თბილისის მერიის დაარსებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, დირექტორის - ეკატერინე მაზმიშვილისა და საფესტივალო გუნდის ორგანიზებით, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: საერთაშორისო პროგრამა (2009); საერთაშორისო პროგრამა “New” (2011); ქართული სპექტაკლების პროგრამა – GeorgianShowcase (2009); მასტერკლასები, ტრენინგები და გამოფენები (2009); თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმები და შეხვედრები - „კულტურული ხიდი“ (2010); სპეციალური ღონისძიებები და ფესტივალის კლუბი (2009); „ნიუ მარკეტი“ - კავკასია და შავი ზღვის ქვეყნები (2014). წლების განმავლობაში ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის: ირანი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, პოლონეთი, ლიტვა, რუსეთი, ესტონეთი, იტალია, კანადა, ხორვატია, კორეა, რუმინეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ლატვია, ნიდერლანდები, ომანი, თურქეთი, იაპონია, ტაივანი, ფინეთი, აზერბაიჯანი... ქართული სპექტაკლების პროგრამის წყალობით თეატრებს, საქართველოს მასშტაბით, ეძლევა შესაძლებლობა თავისი სპექტაკლები გაყიდოს უცხოურ ბაზარზე. გარდა ამისა, დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი. რეჟისორები: ლევან წულაძე, დავით დოიაშვილი, ავთო ვარსიმაშვილი, ბესო კუპრეიშვილი, დათა თავაძე - დღეს ევროპაში ცნობილი სახელებია. მათ ხშირად იწვევენ სპექტაკლების დასადგმელად სხვადასხვა ქვეყანაში. ფესტივალის წყალობით, რამდენიმე რეგიონული თეატრი მიიწვიეს სხვადასხვა ფესტივალზე, ასევე განხორციელდა კოპროდუქციებიც. მაგალითად: ქუთაისის, ბათუმის, ფოთის თეატრების სპექტაკლები. განვლილი 6 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვეცა საშუალება გვენახა, მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორების, ძველი თუ ახალი სპექტაკლები. მათ შორის: ჯორჯო სტრელერი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, რობერ ლეპაჟი, ფილიპ ჟანტი, ბეჰრუზ გარიბპური, მაია კლეჩევსკა, ოსკარას კორშუნოვასი, სილვიუ პურკარეტე, ლინ ჰვაი-მინი სხვები. აღმოვაჩინე (და არა მარტო მე) - ამით ლაჰავი და მისი კომპანია “Geko” ბრიტანეთიდან და თეატრი პოლონეთიდან „თხის სიმღერა“. აღსანიშნავია, „თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა“ დაარსებისთანავე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2011 წლიდან ფესტივალი ევროპის არაფორმალური შეხვედრების (ITM) და ევროპის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის (EFA) სრულუფლებიანი წევრია.

და, აი დღეს, 2015 წ. 25 სექტემბერს, რიგით მეშვიდე „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ იწყება .  რას უნდა ველოდოთ, რა სიურპრიზები მოგვიმზადეს, რით აღვფრთოვანდებით და რით არა, წლევანდელ ფესტივალზე? ვის სპექტაკლებს ვიხილავთ საერთაშორისო პროგრამაში?  Georgian Showcase-ზე  წარმოდგენილი ქართული სპექტაკლებიდან, რამდენი მოიპოვებს უცხოელი ექსპერტების მოწონებას და გავა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ფესტივალებსა და თუ გასტროლებზე?  კიდევ რამდენი ახალი კოპროდუქცია დაიგეგმება? კიდევ რამდენი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის სახელი გახდება ცნობილი მსოფლიო სათეატრო სამყაროში?  ყველაფერზე პასუხი უახლოეს მომავალში გვეცოდინება. დღეს კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფესტივალო გუნდმა ძალიან საინტერესო ძირითადი საერთაშორისო პროგრამა და  საერთაშორისო პროგრამა “New” შემოგვთავაზა. წელსაც, როგორ ყოველთვის, სხვადასხვა ჟანრის, ფორმის, მიმართულების თეატრის სპექტაკლებს ვიხილავთ. პირადად მე, მოუთმენლად ველოდები: კორშუნოვასის, პურკარეტეს, ოსტერმაიერის სპექტაკლებს, აქრამ ჰანის კომპანიის მიერ შექმნილ სანახაობას - „კააში“, „გილგამეშს“ პოლონეთიდან და ა. შ. ველოდები ახალ აღმოჩენებს...   კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო, წლევანდელ Georgian Showcase-ზე  ძალიან ბევრმა უცხოელმა კრიტიკოსმა, პროდიუსერმა, მენეჯერმა მოითხოვა აკრედიტაცია. წლევანდელ ქართულ სპექტაკლებს 80-მდე საერთაშორისო ექსპერტი შეაფასებს.

მაშ, ასე, დღევანდელი დღიდან მოყოლებული, 8 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შეგვიქმნის „ზეიმს, რომელიც მუდამ ჩვენთან დარჩება“.

მაკა ვასაძე

© 2024 All Rights Reserved