თეატრალური ფესტივალი გრძელდება 
თოჯინური როსტამი და ზოჰრაბი
თამარ კიკნაველიძე
24 საათი 14.10.10


თოჯინური როსტამი და ზოჰრაბი
ირანის თოჯინური თეატრ "არანის" წარმოდგენას, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვნახეთ, მოვლილი აქვს ლონდონი, ტურინი, პრაღა, დუბაი და ირანის არაერთი ქალაქი. მასში თავმოყრილია ირანული ხელოვნების სხვადასხვა დარგის ისეთი ნიმუშები, რითაც ამ ქვეყნის წარმომადგენლები განსაკუთრებით ამაყობენ.
ფირდოუსის "შაჰნამე" ეროვნული ეპოსის საუკეთესო ნაწარმოებია. მასზე დაფუძნებულ ოპერაზე, სახელწოდებით "როსტამი და ზოჰრაბი", კომპოზიტორი ლორის ჩექნოვერიანი 25 წელი მუშაობდა. ნაწარმოების გამოყენებით რეჟისორმა ბეჰრუზ ყარიბფურმა თოჯინური სპექტაკლი შექმნა, რომლის პრემიერაც 2005 წელს თეირანში, ფირდოუსის ცენტრში გაიმართა. მასში წარმოჩენილია სპარსული პოეზია, ნაციონალურ-რელიგიური ოპერა ტააზიეჰი და ირანელთა თოჯინური წარმოდგენების ტრადიცია. განსაკუთრებული შთაბეჭდილება საოპერო მუსიკამ მოახდინა. საინტერესო იყო ბეჰრუზ ყარიბფურის, როგორც რეჟისორის, სცენოგრაფისა და თოჯინების მხატვრის, ასევე, ამირ მოჰამადისა (განათება) და მეთოჯინეების ძალისხმევით გაცოცხლებული წარმოდგენა. მისი რამდენიმე სცენა გვიქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ცოცხალი ადამიანების ტრაგედიას შორი მანძილიდან ვაკვირდებოდით. 100 მარიონეტს სულ 15 მეთოჯინე ათამაშებს, ხშირად იცვლება სცენოგრაფია, სივრცე, სადაც თოჯინები მოძრაობენ და რეჟისორი ცდილობს, უცხოენოვან მაყურებლამდე მიიტანოს ისტორია, რომელიც ირანელებს განსაკუთრებით უყვართ. მათ ეპოსში როსტამი ძლიერებისა და ღირსების სიმბოლოა. ირანის მეფე ქაიქაოსი მას აფასებდა, თეირანის მეფე აფრასიაბი კი როსტამის ჩამოშორებას ცდილობდა. ზოჰრაბი როსტამის შვილი იყო, მაგრამ ამის შესახებ 14 წლის ასაკში გაიგო. აქამდე არ იცოდა, რომ საკუთარი ცხენის საძებნელად წასულმა როსტამმა ღამე სამანგანის მეფის სასახლეში გაათენა, მისი ასული თაჰმინე შეუყვარდა და მათი სიყვარულის ნაყოფიც იმ დღეს ჩაისახა. როდესაც ზოჰრაბმა მამის ვინაობა შეიტყო, გადაწყვიტა, ქაიქაოსი ტახტიდან ჩამოეგდო და მშობლები გაემეფებინა, მაგრამ აფრასაიბის ძალისხმევით ისე მოხდა, რომ ბრძოლის ველზე როსტამმა საკუთარი შვილი ვერ იცნო და სიცოცხლეს გამოასალმა. მუსიკაში ჩადებული ნაწარმოების დრამატიზმი მოქმედებს მაყურებელზე, რომელიც თოჯინებით გაცოცხლებულ სცენებს ადევნებს თვალს. სიუჟეტი ძირითადად ორ პლანზე ვითარდება. განათების საშუალებით აღწერილ სცენებში გადმოცემულია როსტამის თავგადასავალი ბრძოლის ველამდე და შვილის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია.
წარმოდგენის ბოლოს ფარდა ბოლომდე აიხადა და მეთოჯინეები მუშაობის პროცესში დავინახეთ. ეს არანაკლებ საინტერესო იყო და გამახსენდა, რომ ბავშვობაში თოჯინების თეატრში სიარული არ მიყვარდა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მომენტი მაშინ დგებოდა, როდესაც სცენაზე მეთოჯინეები თოჯინებით ხელში გამოდიოდნენ. მინდოდა მენახა, თუ როგორ მუშაობდნენ და აცოცხლებდნენ ისინი პერსონაჟებს, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა. ირანში თოჯინების თეატრს ერთგული მაყურებელი ჰყავს. მისი შემოქმედებითი ჯგუფი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მათ აკადემიური განათლება მიიღეს იმისათვის, რომ დაოსტატებულიყვნენ. როგორც შევიტყვეთ, ბეჰრუზ ყარიბფურის სურვილია შეიქმნას სასწავლო სტუდია, სადაც მარიონეტების თეატრისთვის კადრებს 6 წლის განმავლობაში მოამზადებენ. რაც შეეხება რეჟისორის შემოქმედებით ბიოგრაფიას, ბეჰრუზ ყარიბფური 1950 წელს დაიბადა, დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტი და რომის დრამატული ხელოვნების აკადემია. მისი ძალისხმევით თოჯინების თეატრები თეირანსა და ისპაჰანში ამოქმედდა, ხოლო ცხოველების სასაკლაო ადგილი კულტურის ცენტრად იქცა. ყარიბფური წარმატებით მუშაობს კინოსა და ტელევიზიაში. "როსტამისა და ზოჰრაბის" გარდა, მისი საუკეთესო დადგმებია "მაკბეტი" და "განკიცხულნი". 2002 წელს რეჟისორს ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია მიენიჭა.


http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-10-14/10387.html
 

© 2022 All Rights Reserved