თავისუფალი ჰამლეტი 
II ნაწილი

თამარ კიკნაველიძე
24 საათი 12.10.10


წერილის პირველი ნაწილი ეიმუნტას ნეკროშიუსის ჰამლეტის სცენაზე გამოჩენით დავასრულე. იქვე მოვიყვანე რეჟისორის მიერ გაცემული პასუხები სამ შეკითხვაზე, რომელიც მას რამუნე მარჩინკევიჩიუტმა დაუსვა. ამონარიდში ჩანს, რატომ შეარჩია ნეკროშიუსმა ჰამლეტი ბრბოდან. მას შტამპებისგან თავისუფალი ჰამლეტი სჭირდებოდა.
ანსამბლურობა ნეკროშიუსის წარმოდგენებში ყოველთვის იგრძნობა. ამასთან, ნათელია ისიც, რომ ყველაფერი რეჟისორის კონცეფციას ექვემდებარება და ხაზი, რომელიც დასაწყისში იკვეთება, სამივე მოქმედების განმავლობაში არ იკარგება და საინტერესოდ ვითარდება. კორშუნოვასის "ჰამლეტისგან" განსხვავებით, ნეკროშიუსი ტრაგედიას გვთავაზობს. მასთან სიყვარული მსხვერპლად ეწირება შურისძიებას, რომელსაც ჰამლეტი იძულებით სჩადის. ამის მანიშნებელია სცენა, სადაც მთავარი გმირი ლაერტთან შელაპარაკების დროს მის ფეხს ყელზე საკუთარი ხელით იბჯენს. მას სურს, დამთავრდეს ყველაფერი და თავიდან აიცილოს შურისძიება, მაგრამ ლაერტიც ვერ იმეტებს და მათი შებრძოლება გარდაუვალი ხდება. თუმცა, შურისძიების გრძნობაზე მეტად სპექტაკლში წინა პლანზე სიყვარული დგას. უპირველესად, სიყვარული გმირებისადმი, რომელსაც რეჟისორი ძერწავს, და ამის შემდეგ უკვე ჰამლეტის სიყვარული სხვებისადმი... ოფელიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ავიღოთ შვილის დამოკიდებულება დედისადმი, ჰერტრუდასადმი. ამ პერსონაჟის სახე სპექტაკლში ნაკლებად გამოკვეთილია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი გამოძერწვა რეჟისორმა მსახიობ დალია სტორიკ-ზიკუვიანეს დახმარებით ვერ შეძლო. მას სჭირდებოდა მორჩილი, საკუთარ ბედს შეგუებული გმირი, რომელიც შეკითხვას, - მირჩიე, რა ვქნა? - ჰამლეტს ისე დაუსვამდა, თითქოსდა დახმარებას სთხოვდა... რომ არა პიესა, რომლის მთავარი ხაზიდანაც რეჟისორი არ უხვევს, ჰერტრუდას იქნებ დაეჯერებინა კიდეც შვილისთვის და კლავდიუსს საწოლში აღარ ჩაწოლოდა, მაგრამ სცენაზე ტრაგედია თამაშდება და შურისძიებაც გარდაუვალია. ამის მიუხედავად, რეჟისორი ცდილობს, ყველანაირ ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ მოქმედებაში შურისძიება, მკვლელობა, სისხლი და ზიზღი მხოლოდ იგულისხმებოდეს და ზედაპირზე არ ჩანდეს, არ დაჩრდილოს სიყვარული, რომელიც მთავარ გმირს ბოლო სცენამდე ამოძრავებს. ამის საუკეთესო მაგალითია სცენა, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ასე ოსტატურად სხვა ვინ მოკლავდა პოლონიუსს თუ არა ნეკროსიუსი? ეს სცენა კორშუნოვასთანაც ეფექტური იყო - ჰამლეტის მიერ სახედასისხლიანებული კლავდიუსის ნაცვლად პოლონიუსი აღმოჩნდება მკვდარი, მაგრამ ნეკროშიუსთან ეს სცენა შოკისმომგვრელია... სცენა ცარიელია, როდესაც ჩემოდანში დამალული პოლონიუსი (პოვილას ბუდრისი) იმისათვის, რომ უჰაერობისგან არ გაიგუდოს, სასუნთქად ჩემოდნის მარჯვენა მხარეს გარჭობილ და ბოლოში მოღუნულ ლითონის მილს იყენებს. სცენაზე დედასთან ერთად გამოსული ჰამლეტი ჰერტრუდასთან ლაპარაკისას გამჭვირვალე ბაკალს წყლით ავსებს, დგამს სკამზე, რომელიც ჩემოდნის გვერდით დევს და მილის ბოლოს წყალში ყოფს. პოლონიუსი ვეღარ სუნთქავს და კვდება, თითქოსდა შემთხვევით... მას შემდეგ, რაც მისი გვამი გახსნილი ჩემოდნიდან ვარდება, ჰერტრუდას სცენაზე მიწის სათხრელი ნიჩბები გამოაქვს, მაგრამ პოლონიუსი სცენიდან ორივეს მხრებზე მოკიდებული გაჰყავს. მანამდე კი ჰამლეტი პოლონიუსს პატიებას სთხოვს და ისე ეფერება, რომ ისევ და ისევ თანაუგრძნობ იმას, ვინც აიძულეს შური ეძია...
