თეატრალური ფესტივალის შავ-თეთრი დღეები
შავ-თეთრი თეატრის კვირეული ხომ არ ტარდება-მეთქი, გავიფიქრე და სტრელერის ფერადმა წარმოდგენამ სულზე მომისწრო.
თამარ კიკნაველიძე
24 საათი 06.10.10


შავ-თეთრი თეატრის კვირეული ხომ არ ტარდება-მეთქი, გავიფიქრე და სტრელერის ფერადმა წარმოდგენამ სულზე მომისწრო.
შავ-თეთრი კინო მიყვარს, ფოტოგრაფია ხომ განსაკუთრებით, მაგრამ სცენაზე ერთსა და იმავე ტონში გადაწყვეტილი სპექტაკლების ერთმანეთის მიყოლებით ნახვა მოსაწყენი აღმოჩნდა.
ეს დამთხვევა ყველაზე მძაფრად მაშინ ვიგრძენი, როდესაც ოსკარას კორშუნოვასის “ჰამლეტზე" ბოლომდე დავრჩი. წარმოდგენის მსვლელობისას გამახსენდა დათა თავაძის წითელი შტრიხებით გაცოცხლებული შავისა და თეთრის კომბინაცია, სცენიდან ფერის გაქრობის დროს კი თემურ ჩხეიძის “ბრმა მხედველზე" დავიწყე ფიქრი. ერთი სპექტაკლის ყურებისას მეორე ან მესამე რომ გახსენდება, რაღაცის მანიშნებელია. დავიწყებ იმით, რასაც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამიდან ყველაზე მეტად ველოდებოდი.
ცრუ განთიადი
თემურ ჩხეიძის (გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) მიერ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დადგმულ “ბრმა მხედველში" ნანი ჩიქვინიძე, გოგა პიპინაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი მონაწილეობენ. ამ რეჟისორის დადგმებიდან სამი - “ART ხელოვნება", “სასიყვარულო ბარათები", “ანტიგონე" - დღემდე რეპერტუარშია. მათ შორის პირველს მაყურებელი არასოდეს აკლდება. შეკითხვაზე, რატომ არავინ ცდილობს ჩხეიძის საქართველოში დაბრუნებას და მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების სამშობლოში გამოყენებას, პასუხი არ მაქვს. ფსიქოლოგიური თეატრის წარმომადგენელს ყოველთვის ჰქონდა სათქმელი, რასაც მისივე სპექტაკლებიდან ვიგებდით. მათში რეჟისორის ოსტატობა და გამოკვეთილი ხელწერა, აზროვნების უნარი ჩანდა. მან ამჯერადაც შეარჩია პიესა, მაგრამ თავად, როგორც რეჟისორი, გაუჩინარდა. პრემიერის ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩხეიძემ ყველაფერი მსახიობებს მიანდო და მოლი სუინის ნაწარმოების გაცოცხლებაში აღარ ჩაერია. რეჟისურას მოკლებული წარმოდგენა პიესის კითხვას დაემსგავსა. ამ დროს კიდევ ერთხელ გამახსენდა “ART ხელოვნება". იქაც სამი პერსონაჟია და ოსტატურად არის გათამაშებული ამბავი, რომელიც მაყურებელმა ზეპირად იცის. მიუხედავად იმისა, რომ წინა პლანზე მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნებაა წამოწეული, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ რეჟისორის ძალა და პროფესიონალიზმი იგრძნობა. რა მოხდა? რატომ დაიკარგა რეჟისურა და გაქრა ჩხეიძის ხელწერა?
საპრემიერო წარმოდგენების ნახვა მიყვარს, მაგრამ დავრწმუნდი, რომ არსებობენ რეჟისორები, რომელთა ნამუშევრების პრემიერაზე დასწრება “არ ღირს" - პირველი ჩვენება მეთხუთმეტესგან შესაძლოა ბევრი რამით განსხვავდებოდეს... ასეთი რეჟისორების ჩამონათვალში ჩხეიძე არასოდეს შესულა. იქნებ, “ბრმა მხედველზე" მუშაობის დასრულება ვერ მოასწრო? არ ვიცი.
