თავისუფალი ჰამლეტი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დასრულებამდე წინ კიდევ გველოდება ფრანგების “ციცინო, ანუ პოლიტიკური პიესა", ხორვატიელების “სამხეცე", ირანელების “როსტამი და ზოჰრაბი", დიდი ბრიტანეთის “სასტუმრო მათუსალა", რუსეთის “კოპენჰაგენი", ისრაელის “ბნელ ბაღში", რომელთაგან რამდენიმეს (მაგალითად, ირანულს) განსაკუთრებით ველოდები.
თამარ კიკნაველიძე
24 საათი 11.10.10



მოსალოდნელის მიუხედავად, საკუთარ თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ საქართველოში ეიმუნტას ნეკროშიუსის “ოტელოს" ნახვის შემდეგ “ჩემი რეჟისორი" უკვე აღმოვაჩინე.
წელსაც გავიგონე რამდენიმესგან, ვისაც საქართველოს საზღვრებს გარეთ სპექტაკლების ნახვის საშუალება აქვს, რომ სანახავი ძალიან ბევრია და მალე ერთი და იგივე რეჟისორთა ნამუშევრების ჩვენება მოსაბეზრებელი გახდებაო... სანახავი მართლაც ბევრი გვაქვს. მით უფრო ჩვენ, ვინც თეატრზე ვწერთ. ამ თვალსაზრისით ძალიან დამეხმარა ვიდეოფონდი, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა. სიამოვნებით ვნახავდი პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის თანამედროვე პროდუქციას. ეს უკანასკნელი აქცენტს თანამედროვე დრამატურგიაზე აკეთებს, მაშინ როდესაც პოლონელები კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაციას ხშირად მიმართავენ. ამის საუკეთესო მაგალითია პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის ღვინის ქარხანაში გათამაშებული “ჰამლეტი" (რეჟისორი იან კლატა), სადაც მაყურებელიც მონაწილეობს და ჩართულია. მაგალითად, სცენაში, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ირჩევს მსახიობებს იმისათვის, რომ “გონზაგოს მკვლელობა" გათამაშდეს... ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ყველაზე მეტად მაინც ნეკროშიუსის დადგმები მინდა ვნახო. მის მიერ განხორციელებულ “ფიროსმანზე" წარმოდგენას ისევ და ისევ ჩანაწერის საშუალებით თუ შევიქმნი, მაგრამ სანახავი ნეკროშიუსის შემოქმედებიდანაც ბევრი მაქვს. ოთხივე სტიქიასთან თამაშში აგებული მიზანსცენების ყურება არ მბეზრდება. ამ ყველაფერზე მარტივად ვერ ილაპარაკებ, ის უნდა დაახასიათო.
როდესაც ფარდა გაიხსნა და სცენის ორივე მხრიდან დეკორაციით “ჩაკეტილი" კომპოზიცია დავინახე, ნეკროშიუსის უკვე ნანახ სპექტაკლებთან ასოციაციები გამიჩნდა. ამის გარდა, თვალშისაცემი არაფერი განმეორებულა. არადა, მისი დადგმები მეტაფორებით არის “სავსე". და არაფერი გაიმეორო, სულ არაფერი - ერთი შეხედვით, შეუძლებელია. მაგრამ ნეკროშიუსმა ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ სათქმელი გააგებინოს ყველას, ვინც ხედავს და აზროვნებს. ერთი ასეთი მეტაფორა “ჰამლეტის" დადგმაშიც არ შორდება სცენას და ყველასთვის შესამჩნევ ადგილას კიდია - საათის მექანიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მეტალისკბილანებიანი ფირფიტა, რომლის ზომაც გადიდებულია და იმაზე მიანიშნებს, რომ დროთა კავშირი დარღვეულია და სცენაზე აჩრდილის გამოჩენაც არ უნდა გაგიკვირდეთ.
“ჰამლეტი" მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ხშირად იქნება დადგმული. კითხვაზე, რამდენჯერ დაიდგა საქართველოში, პირადად მე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოში “ჰამლეტის" 23 ინტერპრეტაციაა ცნობილი და უილიამ შექსპირის პიესებს შორის ყველაზე ბევრჯერ არის დადგმული. ამასთან, შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ რობერტ სტურუას მიერ “რივერსაიდ სტუდიოში" განხორციელებული “ჰამლეტი", სადაც მთავარ როლს ალან რიკმანი ასრულებდა, XX საუკუნის მეორე ნახევრის ათი საუკეთესო “ჰამლეტის" ჩამონათვალში შეიყვანა. შორს რომ არ წავიდეთ, პიესის აქტუალობის მაგალითად წლევანდელი ფესტივალიც