ზემოთ წყლით სავსე ბოკალი ვახსენე. სპექტაკლის დროს სცენაზე წყალი ბლომად "იღვრება" - წყლით ავსებენ სხვადასხვა ზომის ბოკალს, რომელსაც ხან სვამენ, ხან კიდევ - არა... წყლის სტიქია ყინულის სახითაც ხშირად ჩნდება და მისი დახმარებით სპექტაკლში პირველი "რიტუალი" სრულდება. ეს სცენა ჰამლეტისა და აჩრდილის შეხვედრას უკავშირდება: ჰორაციოს (რამუნას რუდოკასი) მიერ თვალებახვეულ ჰამლეტს სიბნელიდან გამოსული აჩრდილი, რომელიც თეთრ ქურქს იძრობს და შავ სამოსში გამოწყობილი რჩება, ჰამლეტს ფეხებსა და ხელებს ყინულის ნამტვრევებით ბანს. თვალებდახუჭული ჰამლეტი აჩრდილის შეხედვას გაურბის, მაგრამ ბოლოს თვალებს ახელს და მას სიცივისგან აცახცახებული უმზერს, თითქოსდა საიქიო სიცივეს შეიგრძნობს... ამის შემდეგ სცენას უკვე აღარ შორდება წყალი და ყინული, რომლის ნატეხებსაც ხან ჭერში, კბილანებიანი ფირფიტის ირგვლივ კიდებენ, ხანაც დიდ ბაკლებში ყრიან, ან იატაკზე ანარცხებენ. აჩრდილთან ერთად გამოჩენილი სტიქიის საწინააღმდეგოდ, საპირისპიროდ, სცენაზე ცეცხლს უკიდებენ ან ყინულის გამალღობელი ცხელი წყალი შემოაქვთ. ამ ორ სტიქიას შორის გამოკიდებული ოფელია რეჟისორს ჰამლეტზე არანაკლებ ებრალება. მისდამი სიყვარულს ჰამლეტი მსხვერპლად შურისძიებას სწირავს, ოფელია კი მასთან მისაახლოებლად ყინულის ნატეხებს უბეში იყრის, სურს როგორმე შეინარჩუნოს ის, ვინც ყველაზე მეტად უგებს და ვისიც ყველაზე მეტად ესმის. ამის დამადასტურებელია მათი შეხვედრა, როდესაც ერთმანეთს ისე ეთამაშებიან, რომ თამაშის "ხერხები" მხოლოდ მათთვის არის გასაგები. უბეში ყინული უდევს, პოლონიუსი კი ფეხებს ადუღებულ წყალში აყოფინებს, მის სხეულს "აიძულებს" ორთქლი "შეისუნთქოს" და უმწიკვლო დარჩეს. თმააქოჩრილი ჰამლეტის გვერდით სცენაზე თხელ, მწვანე კაბაში გამოწყობილი, ჰაეროვანი ოფელია (ვიქტორია კუოდიტე) საინტერესო პერსონაჟს ქმნის. მათი ერთმანეთისადმი განსაკუთრებული სიახლოვის გამოსაცნობად სიტყვები ან მონოლოგები არ არის საჭირო. გამომსახველია სცენა, როდესაც ჰამლეტი იძულებულია, ოფელია "თავიდან მოიშოროს" - ვერც იმეტებს და ვერც შურისძიებაზე ამბობს უარს, ოფელიას თავს არ აფერებინებს, მაგრამ ხელსაც ვერ უშვებს, ვერ ელევა... ამის მიუხედავად, ქალი იმდენად დამშვიდებული ამბობს, - ოჰ, რა დიდებულ ჭკვა-გონებას ეწვია ბნელიო, - რომ ხვდები, ბოლომდე ესმის ჰამლეტის.