როდესაც ოდნავ განათდა, ცნობილი მსახიობები გამოჩნდნენ. ისინი პერსონაჟთა სათქმელის წარმოჩენას პარტნიორთან მინიმალური კონტაქტით, მონოლოგების წარმოთქმითა და სცენაზე ერთ ადგილას ყოფნით ან მექანიკური გადაადგილებით შეეცადნენ. თამაზ გოდერძიშვილის მიერ თარგმნილი პიესის ერთ-ერთი მთავარი გმირია მოლი (ნანი ჩიქვინიძე), რომელიც ვერ ხედავს, მხოლოდ სიბნელესა და სინათლეს არჩევს. ამის მიუხედავად, ძლიერი ადამიანია, თავი ამაყად უჭირავს და ყველაფერს ართმევს თავს. მამამ მცენარეების ერთმანეთისგან გარჩევა ბავშვობაში ასწავლა. უყვარს ცეკვა, ჰყავს მეგობრები და მეუღლე, სახელად ფრენკი (ალეკო მახარობლიშვილი), რომელიც გადაწყვეტს, ცოლს თვალისჩინი დაუბრუნოს. ნანი ჩიქვინიძის სცენაზე გამოჩენა ინტერესს იწვევს. მსახიობი რკინის დასაკეცი ჯოხის დახმარებით ისე ოსტატურად ჯდება სკამზე, რომ მისი ქმედება დამაჯერებელია. მოგვიანებით ირკვევა, რომ მოლი ორი მამაკაცის ეგოისტურ ჩანაფიქრს ეწირება. ამ ორიდან ერთი ფრენკია, რომელიც მთელი ცხოვრება ექსპერიმენტულ პროექტებში მონაწილეობს და მოლის “ახალი ცხოვრების ზღვარზე" დაყენებაც ერთგვარი ექსპერიმენტია მისთვის. ალეკო მახარობლიშვილის გრძელ მონოლოგებში პერსონაჟის ხასიათი იკითხება. ის გაუთავებლად ყვება იმაზე, რაც არ გამოუვიდა. მისი ისტორეიბი მაყურებელში ღიმილს იწვევს, მაგალითად მაშინ, როდესაც ენგრემაზე, მეხსიერებაში ჩაბეჭდვაზე, დანახვის ხელოვნების ათვისებაზე, საუბრობს. ფრენკი ირწმუნება, რომ ცოლი სახესთან მიტანილ მის ხელს ხედავს. ეს კარგი საბაბი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისტერ რაისს (გოგა პიპინაშვილი) ოპერაციის გაკეთებაზე უარი არ ეთქვა. ეს უკანასკნელი ფრენკის თხოვნას, გნებავთ წინადადებას, იმიტომაც დათანხმდა, რომ დაკარგული რეპუტაციის აღდგენის სურვილი გაუჩნდა. ექიმს დანახვისთანავე მოეწონა ქალი, რომელმაც პიროვნული სიძლიერით მარტა გაახსენა. ასე მისტერ რაისის ყოფილ ცოლს ერქვა. მასთან ორი შვილი ჰყავდა, ქალმა კი უღალატა მეგობართან, რომელმაც ერთხელ რაისს უთხრა, ისე იქცევით, თითქოს ბრმა მხედველი იყოთო და ცოლზე მიანიშნა... მოლი ოპერაციას ქმრის გამო იკეთებს. ოპერაციის შემდეგ ფერების გარჩევასაც იწყებს, მაგრამ დანახულის აღქმას ვერ ახერხებს და საკუთარ თავს ვეღარ ერევა. ქალი სულ სხვა თვალით ხედავს სამყაროს და ის, რაც ერთ დროს უყვარდა და ულამაზესად მიაჩნდა (მაგალითად, ღიღილოები), აღარ მოსწონს. მოლი მარტო რჩება და აცნობიერებს, რომ მსხვერპლია. იმასაც კი ამბობს, რომ მამამისი, რომელზეც აუგს ვერავინ ათქმევინებდა, ძუნწი იყო და ამის გამო არ დაჰყავდა უსინათლოთა სკოლაში... საკუთარ სამყაროს მოწყვეტილი, რწმენადაკარგული ადამიანის ტრაგედიის წარმოჩენის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია სათქმელი, რომელიც უსუსური ადამიანების მცდელობაში იმალება. მათ სხვების სიცოცხლესთან თამაში არაფრად უღირთ. ამას გოგა პიპინაშვილის გმირი ძალიან გვიან აანალიზებს.
