ფილმის თეატრალურ ვერსიას წარმოადგენს. სპექტაკლს პოლონეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლეჩევსკამ კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმის სცენური ინტერპრეტაცია შექმნა, არამედ სპექტაკლში პრობლემების მწვავედ დასმის გამოც. როგორც მოსალოდნელი იყო, სპექტაკლმა ქართველ მაყურებელშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. „ღმერთების დაცემის“ ქართულ პრემიერას ქართველი მაყურებლის გულმა ვეღარ გაუძლო და ნაწილმა გრიბოედოვის თეატრის დარბაზი სპექტაკლის მიმდინარეობისას დატოვა, რისი მიზეზიც ძალადობრივი აქტების სცენაზე გაშიშვლებულად ჩვენება იყო. თეატრი და რეალობა ერთმანეთში აირია, წაიშალა ყოველგვარი გეოგრაფიული საზღვარი. არსებული რეალობით დათრგუნული მაყურებელი „ღმერთების დაცემამ“ კიდევ უფრო დასცა და დაანარცხა მიწაზე.
მე თუ მკითხავთ, სპექტაკლი ნამდვილი საზოგადოებრივი მოვლენა იყო, რომელიც პოლიტიკურმა მოვლენებმა დაჩრდილა. ამ პოლიტიკამ ხომ ყველა ერთიანად „შეგვჭამა“, გადაგვკიდა ერთმანეთს და არ მოგვასვენა! სპექტაკლში დასმულია ის საკითხები, რომელიც ძალზედ აღელვებს ყველა დროის და ერის მაყურებელს: რა იწვევს ძალადობას, როგორი დასასრული აქვს მას, სად იწყება ადამაინის შინაგანი თავისუფლება, როგორ და რა მიზეზებით ილახება ადამიანის პიროვნული ღირსება? ამ კითხვებს სვამს და პასუხს სცემს კიდევ მაია კლეჩევსკა დრამატურგიული ტექსტის მისეული გააზრებით... ლიდერთა, თუ „ძლიერთა ამა ქვეყნისათას“ მთავარ პრობლემას კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მათში ღმად ჩაბუდებულ-გაბატონებული ნარცისიზმია, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ყოველთვის. საკუთარი თავით ტრფობის პრობლემა ქართულ თანამედროვეობაშიც დგას.
არა! - ძალადობას, უზნეობას, ადამიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას - ეს კლეჩევსკას სპექტაკლის მთავარი სლოგანია. სპექტაკლში ნაჩვენებია რა შედეგები მოაქვს გათავხედებულ და გადიდგულებულ ადამიანებს, მათში გაბატონებულ ძალაუფლების გრძნობას. როგორ ებრძვის ის პიროვნულ ინდივიდუალიზმს და ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ცდილობს ძალაუფლების მფლობელებმა ბოლომდე იბატონოს ადამიანზე, მოახდინოს მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა და ბოლომდე მართოს ის. რეჟისორი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მოძალადის ფსიქიკა დარღვეული და დანგრეულია. ძალაუფლება თესავს შიშს და ის კატასტროფულ გარყვნილებაში გადადის... ძალაუფლების უკიდურესი აღზევება ბადებს ძალმომრეობას, თესავს შიშს საზოგადოებაში და გზას უხსნის ყოველგვარ უზნეობას. ასე მოხდა სცენაზე, ასე ხდება ჩვენს რეალურ თანამედროვეობაშიც... ამიტომაც, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გაღმერთებული ადამიანები ეცემოდნენ, ქალაქში კი მათი რეალური პროტოტიპები...
ფესტივალის უცხოური პროგრამის სხვა მნიშვნელოვან დადგმებზე შემდეგ პოსტებში გიამბობთ, მაგალითად როგორ დამიწუნა ქმრად მექსიკელმა მსახიობმა გაბრიელა მუნოზმა და როგორ დაანაყრეს ქართველი თეატრალური ინტელიგენცია „ჯგუფ მიკლატ 2009“-ის მსახიობებმა ადგილზე, სახელდახელოდ გამომცხვარი ტკბილეულით.
ჩემზე „ინტრიგანი“ არავინ მეგულება...