კვადიუსისთვის, ჰერტრუდასთვის ან, თუნდაც, ჰამლეტისთვის დედაფლის, მეფის, პრინცის დაძახება მიჭირს, რამდენადაც მოქმედების ადგილი და დრო გამოკვეთილად მინიშნებული არ არის. ნეკროშიუსის ამოცანას - დაიცვან პირობითობა და თავიდან აიცილონ ყველაფერი თვალისმომჭრელი, იქნება ეს სიჭრელე თუ ფუფუნებაზე მიმანიშნებელი ნივთი, საგანი, სამკაული ან სამოსი - შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები (ნადეჟდა გულტიაევასი - დეკორაციისა და კოსტიუმების ავტორი, აუდრიუს იანკაუსკასი - მხატვარ-გამნათებელი) პირნათლად ასრულებენ. ამ ყველაფრისგან შექმნილ განწყობას ზუსტად შეესაბამება მუსიკალური გაფორმება, რომელიც ფაუსტას ლატენასს ეკუთვნის. მის მიერ შემოთავაზებული თემებიდან ერთ-ერთი ვერდის "ბედის ძალიდან" არის აღებული. ამ თემას ხან ცოცხლად ასრულებენ ფორტეპიანოზე, ხანაც ჩანაწერის დახმარებით. "ძაღლების ვალსი" ძირითადად მაშინ ისმის, როდესაც სცენაზე პიესის პერსონაჟი მსახიობები ჩნდებიან. "გონზაგოს მკვლელობის" გასათამაშებლად ჰამლეტი გარდასახვაში მსახიობებს თვითონ ეხმარება და სცენაზე კიდევ ერთი რიტუალი სრულდება: სამივე მსახიობს სახეში თეთრ ქაღალდზე საკუთარი ხელით დაყრილ მიწას, გნებავთ - მიწადქცეულ მტვერს, უბერავს. სპექტაკლში ოთხივე სტიქიაა გამოყენებული, მათ შორის რამდენიმეს რეჟისორი მომაკვდინებელ ძალას ანიჭებს, დარჩენილს კი გარდასახვისთვის იყენებს.
საპყრობილეს მოდელს სცენაზე ფიცრებით შეჭედილი კაბინა წარმოადგენს. მასში ჰამლეტი რამდენიმე წუთით კლავდიუსსაც (ვიტაუტას რუმშასი) ახვედრებს, რათა ამ უკანასკნელმა სულის შემხუთველი მდგომარეობა საკუთარ თავზე გამოსცადოს. ჰერტრუდასავით უღიმღამო იქნებოდა მისი სახე, რომ არა მონოლოგი, რომელსაც მარტოდ დარჩენილი კლავდიუსი ამბობს. მას შიში იპყრობს. ის ხომ ჩვეულებრივი მოკვდავია, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ჰამლეტის შურისძიება განაპირობა. ვიტაუტას რუმშასის ემოციური მონოლოგი, პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა მანიშნებელია იმისა, რომ "საუკუნო სიჩუმე" მოახლოებულია.
ყოფნა-არყოფნის მონოლოგს სცენაზე სიჩუმესა და სიბნელეში დარჩენილი ჰამლეტი "დარღვეული დროის კავშირის" სიმბოლოდ მიჩნეული ლითონისკბილანებიანი ფირფიტის ქვეშ მდგარი კითხულობს. მიუხედავად იმისა, რომ პიესიდან ნეკროშიუსის დადგმაში ამოღებულია გილდესტერნისა და როზენკრაცის სტუმრობის სცენა, რეჟისორი არც ერთ ცნობილ მონოლოგს არ ტოვებს და არც მათ გაცოცხლებას უშინდება. მისი მსახიობებისთვის დაუძლეველი არაფერია. მათი ფიზიკური მომზადების, მეტყველებისა თუ ვოკალური მონაცემების ხარისხი მაღალია. საშემსრულებლო ანსამბლში მსუბუქად არის გამოკვეთილი ჰორაციოს სახე. ამ პერსონაჟს რამუნას რუდოკასი განასახიერებს. ის მართლაც "მარჯვენა ხელია" ჰამლეტისა. ამასთან, ერთგვარი დამკვირვებელია იმისა, რაც ხდება და ფიცარნაგს სხვადასხვა სცენების გასათამაშებლად ამზადებს. თუმცა, ნეკროშიუსთან კიდევ უფრო გამოკვეთილია აჩრდილის, როგორც შურისძიების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობა. შურისძიებას ეწირება უმრავლესობა. მათ შორის ოფელია, რომელიც გიჟდება და თვალებახვეული, კულისებიდან დაკრული ტაშის ხმაზე "მოფარფატე" კვდება. "შუბებით პაექრობისას" იღუპება ჰამლეტი, რომლის დატირების სცენაც სპექტაკლში უკანასკნელია და, ამასთან, ძალიან შთამბეჭდავი. გარდაცვლილ ჰამლეტს უჭირავს დოლი (გამოსაფხიზლებელი, განგაშის ამტეხი, დამრაზმველი "იარაღი"), რომელსაც აჩრდილი ხელიდან ვერ აცლის, მასზე ურტყამს და ხმამაღლა ქვითინებს. ასე მეორდება სამჯერ, უკანასკნელად კი სცენის შუაგულში, სადაც ჰამლეტს აჩრდილი საბოლოოდ ეთხოვება და მის ხმამაღალ ქვითინს გონგის მაგიური ხმაც უერთდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეიმუნტას ნეკროშიუსი აცხადებს, "ჰამლეტი" უფრო თეორიული პიესაა, სცენაზე იოლად ვერ დაიმორჩილებო, რეჟისორმა ჰამლეტის ტკივილი გვაგრძნობინა და დაუვიწყარი დღე გვაჩუქა.
 

http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-10-12/10306.html

© 2024 All Rights Reserved