სცენის წინ სამი სკამი დგას, უკან - საწოლი. ამ ორ პლანს ერთმანეთისგან სამი მოძრავი კარი ყოფს. სპექტაკლის მხატვარია გოგი ალექსი-მესხიშვილი, რომლის ხელწერასაც აქ ვერ იცნობთ. ნანი ჩიქვინიძე ცდილობს, პერსონაჟის მთელი ტრაგედია გადმოსცეს. მსახიობი დამაჯერებელია მაშინ, როდესაც ძლიერ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალს განასახიერებს. რა ემართება მას, როდესაც ეთხოვება ძველს და ახალთან შეგუება უჭირს? ერთ ადგილას რწევით ან საპროტესტო როკვით გარდასახვა ვერ მიიღწევა.
პარტნიორთან ურთიერთობის ნაკლებობა ყველაზე მეტად გოგა პიპინაშვილზე მოქმედებს. მისი სამსახიობო ოსტატობა ხშირად სწორედ პარტნიორთან ურთიერთობაში ვლინდება, შორს აღარ წავიდეთ და გავიხსენოთ “ემიგრანტები" (რეჟისორი ირაკლი აფაქიძე), სადაც მისი და ზურა ყიფშიძის ტანდემი დაუვიწყარი იყო. “ბრმა მხედველში" მსახიობებს ერთმანეთთან უერთიერთობა აკლიათ. სცენაზე ერთად დგანან, მაგრამ მარტო თამაშობენ. რეჟისორის გარეშე დარჩენილთა საშემსრულებლო ხელოვნება ბოლომდე არ არის წარმოჩენილი. ამაფორიაქებელია მუსიკა, რომელიც წუთიერად ისმის და რაღაც ძალიან ნაცნობს გვახსენებს. გია ყანჩელის კომპოზიციის ფრაგმენტი რობერტ სტურუას “როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამეშია" გამოყენებული, ძირითადად სცენებში, სადაც ოლივია მონაწილეობს. წარმოდგენის ქორეოგრაფია გია მარღანია, რეჟისორის ასისტენტი - დათა თავაძე, რომლის დადგმაზეც ქვემოთ გავაგრძელებ.
მოდი, ცხვირიდან დავიწყოთ!
მოლი სუინის “ბრმა მხედველი" მარიუს ფონ მაიენბურგის “მახინჯს" საკუთარი შესაძლებლობების სხვისი სიცოცხლის ხარჯზე წარმოჩენით მოგაგონებთ. მართალია, აქცენტები განსხვავებულია და “მახინჯში" ინდივიდუალობის დაკარგვის თემა გამოკვეთილია, მაგრამ “თვალის ახელის" მცდელობა ორივეგან იგრძნობა, პირველში პირდაპირი გაგებით, ხოლო მეორეში - გადატანითი... მოლი ვერაფერს ხედავს და მეუღლეს უჩნდება სურვილი, “თვალისჩინი" დაუბრუნოს, ლეტეს კი თვალს სიმართლე “აუხელს". ის გაიგებს, რომ მახინჯია და ბუნებრივ გარეგნობას ხელოვნურით ჩაანაცვლებს. “მოდი, ცხვირიდან დავიწყოთ," - ამბობს ექიმი და პლასტიკური ოპერაციის დახმარებით მახინჯი გამომგონებელი ლამაზი ხდება, მაგრამ ინდივიდუალობას კარგავს. მისი ცხოვრება რთულდება, როდესაც გარშემო ისეთივე გარეგნობის ადამიანებს აღმოჩენს, როგორიც თავად არის. ასეთი სიუჟეტი აქვს პიესას, რომელიც დათა თავაძემ “სამეფო უბნის თეატრში" დადგა. სპექტაკლისთვის შერჩეულ მსახიობებთან (სოსო ხვედელიძე, კატო კალატოზიშვილი, იაკო ჭილაია, პაატა ინაური, გაგა შიშინაშვილი) მუშაობის გამოცდილება რეჟისორს აქამდეც ჰქონდა. მათი პარტნიორიც ყოფილა სცენაზე, თუნდაც გიზო ჟორდანიას მიერ დადგმულ სტუდენტურ სპექტაკლებში.
პიესა, რომელიც მაია ფალავანდიშვილმა და დათო გაბუნიამ თარგმნეს, აქტუალურია, მაგრამ ტექსტის შინაარსსა და სათქმელს ვერ წარმოაჩენს ფორმა, რომელიც რეჟისორმა შემოგვთავაზა. პიესაში აქცენტი გაკეთებულია ცვლილებაზე და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ხელოვნური ჩარევა, ინდივიდუალობის დაკარგვა ადამიანებზე. მსახიობებში გარდასახვა არ ხდება. მთავარი გმირის შემსრულებელიც კი ვერ ახერხებს, წარმოაჩინოს გარდატეხა, რომელიც მის ცხოვრებაში პლასტიკურმა ოპერაციამ შეიტანა. პირობითობა მაყურებელს აზროვნებისკენ უბიძგებს, მაგრამ თეატრში იმისთვის არ დავდივართ, რომ სცენიდან წარმოთქმულის წარმოსახვა დავიწყოთ. ფორმა და შინაარსი ერთად უნდა მოგვეწოდებოდეს და არა ცალ-ცალკე, ან ერთმანეთის დამოუკიდებლად. სახესთან ხელის მიტანით გამოწვეული რეაქცია საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სარკეში ჩახედვით და საკუთარი გარეგნობით მოხიბლული ლეტეს გარდასახვა ვიწმუნოთ.
მსახიობებს კოსტიუმები (მხატვარი მურაზ მურვანიძე) თითქოს უკუღმა აცვიათ. შავ ქსოვილზე თეთრი ცარცით არის მონიშნული კონტურები, რიცხვები, იღლიებში კი წითელი მასალაა გამოკერებული, როგორც ერთგვარი შეხამება წითელ ფეხსაცმელებთან. გადმობრუნებული სამოსით თუ რეჟისორი მიგვანიშნებს იმას, რომ პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს წარმოჩენა და გარეგნული ცვლილებებიდან აქცენტის შინაგან განცდებზე გადატანა სურს, ამ შემთხვევაშიც ვერ იქნება ასეთი ფორმა ტექსტის ადეკვატური. ეს “განცდა" და “ცვლილება" არ ჩანს ან მხოლოდ ტექსტის დახმარებით იკითხება. მსახიობთა მოძრაობისა და სცენაზე გადაადგილების რიტმი განსაზღვრულია, მაგრამ მათი ქმედება უფრო მექანიკურია, ვიდრე აუცილებელი. გოეთეს ინსტიტუტის რეგიონული პროექტის ფარგლებში განხორციელებული წარმოდგენა კურტ ვეილის “Youkali Tango"-ს ცოცხალი შესრულებით მთავრდება.
ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთე რეჟისურაზე, რაც ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში ყველაზე აქტუალურ პრობლემად მიმაჩნია. “მახინჯში” მონაწილე მსახიობთა თამაში სხვა სპექტაკლებშიც მინახავს და ვიცი, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის საშემსრულებლო ამოცანების გადაჭრას თავს არ არიდებენ.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის “შავ-თეთრი დღეების" სიმძაფრე ოსკარას კორშუნოვასის “ჰამლეტში" გამოიკვეთა. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის ახლად გარემონტებულ დიდ დარბაზში გათამაშებულმა წარმოდგენამ მოლოდინი არ გაგვიმართლა. შარშანდელი “რომეო და ჯულიეტას" ნახვის შემდეგ, თბილისელი მაყურებელი ლიტველი რეჟისორისგან უფრო საინტერესო ნამუშევარს ელოდა. მისი ერთფეროვნება საქართველოში მილანის პიკოლო თეატრის ჩამოსვლამ დაგვავიწყა. ამის შესახებ “24 საათის" ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ.
 

http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-10-06/10069.html

© 2024 All Rights Reserved