თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა ეტაპობრივად მრავალფეროვანი ხდება: სიმღერისა და ცეკვის თეატრების წარმოდგენებს, გუშინ მოძრაობის თეატრში ნორვეგიული დასი „კარი ჰოას პროდაქშენი“  რეჟისორ კარი ჰოასის წარმოდგენით „სასოწარკვეთილების ზღვარზე“ ჩაენაცვლა. ნორვეგიული დასი იშვიათად გვსტუმრობს ფესტივალზე და ამიტომაც ინტერესი ფესტივალის მრავალრიცხოვან მაყურებელში ნორვეგიული თეატრის მიმართ საკმაოდ დიდი იყო, რასაც მაყურებლით გადაჭედილი დარბაზიც მოწმობდა.

ჰარი ჰოასმა არავერბალური თეატრის პრინციპებითა და ჟანრული მრავალფეროვნების სინთეზით გაჯერებული სპექტაკლი გვიჩვენა, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ მოძრაობისა და ფიზიკური თეატრის ხერხებს, არამედ აკრობატიკსა და სპორტული ტანვარჯიშის თავისუფალ ინტერპრეტაციებს. ხუთი მსახიობი ერთდროულად და ცალ-ცალკე გვიჩვენებ და მოგვითხრობს მამაკაცური სიძლიერის, სიმამაცისა და გულადობის შესახებ. სპექტაკლში ნაჩვენებია ძალადობა და სისუსტე, ძალაუფლება და უძლურება, ზოგადად კი - მაამაკაცური ბუნება. „კარი ჰოას პროდაქშენის“ არტისტები ტიპიური და სტანდარტული მოცეკვავეები არ არიან. ისინი განსხვავებული ფიზიკური აღნაგობის მსახიობები არიან, რომლებიც სხეულის ენით გადმოსცემენ არა მხოლოდ ამბებს, არამედ განწყობებს, ადამიანის სულიერსა და  ყოფით ცხოვრებაში მიმდინარე პროცესს. სპექტაკლი თავისი ატმოსფეროთი ზმანებას ჰგავს, რომელშიც აქცენტი ადამიანის გარეგნულ სილამაზესა და დახვეწილობაზე კი არ არის მხოლოდ, არამედ, მათ შინაგან სისუფთავესა და ფიზიკურ სიძლიერეზე.

რეჟისორი სცენოგრაფიასთან ერთად (სცენის დიზაინი -კარლ  ნილსენ-ლავი) აქტიურად იყენებს არა მხოლოდ მუსიკას, არამედ მუსიკალურ ხმოვან რიგს, ხმაურებს (ხმის რეჟისორი - მორტენ პეტერსენი), რომელიც განსაკუთრებულის მოლოდინის შთაბეჭდილებას ქმნის და ამ ატმოსფეროში ამოქმედებს არტისტებს, რომლებიც ერთმანეთისგან ხასიათებითა და ტიპაჟებით განსხვავდებიან, მაგრამ მათ საერთო მამაკაცური თვისებები აქვთ.

წარმოდგენის ავტორი ბოლომდე როდი იცავს არავერბალური თეატრის პრინციპებს. სპექტაკლში ვხვდებით მცირე ფორმის მონოლოგებს, რომელსაც მოცეკვავეები წარმოთქვამენ, ისინი არა მხოლოდ ირიბი, არამედ პირდაპირი ინტერაქტივის მეთოდს იყენებენ მაყურებელთან საკომუნიკაციოდ და ხან პატიებას, ხანაც შველას თხოვენ მათ.

წარმოდგენის „სასოწარკვეთილების ზღვარზე“ მაყურებელი თავის პარალელურ ისტორიასა და ამბავს თხზავს. მსახიობთა თავისუფალი მოძრაობები, ქორეოგრაფიული ტრიუკები, შესრულების ტექნიკური თვალსაზრისით, საკმაოდ ძნელი ნახაზები იძლევა ინიციაციის. ამ სპექტაკლში ვხვდებით ქორეოგრაფიულ მონოლოგებსაც, როდესაც სოლო გამოსვლით მსახიობი პერსონაჟის ხასიათისა და მდგომარეობის გასახნენლად გასაღებს მონოლოგით გვთავაზობს. განსაკუთრებით ეფექტური და კარგად მოფიქრებული ეპიზოდი იყო „ეტიუდი წიგნთან“, რომელიც ერიკ რულინმა შინაარსიანად, უხვი გამომსახველობითი ხერხების ოსტატურად გამოყენებით შეასრულა.

წარმოდგენა ქორეოგრაფიული მონოლოგებისა და ეტიუდებისაგან შედგება, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებს და ეპიზოდებს აცოცხლებს. წარმოდგენას არ გააჩნია ერთიანი, დინამიკური და თანმიმდევრული სიუჟეტი, რის გამოც წარმოდგენა 60 წუთის შემდეგ ერთფეროვანი ხდება.

კარი ჰოასის სპექტაკლი იუმორით, ირონიითა და ოდნავშეპარული გროტესკით გაჯერებულ სპორტულ ტანვარჯიშს ჰგავს მამაკაცის ბუნების თემაზე, რომელიც არ გამორიცხავს სპექტაკლში დასმული პრობლემის თავისუფალ და ინდივიდუალურ გააზრებას მსახიობთა მიერ. ისინი მკვეთრად გადმოსცემენ მამაკაცის ტრანსფორმაცაის, განწყობასა და ხასიათს მოცემულ სიტუაციასა და გარემოში, ამავდროულად გვიჩვენებენ, როგორ იქცევიან ისინი საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები და მეგობრების, ახლობლებისა და ზოგადად საზოგადოების გარემოცვაში. სპექტაკლის გმირები მოძრაობით, რომელიც სპორტულ ტანვარჯიშს ჰგავს აკრობატული ილეთების წარბი გამოყენებით, გვიჩვენებენ ერთგულების, ღალატის, თავგანწირვისა და ერთიანობის მხატვრულად გათამაშებულ რეალურ და ყოფით სურათებს ცხოვრებიდან.

ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved