სოფიო ნაჭყებია

ვგრძნობ, რომ არის პატარა ფანჯარა შესაძლებლობების

 

თეატრი, როგორც საზოგადოებრივი შეხვედრებისა და ადამიანთა ურთიერთდაახლოვების ადგილი, დიდ გამოწვევად იქცა დღევანდელ რეალობაში. პანდემიურმა ცხოვრებამ გვაიძულა, ორი მეტრის დისტანციით გვესწავლა ცხოვრება. ასეთ მოცემულობაში არ არის გასაკვირი, რომ არაერთი სპექტაკლი თუ ფესტივალი გადაიდო ან საერთოდ მოიხსნა.


2021 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის თარიღი და რეპერტუარიც არაერთხელ შეიცვალა. სხვადასხვა გამოწვევის მიუხედავად, 2021 წლის 10 და 11 ნოემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფესტივალი ოფიციალურად მაისის ხოჭოს კომპანიის (კომპანია დიუ ანეტონ) წარმოდგენით - „მო’ს კონცერტი“ გაიხსნა, რომელიც  თეატრების ხელახალი გახსნის მოუთმენელ მოლოდინში, უფრო კონკრეტულად, გასულ წელს, პანდემიის საწყის ეტაპზე შეიქმნა.

„მო’ს კონცერტში“, სადაც პროტაგონისტად გვევლინება ჯეიმს ტიერე, ასახულია ადამიანის შინაგანი სამყარო. წარმოდგენა დაყოფილია 11 მუსიკალურ კომპოზიციად, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხელოვნების ელემენტს (მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, აკრობატული ნომრები, პანტომიმა და სხვა.) კომპოზიციებს შორის ჯეიმს ტიერე პირდაპირ კონტაქტს ამყარებს მაყურებელთან. ის არის თავდაჯერებული, თამამი და, ამავე დროს, ძალიან უშუალო. სალაპარაკო თემა კვლავ პანდემია რჩება. წარმოდგენის განვითარებასთან ერთად მაყურებლისა და მოს (ჯეიმს ტიერე) ინტერაქციაც მეტად აქტიურ ფაზაში გადადის:

თუ თავდაპირველად ურთიერთობა გამოიხატება ვერბალური ენით, მალევე ჯეიმს ტიერე ფიზიკურ სიახლოვეს განიცდის მაყურებელთან და პარტერში, მათ გვერდით ჩნდება.
საზოგადოება ჯეიმს ტიერეს იცნობს, როგორც ნიჭიერ მსახიობს, მუსიკოს, მოცეკვავეს, ქორეოგრაფს, კლოუნს, აკრობატს, ცირკის მსახიობს. ამ შემთხვევაში, მან თავისი შესაძლებლობები ექსპრესიულობის წარმოჩენას მოახმარა და უკანა პლანზე გადაწია ფიზიკური დატვირთვის სირთულეები. შედეგად, მისი სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, ამ წარმოდგენაში მსახიობები ნაკლებად არიან ფიზიკურად დატვირთულნი და მეტად წარმოაჩენენ ემოციურ ფონს, რაც მთლიან სანახაობას ემოციურად უფრო ძლიერს ხდის.

ჯეიმს ტიერეს მეთაურობით, თითოეული მსახიობი ექსპრესიულია, ხშირ შემთხვევაში მეტად ექსპრესიულიც კი. ისინი მაქსიმალურად იყენებენ, როგორც სხეულის ენას, ასევე მიმიკებს, ყვირიან და მღერიან ბოლო ხმაზე.  „მო’ს კონცერტი“ სინთეზური ხელოვნების ნიმუშია, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქორეოგრაფიას. სცენაზე სამი მოცეკვავეა: ჯეიმს ტიერე, ჩინგ-იინგ-ჩიენი და ნორა ჰორვატი. ხშირ შემთხვევაში მათ დადგენილი აქვთ ქორეოგრაფიული ნახაზი, რომელსაც პირნათლად მიჰყვებიან. თუმცა, ამასთან ერთად, გვხვდება იმპროვიზაციით გათამაშებული არაერთი სცენა, სადაც მსახიობებს შორის ბუნებრივი ურთიერთკავშირი მყარდება.

„მო’ს კონცერტში“ ყურადღებას იქცევს სცენის გაფორმებაც, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტს აერთიანებს. ინსტრუმენტების ნაწილი „ცოცხალია“ და მათ მსახიობები იყენებენ. თუმცა არის გარკვეული სახის საკრავებიც, რომელთაც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვთ და ისინი მაყურებლისთვის თვალსაჩინოდ გამოუსადეგარ მდგომარეობაში არიან. ვინაიდან, მთელი წარმოდგენის კონცეფცია დაკავშირებულია ადამიანის სულიერ სამყაროსთან (და შეიძლება ეს იყოს კონკრეტულად პანდემიის პერიოდის ადამიანის სულიერი სამყარო, თუ გავითვალისწინებთ წარმოდგენის შექმნის თარიღს), ვფიქრობ, „მიტოვებული“ და ძველი საკრავები შეიძლება დღევანდელი ადამიანის ალეგორიად მივიჩნიოთ. მსგავსად ამ საკრავებისა, არაერთ პიროვნებას განუცდია სიმარტოვე, უიმედობა და სხვა. დეკორაციის ნაწილია განათებაც, რომელიც სცენის ცენტრში აღმართული წრიული ფორმის მოძრავი, ტექნიკური მოწყობილობაა. ვინაიდან წარმოდგენა დატვირთულია გარკვეული სიმბოლოებით, შეიძლება ეს წრეც, გავაიგივოთ ცხოვრების მარადიულობასთან. ამ ყველაფრის ფონზე კოსტიუმები ძირითადად მინიმალისტურია: თეთრი პერანგი, შავი შარვალი, ფეხზე ე.წ კედები ან ფეხსაცმლის გარეშე.

„მო’ს კონცერტის“ წარმატებულ სანახაობად ქცევაში უდიდეს როლს თამაშობს მუსიკის დრამატურგია. (ავტორი: ჯეიმს ტიერე, მასთან თანამშრომლობდნენ მატიას დიურანი (real around, our hero is a boy, i would like to express) , დამიენ ფლო (შეხვედრა, shake it all, sister))
აქ გამოყენებული საკრავების რაოდენობა და ჟღერადობა მეტაფორულად ქმნის ორკესტრის იმიტაციას, ხოლო ჯეიმს ტიერე ანუ „მო“, შესაბამისად, გვევლინება როგორც დირიჟორი. 
პირველი მუსიკალური ტექსტია „ავინიონი“. ავინიონი საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქია, რომელსაც, მსგავსად თბილისისა, საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია აქვს. ჯეიმს ტიერეც პატივისცემის ნიშნად ამ სიმღერაში ყოველი სიტყვა - „ავინიონის“ ნაცვლად, მღერის „თბილისი“. მუსიკა მონოტონურია, შესაბამისად, სცენაზე განვითარებული მოქმედებაც. თუმცა მუსიკის ცვალებადობას თან ახლავს ტემპერამენტის სიმძაფრე, რის შედეგადაც  წარმოდგენა, საერთო ჯამში, დინამიკური ხასიათის ხდება.
11- ვე კომპოზიცია ერთიანდება ადამიანის სულიერი სამყაროს გარშემო. ისმის კითხვები, რომლებიც კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. თუმცა, არსებულმა რეალობამ, ამ კითხვების აქტუალურობას ხელი შეუწყო: რას ნიშნავს სიყვარული? რას ნიშნავს ღმერთი? რისთვის იბრძვის ადამიანი? ან რისთვის კვდება?


მუსიკალურ კომპოზიციებში აქცენტირებულია სიყვარულის მნიშვნელობა, ნამდვილი მეგობრების ყოლის უპირატესობა და აუცილებლობა, სხვადასხვა მოვლენის მიმართ მწუხარების გრძნობა. ეს უკანასკნელი კი სიმბოლურ გამოხატულებას პოვებს ქარიშხლის სახით, რომელიც აისახა სცენაზე: ეს ყოველივე ხდება დამხმარე ტექნიკური საშუალებებით, თეთრი ბოლისა და ქარის ეფექტებით, რასაც თან ერთვის მსახიობების მხრიდან შენელებული პანტომიმური მოძრაობები. ცხადია, რომ აქ საუბარია სულიერ ქარიშხალზე, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში ტრიალებს. ამის ფონზე კი ისმის იმედის მომცემი ფრაზა: „ვგრძნობ, რომ არის პატარა ფანჯარა შესაძლებლობის“. ეს ქარიშხლის წამიერი შეჩერების მომენტია, ერთი ამოსუნთქვა და ქარიშხალი კვლავ დომინირებს სიმშვიდესა და ჰარმონიულობაზე. ხელოვნება სარკეა რეალური ცხოვრებისა, ამიტომ მსგავსად ცხოვრებისა, სცენაზეც ქარიშხალს ლოგიკური განვითარება - სიმშვიდე მოჰყვა, რაც მომდევნო კომპოზიციაში „ხედი“ გამოვლინდა. თითქოს აქ მთავრდება წარმოდგენა, როდესაც მო (ჯეიმს ტიერე) ეძებს მიკროფონს და იწყება ბოლო მე-11 კომპოზიცია „დაიკო“, რომელიც წარმოადგენს მთელი სანახაობის დასკვნით ნაწილს. მაყურებლისა და სცენაზე მოქმედი გმირების ურთიერთობამ კულმინაციას მიაღწია და კიდევ ერთხელ გადაილახა ის უჩინარი კედელი, რომელიც მათ ყოფს ერთმანეთისგან.  მსახიობები გადმოდიან დარბაზში, მაყურებელი კი ადის სცენაზე. სცენა ივსება ერთიანობის განცდით, ხდება ემოციისა და ენერგიის გაცვლა.

თითოეული თეატრალური წარმოდგენა თავის მიზანს ატარებს ამ შემთხვევაში „მო’ს კონცერტის“ მიზანია ყოველდღიური მძიმე რუტინული ცხოვრებით დაღლილი ადამიანების სულიერი „განწმენდა“, რასაც არტთერაპიის ეფექტი აქვს

 

.https://www.theatrelife.ge/vgrznobromaris?fbclid=IwAR2FKpiCKLkIHtlX219BX8U5VtQokgLGgwZVj7yOTX6gJ1Kz-cHBLZt_KD8

© 2024 All Rights Reserved