თბილისის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. პროგრამა „NEW“-ს ფარგლებში, პოლონეთის თეატრმა „ქორეამ“ (დაარსდა 2004 წელს) უძველესი ეპოსის „გილგამეშის“ ტექსტის მიხედვით მუსიკალური სანახაობა გამართა. პროგრამიდან ვიგებთ, რომ შესრულებული ნაწარმოები, ამ ეპოსის მიხედვით დაწერილი პირველი მუსიკალური თხზულებაა. 2014 წელს, ამავე ფესტივალის ძირითად პროგრამის ფარგლებში, ასევე პოლონურმა თეატრმა, სახელწოდებით „თხის სიმღერა“ წარმოადგინა არაჩვეულებრივი სპექტაკლი - „ლირის სიმღერები“ (შექსპირის „მეფე ლირის“ მიხედვით). ეს წარმოდგენაც სამეფო უბნის თეატრში გაიმართა, ვინაიდან  მისი ძველი და შეულესავი სცენის კედლები და ნიშები რიტუალური წარმოდგენის ატმოსფეროსთვის საუკეთესო ადგილია. ლირისა და პიესის პერსონაჟების ტრაგედია პიროვნულიდან იწყებოდა და უდიდეს განზოგადოებას მიღწეული, ისეთ ტკივილს, ღელვას და ემოციას ბადებდა მაყურებელში, რომ დასმა დარბაზი ერთ მუშტად შეკრა, ხელში ჩაიგდო და განწმინდა, აამაღლა. „თხის სიმღერა“ დაარსდა 1996 წელს გრჟეგორჟ ბრალისა და ანა ზუბრზიჩკის ხელმძღვანელობით. „ლირის სიმღერების“ რეჟისორიც ბრალი გახლდათ. ამ დაუვიწყარი სანახაობიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ფესტივალის ხელმძღვანელობამ ჩაიფიქრა დიდი ეფექტით დაეწყო პროგრამა, მაგრამ „გილგამეშმა“, რომლის კომპოზიტორია ტომაშ კრჟიჟანოვსკი და პროგრამაში რეჟისორი არ წერია, ესე იგი არ ჰყავთ, უარყოფითი ეფექტი გამოიწვია. რა საერთო ჰქონდა მომღერლების მიერ წარმოდგენილ კაკაფონიას „გილგამეშთან“? ძნელი სათქმელია. თუმც ფესტივალის პროგრამაში წერია: „... მაყურებელი ისმენს ლეგენდარული მეფის - გილგამეშის ამბავს, რომელიც ცდილობს ამოიცნოს უკვდავების საიდუმლო და სრულდება აქადურ ენაზე.“ უკვდავების საიდუმლოს ვერ ჩავწვდით, ვინაიდან გუნდი პოლიფონიის პრინციპებს ვერ იცავდა და მათი ხმები გაბნეული, ცალკეული ამონათქვამების სახით მოდიოდა დარბაზში, ასევე განყენებულად გაისმოდა სიმებიანი საკრავების ბგერები. დარბაზში გახიზნული მომღერალთა ხმები და მუსიკალური საკრავების ბგერები ერთმანეთს ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ამ ძიებაში ისინი მაყურებლის სმენით აპარატს ეჯახებოდნენ და თავის ტკივილის პირველ სიმპტომებს იწვევდნენ, რომელიც სპექტაკლის ბოლოს გაძლიერდა.

ეკრანზე დასის მიერ შერჩეულ „გილგამეშის“ ტექსტის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, ორ ენაზე - ქართული და ინგლისური სუბტიტრების სახით ვკითხულობდით, სადაც ნათლად შეამჩნევდით „გილგამეშიანის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის - ენქიდუს სახელის დამახინჯებულ ფორმას - „ენდიკუ“-ს. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს კორექტორის შეცდომა იყო, მაგრამ, როცა „ენდიკუ“ უამრავჯერ წავიკითხე, მივხვდი, რომ მთარგმნელს, ზურაბ კიკნაძის მიერ ამ ნაწარმოების ცნობილ და შესანიშნავ თარგმანთან არ შეუდარებია, სადაც ნათლად წერია „ენქიდუ“. ვთქვათ და „ახალ სამეტყველო ქართულში“ ამ პერსონაჟის სახელი მართლაც „ენდიკუდ“ გამოითქმის, მაგრამ ინგლისურ ტიტრებში, ხომ ნათლად წაიკითხავდით - „Enkidu“-ს, რომელიც ალბათ პოლნურმა დასმა გამოუგზავნა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს.

ფეხშიშველი, შავ სამოსში ჩაცმული მომღერლები ნახევარწრის ფორმის სახით იდგნენ მაყურებლის წინაშე. რამდენიმე ეპიზოდის შესრულების შემდეგ მსახიობებმა ერთჯერად, გაამჭვირვალე პლასმასის ჭიქებში ჩასხმული წყალის პატრა ყლუპი მოსვეს, გამიხარდა, ვიფიქრე: დაიწყო სპექტაკლი, მაგრამ ეს წამიერი ოცნება არ ამისრულდა, დროთა განმავლობაში წყლის სმა გახშირდა, ვინაიდან არასწორად ამოსული ბგერის გამო მსახიობებს ყელის სიმშრალე უმძაფრდებოდათ. სიმართლე გითხრათ, შემეცოდნენ პოლონელი მსახიობები, მათ აღარ იცოდნენ რა ექნათ: სადავე აშვებული მაყურებლების უცნაური დუმილის მიზეზი აეხსნათ, წყალი ესვათ, თუ სიმღერა გაეგრძელებინათ. როგორც იქნა სპექტაკლი, თუ კაპელას საშემსრულებლო ე. წ. ხელოვნება დასასრულს მიუხლოვდა. გახარებულმა ახალგაზრდობამ, შვებით ამოისუნთქა, ხოლო დინჯმა მაყურებელმა თავის ტკივილის ალაგმვის მიზნით, ალბათ აფთიაქებს მიაშურა.

წარმოდგენიდან გამოსული ვფიქრობდი „ლირის სიმღერებზე“, რომელსაც პოლიფონიური მუსიკის შედევრები ედო საფუძვლად, ვფიქრობდი მსახიობების მიერ შესრულებულ როლებზე, სიმღერებზე და იმაზეც, რომ გასულ წელს პოლონელი მსახიობები სპექტაკლის მსვლელობის დროს წყალს არ სვამდნენ. ოფელიას როლის შემსრულებლის „დატირების“ ფინალური სცენის შემდეგ (მსახიობი იმავდროულად სამყაროში არსებული ყველანაირ ბოროტომოქმედებას, დანაშაულს და უგუნურებსაც დასტიროდა), ფოიეში ვიხილეთ  მხიარული და მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. „ლირის სიმღერების“ შემდეგ მაყურებელი დიდხანს ელოდებოდა პოლონელ მსახიობებს და სამეფო უბნის ფოიეში მქუხარე ტაშით შეხვდა მათ. „გილგამეშის“ დამთავრების შემდეგ მაყურებელი უცნაური, ცივი სიჩუმითა და დუმილით წავიდა თეატრიდან. ასეთი იყო სამეფო უბნის თეატრში,  თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პირველი საღამო. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი დღეებში უფრო საინტერესო სპექტაკლებს ვნახავთ.

 

მანანა ტურიაშვილი  

© 2024 All Rights Reserved