თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „კოორდინატთა სისტემაში“ კიდევ ერთი საინტერესო არტ-წერტილი გაჩნდა - განახლებული აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი, სადაც მაყურებელმა უკვე იხილა პოლონური თეატრალური დასის მიერ წარმოდგენილი სოციალური პერფორმანსი სახელწოდებით „პერეგრინუსი“. ამჯერად კი აღმაშენებლის გამზირი ბრიტანულმა კომპანია „სთილ ჰაუზმა“  ორიოდე დღით დაიპყრო.

 „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“ - ასე ეწოდება ქუჩაში წარმოდგენილ, დაახლოებით ერთსაათიან პერფორმანსს, რომელშიც კამერული თუ მოკრძალებული როკი, ყოჩაღი სიმღერა და სტრიტ-დანსი ერთმანეთს კარგად ავსებს. მუსიკოსი, ავტორი და რეჟისორი დენ კანჰემი („სტილ ჰაუზის“ სამხატვრი ხელმძღვანელი) წარმატებით ითვისებს და ითავსებს არტის სხვადასხვა ჟანრებს. მათ შორის, თეატრს, ცეკვას თუ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებს. ის არის წარმოდგენის რეჟისორიც და ქორეოგრაფიც.

„მხედრებისა“ და „ცხენების“ ამბავს ლიუკ ჰარნი და სემ ჰოლმარაკი საკუთარი კომპოზიციებით იწყებენ, რაც ბრიტანული როკის  მოყვარულთ უდავოდ სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავთ. გასაგებია, რომ ეს  ქუჩის წარმოდგენაა და სახელდახელოდ, სცენაზე შესრულებულ სიმღერებს დიდი პრეტენზია ვერ ექნებათ. სამაგიეროდ, იგრძნობდით დრაივს, სიხალისესა და ენერგიას, რაც ცოცხლად შესრულებულ მუსიკას ახასიათებს.

მუსიკოსებს მალე მაყურებელთა შორის მჯდომი ახალგაზრდა გოგონებიც შეურთდნენ: ისინი მოულოდნელად და რიგ-რიგობით წამოხტნენ სკამებიდან და მუსიკის რითმზე ენერგიულად აცეკვდნენ. და ეს ერთდოულად წააგავდა ტერფების გავარჯიშებასაც, ცხენთა ჯირითსაც და სასიცოცხლო ენერგით სავსე მოცეკვავეთა სახალისო შეჯიბრსაც.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ-საცეკვავო წარმოდგენა „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“ კომპანია „სთილ ჰაუზმა“ სპეციალურად ურბანულ სივრცეებში ადგილობრივი მოსახლეობის გასართობად შექმნა. რაც უკვე გულისხმობს ცოცხალი ბენდისა და ქუჩის ცეკვების სინთეზს. ამდენად,  აღმაშენებელზე შეკრებილ მაყურებელს მუსიკით ტკობა, ცეკვის სილაღეც  და კოლექტიური თავისუფლების შეგრძნება ერთდროულად შეეგრძნო.   

© 2024 All Rights Reserved