ხო, მართლაც ასეა, არ უარვყოფ! ამაში ხელს გურული წარმოშობა და კრიტიკოსის პროფესიაც მიწყობს ხელს, პროფესია კი იმ მორიელის ხასიათს ჰგავს (ჰგავს და არა მაქვს), რომელიც სულხან-საბას იგავ-არაკში კუს რომ გადაჰყავს მდინარეზე. ბუნებრივია, გაცნობიერებული მაქვს, რომ ბევრს არ ვეყვარები, ან რა საყვარელია მორიელი, რომელიც კუს დახმარების მიუხედავად მაინც კბენს. რა ქნას მორიელმა, ჯიში აქვს ასეთი, მისი ბრალი ხომ არაა. რა ვქნა ბატონებო, მეც პროფესია მაქვს ასეთი. მართალია გოგი გვახარია, როცა ამბობს, რომ კრიტიკოსის პროფესია რთულია, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ყველა ყველას იცნობს, სადაც ყველა ერთმენეთის მეგობარია, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაშიც კი კრიტიკოსი ობიექტური და თამამი უნდა დარჩეს და პირადი წყენიდან, გამომდინარე კი არ უნდა აკრიტიკებდეს ობიექტს, ისე როგორც, რეჟისორთან, თუ მსახიობთან ახლო მეგობრობის გამო ამბობდეს უარს პროფესიულ გაკრიტიკებაზე, არამედ უნდა ცდილობდეს მუდმივად ამაღლდეს პირად ინტერესებზე. სამწუხაროდ, ეს ბარიერები დღემდე რჩება კრიტიკოსებსა და გასაკრიტიკებელ სუბიექტებს შორის. ამასთანავე ყველანი მხოლოდ საკრიტიკოდ ვართ მომართულები, ვიდრე პოზიტიურის დანახვის მოტივით.
არასდროს მოვრიდებივარ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საორგანიზაციო მხარეების და წარმოდგენილი სპექტაკლების კრიტიკას პრესაში, არც ამჯერად ამივლია გვერდი კრიტიკული შეფასებებისაგან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გაჩნდა სხვა კრიტიკული შეფასებებიც, რომელთა ავტორებსაც მე ვერაფრით დავეთანხმები. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა მოსაზრება მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ფაქტია ჯიუტი და თვალნათელი.
ფაქტია, რომ წელს, ისე როგორც არასდროს, საფესტივალო წარმოდგენებზე ღია იყო კარი რეჟისორების და მსახიობების, თეატრმცოდნეების, „თეატრალურის“ სტუდენტებისა და ზოგადად თეატრის მოყვარულებისათვის. ფაქტია, რომ სპექტაკლების დიდი ნაწილი სავსე დარბაზებში გაიმართა. რუსთაველის, მარჯანიშვილის და გრიბოედოვის თეატრებში სპექტაკლებზე მაყურებელთა დაშვებულ ნორმაზე გადაჭარბებით შევიდა მაყურებელი. არა მგონია ვინმეს უჩინმაჩინის ქუდი ჰქონოდა და შეპარულიყვნენ სპექტაკლებზე. ფაქტია, რომ გაყიდულ ბილეთებზე მეტი რაოდენობა ქმნიდა სრულ ანშლაგს. ერთი კია, ბილეთიანები ისხდნენ, უბილეთოები იდგნენ (თუ არ ჩავთვლით აკრედიტირებულ ჟურნალისტებს), მაყურებელი, რომელიც ბილეთებში 10 - დან 120 ლარამდე იხდიდა ბუნებრივია სკამს არ დაგვითმობდა. აბა როგორ! როგორც ჩანს, ფესტივალი გასცდა ვიწრო ელიტარულ ფარგლებს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, მათთვისაც კი, ვისაც ძალიან უყვარს თეატრი და ერთი თეთრიც არ აქვს ბილეთის შესაძენად.
დისკუსია წარმოდგენილი სპექტაკლების, შერჩეული პროგრამის, ფესტივალიის შესრულებული, თუ შეუსრულებელი მისიის შესახებ თეატრალურ წრეებში დიდხანს გაგრძელდება. იქნება ბევრი კრიტიკული, აგრესიული შენიშვნაც და ძალიან ცოტა მადლობის წერილი. ეს ნორმალური პროცესია, მთავარია კრიტიკა იყოს ჯანსაღი და ფესტივალის ორგანიზატორებისთვის რაღაცის უკეთესისკენ შეცვლის მასტიმულიზირებელი. მთავარია ახლა ყველამ გავიაზროთ, რომ ერთი ფესტივალის მეორეთი ჩანაცვლებით პრობლემა არ გადაიჭრება. უპირობოთ უნდა აღდგეს 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდი ფესტი“ და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, მაგრამ არა „TBILISIINTERNATIONAL“-ის ხარჯზე. ყველა ფესტივალს უნდა ჰქონდეს არსებობის საშუალება და გააჩნდეს თუნდაც კონკურენტუნარიანი გარემო, რათა თეატრის მოყვარულებს, თუ პროფესიონალებს მეტი სულიერ-ესთეტიკური და პროფესიული განვითარების საშუალება მიეცეს, მით უმეტეს, თუ ამ ფესტივალის მომხმარებელი ოპოზიციურად (ახლა უკვე ვეღარ ვხვდები) განწყობილი ხელოვანებიც არიან, რომელსაც სექტემებერში ხშირად ვხედავდი საფესტივალო დარბაზებში.
ლაშა ჩხარტიშვილი