კმარა. მის ფარგლებში რამდენიმე “ჰამლეტი" ვნახეთ. აქედან ორი დრამატული წარმოდგენა იყო, ხოლო მესამე - შექსპირის პიესის მოტივებზე “თითების თეატრის" მიერ გაცოცხლებული ნამუშევარი, რომელიც დაუსრულებელი სახით აჩვენეს. “ჰამლეტის" შინაარსი ყველამ იცის, მაგრამ XVII საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, რეჟისორები ცდილობენ პიესას “გასაღები" მოუძებნონ და ახლებურად გააცოცხლონ. იმაზე, თუ როგორი გადაწყვეტა მოუძებნა ნაწარმოებს ოსკარას კორშუნოვასმა, “24 საათის" 7 ოქტომბრის ნომერში დავწერე და აღარ გავიმეორებ. ეიმუნტას ნეკროშიუსის ოსტატობა იმაშიც იგრძნობა, რომ ისეთ პერსონაჟებს გვიხატავს, წარმოუდგენელია არ დაგაინტერესოს, როგორ მოიქცევიან ამა თუ იმ სცენებში... ამჯერადაც ადვილად დააინტერესა რეჟისორმა მაყურებელი, რომელთაგან უბილეთოებმა რუსთაველის თეატრში მოსახვედრად “იბრძოლეს" და პირველი მოქმედების განმავლობაში ფეხზე იდგნენ. მეორე მოქმედების დაწყებამდე თითქმის ყველამ მოძებნა ადგილი, რომელიც სხვებმა მიატოვეს. ამ უკნასკნელთა უმრავლესობის გული ნეკროშიუსმა ვერ მოიგო, რადგან ეძინათ... ასე დაცარიელდა ადგილი ზუსტად ჩემ წინ, რომელიც იმან დაიკავა, ვისაც წარმოდგენის ნახვა უნდოდა და ვის სიახლოვესაც ვზივარ მთელი ფესტივალის განმავლობაში.
ჰამლეტის პროტესტი თავიდანვე იკვეთება - პრინცი მეფის წინაშე შარვალჩახდილი დგას, თავაწეულია და არ ინძრევა. როდესაც დედა აუწევს შარვალს, ჰამლეტი დაუმორჩულებელი, ჭირვეული ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვე გეტყვით, რომ მთავარ გმირს ანდრიუს მამონტოვასი განასახიერებს, რომელიც ცნობილი მუსიკოსია და მისი სახით ნეკროშიუსის არჩევანმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა შეკითხვები და პრემიერამდე ერთ-ერთი ინტერვიუ ასე წარიმართა:
რამუნე მარჩინკევიჩიუტე: - ამ როლზე მამონტოვასის აყვანა გამართლებულია?
იემუნტას ნეკროშიუსი: - ძნელი სათქმელია. ერთის მხრივ, მას როგორც მსახიობს, ტექნიკა აკლია, მაგრამ ამავე დროს, თავისუფალია შტამპებისგან. მოგეხსენებათ, მსახიობებს წლების მანძილზე გარკვეული შტამპები უჩნდებათ.
- რეპეტიციებიდან ჩანს, რომ მამონტოვასი ვერ გრძნობს სხვაობას სცენურ და რეალურ ცხოვრებას შორის.
- გეთანხმებით, იგი უაღრესად ავთენთიკურია, მაშინაც კი, როცა ცუდად თამაშობს. იქნებ არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მისი ინტონაცია საოცრად წრფელი და უშუალოა. იცით, ყურით თეატრში ყველაფერს მიხვდები. მსახიობის პირველივე სიტყვიდან გესმის, რამდენად დაშტამპულია იგი. მამონტოვასი მართლაც ახალი და გამორჩეული სახეა ჩვენს კონსერვატულ თეატრალურ სამყაროში.
- და მაინც, ლიტვაში ბევრი მსახიობია. რატომ აირჩია ნეკროშიუსმა ჰამლეტი “ბრბოდან"?
- ძალიანაც ნუ დავამძიმებთ თეატრს. მსახიობისთვის დიპლომზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისი შინაგანი სამყარო, ხასიათის თვისებები ან თუნდაც ხმის ტემბრია. ალბათ, ბევრს გავანაწყენებ, თუ ვიტყვი, რომ მსახიობობა არც ისე ძნელია. პროფესიის დაუფლებას ვგულისხმობს. შევადაროთ სწავლის პროცესი თეატრალურ სტუდიაში და სამედიცინო ინსტიტუტში. თუმცა მსახიობისთვის მაღალი პროფესიონალიზმის შენარჩუნება ძალიან რთულია. ამავე დროს, შეუძლებელია ისწავლო ჰამლეტის თამაში. აბა, როგორ ჟღერს - მე ვიცი, როგორ ვითამაშო ჰამლეტი. ამას ვერ ისწავლი, ეს ან გაქვს, ან არა. მსახიობი თავად უნდა იყოს გახსნილი, შინაგანად უნდა გრძნობდეს ამ როლს.
როგორ ითამაშა მამონტოვასმა ან როგორ გააცოცხლა ნეკროშიუსმა ყველაზე ცნობილი პიესა, ამას გაზეთ “24 საათის" ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ.


http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-10-11/10284.html
 

© 2024 All Rights Reserved