10 წელზე მეტია - აქრამ ჰანი და მისი კომპანია - სახელგანთქმულია მსოფლიო სახელოვნებო წრეებში. ბენგალური წარმოშობის - მოცეკვავე, ქორეოგრაფი, რეჟისორი - ლონდონში დაიბადა და ბავშვობიდანვე ეუფლებოდა ცეკვის ხელოვნებას. თავიდან, იგი ინდური კლასიკური ცეკვის -კატხაკი-ს საიდუმლობებს ინდოელ გურუსთან, ხოლო შემდეგ, თანამედროვე ცეკვას - ბიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ 13 წლის ასაკში, პიტერ ბრუკმა შეარჩია „მაჰაბჰარატაში“ მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით კი, ბრიუსელში, ანა ტერეზა დე კეერსმაკერთან - X-Group-ში - მუშაობდა. 2005 წლიდან, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ლონდონის სახელგანთქმული ცეკვის თეატრის - Sadler’s Wells Theatre - დასის წევრია.
აქრამ ჰანის კომპანია, Queen Elizabeth Hall-ის ფოიეში, შემოქმედისა და ხელოვნების მენეჯმენტის ახალკურსდამთავრებულ ფარუქ ჩაუდხრთან, შემთხვევითი შეხვედრის და მათ შორის გამართული საუბრის შედეგად დაარსდა. მათი მიზანი იყო - რისკის, ფიქრის, ძიების, უკომპრომისობის, ძველის და ახლის სინთეზის შედეგად შექმნათ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, თანამდროვე ცეკვის ხელოვნება. მიზანს მიაღწიეს კიდეც. დღეს კომპანია რამდენიემე მიმართულებით მუშაობს: დგამს წარმოდგენებს, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ცნობილ შემოქმედებთან ერთად (მაგალითად, ჟულიტ ბინოშთან “In-I”), აქვს სასწავლო სტუდია. იგი მსოფლიოში, ერთ-ერთ წამყვან, ინოვაციური ცეკვის შემქმნელ კომპანიად ითვლება. აქრამ ჰანს მიღებულია აქვს რამდენიმე პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ლოურენს ოლივიეს პრემია. შემოქმედი და მისი კომპანია მთელ მსოფლიოში მართავს წარმოდგენებს და მრავალი ფესტივალის სასურველი მონაწილეა.
„კააში“ (ქართულ თარგმანში „ნეტავ“) - აქრამ ჰანის და მისი კომპანიის მიერ შექმნილი პირველი დიდი წარმოდგენაა (2002), რომელიც ქორეოგრაფმა სახელგანთქმულ მხატვართან - ანიშ კაპურთან და მუსიკოსთან - ნითინ სავჰნისთან ერთად შექმნა. ქორეოგრაფიასთან შერწყმულ საოცარ სცენოგრაფიას, მუსიკას, ხმაურებს, ხმას, აიდენ მალონის მიერ დაყენებულ განათებას - მისტიკურ სამყაროში გადაყავხარ, უფრო მეტიც, რაღაც მომენტში გრძნობ, რომ კულტური დანიშნულების მსგავსი სანახაობა ტრანსში გაგდებს. ერთი შეხედვით მარტივი სცენოგრაფიაა. შავად შემოსილი სცენის ბოლოში მალევიჩის მსგავსი შავი კვადრატია გამოსახული, მაგრამ განათებით შექმნილი ფერთა გრადაციით (ძირითადად წითლის, ყვითლის, ნაცრისფერის, შავის ტონალობები) იქმნება კოსმიურ უსასრულობაში გასვლის ეფექტი. რაღაც მომენტებში გეუფლება განცდა, რომ პერსონჟებთან ერთად, ამ უსარულობაში შენც გაუჩინარდები... ინდური დასარტყამი ინსტრუმენტის - ტაბლას რიტმის ქვეშ, სხეულის ენით - ამოუცნობი, იდუმალი, კოსმიური სამყაროს შესახებ გესაუბრებიან წარმოდგენის შემქმნელები. აქრამ ჰანისთვის დამახასიათებელი - ინდური კლასიკური ცეკვის (კატხაკი), აღმოსავლური ორთაბრძოლების, თანამედროვე ცეკვის ელემენტების სინთეზია - „კააშის“ ქორეოგრაფიული ნახაზის ამოსავალი წერტილი. მოცეკვავეთა სხეულის ენით გადმოცემული სანახაობისთვის ნითინ სავჰნისთმა გასაოცარი მუსიკალური გაფორმება შექმნა (შემსრულებლები - კვარტეტი „კრონოსი“), სადაც სამარისებრ სიჩუმეს უდიდესი დატვირთვა აქვს მინიჭებული. პირადად ჩემთვის, ყველაზე ეფექტური, იდუმალი, ტრანსში ჩამგდები, სწორედ ამ სიჩუმეში გათამაშებული, მოცეკვავეთა მიერ ვირტუოზულად შესრულებული ეპიზოდები იყო.
2002 წ. დადგმული 55 წუთიანი სანახაობა, აქრამ ჰანმა 2014 წ. განაახლა. შეცვალა არა მარტო შემსრულებლები, არამედ კოსტიუმებიც. ტრადიციული ინდური სამოსის ნაცვლად მოცეკვავეებს, დერვიშებისათვის დამახასიათებელი ქვედაბოლოები აცვიათ. სპექტაკლი - სხეულის, მუსიკის, მხატვრობის, განათების, ხმის ენით ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობაზე, მიწიერ და კოსმიურ, რეალურ და ირეალურ სამყაროზე მოგვითხრობს.
მაკა ვასაძე