მსახურთა შემოდგომა

  • რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
  • თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • თარიღი:
    • 30 სექტემბერი - 20:00 სთ,

რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
სცენოგრაფია: იულია ბ. ნოვიკოვა
კოსტიუმების მხატვარი: გუნა მაიერი, ნინო ნუცა ჭყონია, ავთანდილ მოდებაძე
რეჟისორის თანაშემწე: მაია სახლთხუციშვილი, ნათია შალიკაშვილი

მონაწილეობენ:
რინა - ნინო ბურდული
კაელა - ნატა მურვანიძე
ლუსი - ნატუკა კახიძე

სპექტაკლის შესახებ:
პირქუში, მიტოვებული სასახლე. გარეთ სამოქალაქო ომი მძვინვარებს. გენერალი - ქვეყნის პირველი პირი და ამ სახლის ბატონი - გაქცეულია. ყველამ თავს უშველა, სამი მსახურის გარდა: მზარეული რინა, მოახლე კაელა და ხელის გოგო ლუსი მარტო დარჩნენ. მიუხედავად რინას და კაელსა მცდელობისა, ომი მაინც იჭრება დახშულ ფანჯრებსა და ჩარაზულ კარებში, შეაღწევს სამყაროსგან მოწყვეტილი ქალების გონებაში. კაელასა და რინას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ლუსი სათამაშოდ გადაიქცევა; მეტოქეები არ ერიდებიან არავითარ შეურაცხყოფასა და დამცირებას ერთმანეთის გასატეხად. უსაფრთხო და დაცული ადგილი, სახლი, თანდათან ემსგავსება ბრძოლის ველს, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.

კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

პრემიერის თარიღი: 25.06.2021
ხანგრძლივობა: 90 წუთი

სამეფო უბნის თეატრი დაარსდა 1997 წელს გამოჩენილი ქართველი მსახიობის იზა გიგოშვილის ინიციატივით. დღიდან დაარსებისა თეატრი ხელს უწყობს ინოვაციურ და თავისუფალ თეატრალურ ექსპერიმენტებს, თანამედროვე, ან საქართველოში ჯერ არ განხორციელებული დრამის პოპულარიზაციას, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის საზღვრების გაფართოებაში. 2008 წლიდან სამეფო უბნის თეატრში აქტიურად მუშაობს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელმაც თეატრს საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოუტანა პოპულარობა თავისი ფორმის მხრივ ინოვაციური და თემატურად აქტუალური სპექტაკლებით. თეატრის საგასტროლო რუკა მოიცავს შვედეთის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის არაერთ ფესტივალს.

2008-2011 წლებში სამეფო უბნის თეატრმა დააფუძნა 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი,“ რომლის მიზანი ახალი სახელების აღმოჩენა და მათი წახალისება იყო. სწორედ „არდიფესტის“ ფარგლებში აღმოჩენილი რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, კომპოზიტორები და სცენოგრაფები წარმოადგენენ დღეს ქართული თეატრის ახალგაზრდულ სახეს.

თეატრი ასევე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, მის ბაზაზე არსებობს „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი – თემურ ჩხეიძის სახელოსნო”, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებსა და დრამატურგებს სთავაზობს პრაქტიკულ-თეორიულ კურსს სათეატრო ხელოვნებაში.

რეპერტუარისთვის შერჩევისას თეატრი ყოველთვის ითვალისწინებს სოციალურ ღირებულებებს, თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რადგან გვჯერა, რომ თეატრი არის რეფლექსიისა და რეაგირების, დიალოგისა და ანალიზის სივრცე.

 

საკონტაქტო პირი და თანამდებობა - დავით გაბუნია 

სამეფო უბნის თაეტრის დრამატურგი 

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, იმეილი, საიტი)

www.rdt.ge 

info@rdt.ge

 +995 299617

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved